5 პროდუქტი, რომლებსაც ახალ წლამდე იაფად ვყიდულობ, სანამ გაძვირდება - Gemrielia.ge

5 პროდუქტი, რომლებსაც ახალ წლამდე იაფად ვყიდულობ, სანამ გაძვირდება

ახალი წლის მოახლოება და ბაზარში ფასების მომატება ერთია. ახალი წლის პერიოდში ფასების მომატება კიდევ უფრო თვალშისაცემია, ამიტომ ჩემს თავს მკაცრად ვუთხარი: ან წინასწარ მოიმარაგებ პროდუქტებს, ან ახალ წელს ცივი მჭადისამარა იქნები-მეთქი. ჰოდა, ძველი ჩვეულება გავიხსენე და სია შევადგინე იმ პროდუქტებისა, რომლებიც ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე შემიძლია ვიყიდო.


1. ნიგოზი




ნიგვზის გარეშე ქართული ახალი წელი წარმოუდგენელია. საცივი, ბაჟე, გოზინაყი... 30-31-ში ნიგვზის ფასს რომ ვუყურებ, ჩემს ხელებს ვლოცავ, რომლებითაც რამდენიმე კვირით ადრე გაცილებით იაფად შევიძინე ნიგოზი.


2. თაფლი



ვადა ამას არ გასდის და თანაც ყველაზე გემრიელი თაფლი ახალი წლის წინა დღეებში უკვე დაყიდულია. ვცდილობ საგოზინაყე თაფლი ჯერ კიდევ ზაფხულში ვიყიდო, რომ მერე შაქრით არ მომიწიოს გაკეთება. რაც მთავარია, ის ნამდვილად ვიცი, როგორ უნდა დავადგინო, ნატურალურია თუ არა თაფლი.


3. შესქელებული რძე


დაგაინტერესებთ: როგორ მოვამზადოთ შესქელებული რძე 15 წუთში



არ ვიცი, თუ არსებობს ოჯახი, სადაც კრემიანი ნამცხვარი წელიწადში ერთხელ მაინც არ კეთდება. ნაღების კრემი ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ ჩემი ოჯახის საყვარელ იდეალს მაინც კარაქისა და შესქელებული რძის კრემით ვაკეთებ, ამიტომ ე. წ. სგუშონის რამდენიმე ქილა დეკემბრის დასაწყისშივე ნაყიდი მაქვს. მართალია შეიძლება მისმა ფასმა ახალ წლამდე დიდად არ მოიმატოს, მაგრამ ხარჯების გადანაწილებისთვის მაინც ასე მირჩევნია.



ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გავარჩიოთ ნამდვილი შესქელებული რძე მისი იაფასიანი ორეულისგან - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები


4. კონსერვები



ყოველ წელს ვამბობ, წელს ოლივიეს არ გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ მაინც ჯიუტად ვაკეთებ ბოლოს. სხვადასხვა სალათისთვის სულ მაქვს ბარდისა და სიმინდის კონსერვების მარაგი.


5. შოკოლადები



მეკვლე ხარ და შოკოლადები უნდა შეყარო სახლში, მასპინძელი ხარ და - ტკბილეული უნდა შეაგებო მეკვლეს. მოკლედ, ვიცი, რომ შოკოლადებისა და კანფეტების ყიდვას ვერც წელს ავცდები, ამიტომ მირჩევნია ესენიც წინასწარ მოვიმარაგო, ოღონდ ისე, შვილებმა რომ ვერ მიაგნონ.



თქვენ რას დაამატებდით?



სტატიის წარმდგენია რუბრიკა „საახალწლო მენიუ“. ნახეთ ყველა საჭირო საახალწლო რეცეპტი ერთ სივრცეში.