„გავარკვიეთ, სწრაფ და უდანაკარგო შედეგს რაც მოგვცემდა...“ გაიცანით სოფელში გადასახლებული ლოტბარის ოჯახი და კენკროვანი მეურნეობა
აი, ასე, ადგნენ და სოფელში წავიდნენ. ცხოვრება იქ გადაწყვიტეს, რადგან ამ ახალგაზრდა ოჯახმა სამომავლო პერსპექტივა სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმაში დაინახა. არადა, კაკი ლობჟანიძე საეკლესიო გალობას და ქართულ ხალხურ სიმღერას შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში სწავლობდა. პროფესიით ლოტბარ-შემსრულებელია. ორ სახელმწიფო ანსამბლში - "ერისიონსა" და "რუსთავში" ცეკვავდა.
როგორც ამბობს, მარნეულში ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერასაც ასწავლიდა, მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ მშობლიურ კუთხეს უნდა დაბრუნებოდა და დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც დაოჯახდა.
ჩვენი რესპონდენტი ლაგოდეხშია დაბადებული, მისი მეუღლე მარიამ უზნაძე - არა. კაკი მეუღლის მადლიერია, რომ გადაწყვეტილებაში სოფლად ეცხოვრათ, მხარი აუბა. მოკლედ თბილისი დატოვეს და ლაგოდეხში, ვაშლოვანის ნაკრძალთან, ოჯახის კუთვნილ მიწის ფართობზე დასახლდნენ, სადაც მეურნეობაც წამოიწყეს. მეურნეობის მთავარი მიმართულება კენკროვანი კულტურებია.
- ახალგაზრდა ოჯახის თბილისიდან სოფელში გადასვლა არ არის ადვილი...
- 13 წლის მანძილზე თბილისში ვცხოვრობდი - ჯერ ვსწავლობდი, მერე სახელმწიფო ანსამბლებში ვცეკვავდი. ოჯახი რომ შევქმენი, რაღაცებს ცოტა სხვანაირად შევხედე. ცეკვით ოჯახს ვერ შეინახავ, თან წლებიც გემატება, ამან დამაფიქრა, მერე შვილის დაბადების მოლოდინმაც იმოქმედა და ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. სასურველია, ბავშვი ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს. წინ გავიხედე და ცხოვრების სტილი შევიცვალე და ჩვენს კუთხეში დავბრუნდი.
- მეურნეობის წამოწყებაც არ არის ადვილი...
- კი... გვქონდა მიწის ფართობი, სადაც სხვადასხვა კულტურა მოჰყავდათ - სიმინდი, ხორბალი, ქერი. მიწას მეზობლები იყენებდნენ, ოჯახს მიწა იქ 15 წელი არ დაუმუშავებია. მთლიანობაში 2 ჰექტარია და 5.000 კვადრატი და ეს ყველაფერი პირდაპირ კავკასიონის ძირშია...
- ამ ფართობზე რა მოაშენეთ?
- მრავალწლოვანი კულტურა გვინდოდა, თუმცა არ ვიცოდით, რაზე შევჩერდებოდით, უფრო მევენახეობისკენ ვიხრებოდით. მაგრამ მევენახეობა გვაფიქრებდა, რომ სარისკოა, 3-4 წელი უნდა ელოდო და თან, არც ისე დიდ ფართობზე მისი გაშენება არ ღირდა, შესაძლოა, მოსავალი სეტყვამაც გაგინადგუროს. როგორც გავარკვიეთ, სწრაფ და უდანაკარგო შედეგს რაც მოგვცემდა, ეს კენკროვანი კულტურები იყო. სამ წელიწადში სრულ მოსავალს იძლევა. უფრო დიდი რაოდენობით ჟოლო გვაქვს, თუმცა მარწყვიც და მაყვალიც. ამასთან, გავაკეთეთ კაკლის, თხილის, ქლიავის ბაღი. გააგრძელეთ კითხვა