ორსულობა: კვება წესების მიხედვით
ხორცი დედისა და შვილის ორგანიზმს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთიერებით, ცილით ამარაგებს. ასევე შეიცავს რკინას, ანემიისგან თავდასაცავად, თუთიას, რომელიც ჩვილის ქსოვილების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს, B ჯგუფის ვიტამინებს.
უნდა შეარჩიოთ საქონლის, ღორის, ქათმის, ინდაურის უცხიმო ხორცი. დღეში 150 გრამი სხვადასხვა სახეობა ორგანიზმისთვის საკმარისია. ძეხვი, სოსისი და ხორცის ბულიონები უშუალოდ ხორცს ვერ ჩაანაცვლებს.
თევზში შემავალ ცილას კიდევ უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე ხორცისას. გარდა ამისა, თევზში ბავშვისთვის საჭირო ამინომჟავები, ფოსფორი, იოდი და ფტორი შედის. თევზში შემავალი ომეგა 3 თავის ტვინის განვითარებისა და იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია.
თევზი კვირაში ორჯერაც რომ მიიღოთ, საკმარისია, 150 გრამიანი ულუფა.
ორსულობისას სასურველი არ არის უმი ან დამარილებული თევზის მიღება, ასევე სუში, უმი ხამანწკები, კარპაჩო, თევზის ტარტარი. ასეთი საკვების უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ და არსებობს ნაწლავური ინფექციების რისკი.
კვერცხი შეუცვლელ ამინომჟავებს შეიცავს, რომელსაც ორგანიზმი მხოლოდ საკვებიდან იღებს. მასში შედის ლეციტინი, ბეტა კაროტინი, A და B12 ვიტამინი. დღეგამოშვებით 1 კვერცხის მიღება ორსულისთვის საკმარისია, ომლეტის სახით ან სხვა კერძის შემადგენლობაში.
რძის პროდუქტები ორგანიზმს კალციუმით, ცილით, ცხიმით, A და B2 ვიტამინებიოთ ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ რძის პროდუქტში შემავალი კალციუმი ყველაზე ადვილად ასათვისებელია და დიდ როლს თამაშობს მომავალი ბავშვის კბილებისა და ძვლების ფორმირებაში. რძემაჟავა პროდუქტებში ორგანიზმისთვის საჭირო ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიები შედის, რაც კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აუმჯობესებს.
მომავალმა დედამ ყოველ დღე 100 გ ხაჭო, 20 გ ყველი და 500 მლ რძის სასმელი (კეფირი, იოგურტი, რძე) უნდა მიიღოს. თუ რომელიმე სახეობის რძის პროდუქტი არ გიყვართ, შეეცადეთ სხვა სახეობა უფრო მეტი მიიღოთ. თუ არა და კალციუმის შემცველი პრეპარატები დალიეთ ექიმის თანხმობით .
ცხიმები ორსულის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ყოველ დღე მიიღეთ 1 ჩ.კ კარაქი და 1 ს.კ სხვადასხვა მცენარეული, არარაფინირებული ზეთი სალათებთან ერთად. იმის შიშით, რომ წონაში სწრაფად იმატებთ, ცხიმზე უარი არ უნდა თქვათ, უბრალოდ უნდა შეზღუდოთ ის პროდუქტები, რომელიც "ფარულ ცხიმებს" შეიცავს: ძეხვეული, პაშტეტი, ტკბილეული, ღვეზელები, ტკბილი ხაჭო, ხრაშუნა ნამცხვრები და ა.შ.
ხილი და ბოსტნეული ორსულობის დროს აუცილებელია. მათგან ორგანიზმი საჭირო ვიტამინებს, მიკროელემენტებს, უჯრედისს, ორგანულ მჟავებს შეიცავს. ცოცხალი ბოსტნეული, განსაკუთრებით მწვანე ფერის, შეიცავს ჩვილის ნერვული სისტემისთვის აუცილებელ ფოლის მჟავას. ექიმების რჩევით, დღეში საშუალოდ 5 სახეობის ხილი და ბოსტნეული ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს.
პურ-პროდუქტები, ბურღულეული და ფაფები ნახშირწყლებით და უჯრედისით ამარაგებს ორგანიზმს. ყველაზე სასარგებლოა მსხვილად დაფქული, სრულმარცვლოვანი ფქვილისგან დამზადებული პური.
ყველანაირი მარცვლეული თავისებურად სასარგებლოა, მაგრამ ლიდერად ამ მხრივ წიწიბურა და შვრია ითვლება.
მომავალი დედის ერთი დღე
დღის განმავლობაში, შეეცადეთ ჭამოთ ხშირად და მცირე ულუფებით.
1-ლი საუზმე:
რძიანი ფაფა (შეიძლება ხილით)
ყველი, კარაქი, ჩაი
მე-2 საუზმე:
ხაჭო, წვენი
სადილი:
ბოსტნეულის სალათა ზეთით,
ბოსტნეულის წვნიანი
ხორცი, თევზი ან ქათამი
ხილის წვენი ან კომპოტი
სამხარი:
რძემჟავა პროდუქტი (იოგურტი, კეფირი)
ხილი
2-3 ცალი კრეკერი, ხრაშუნა ნამცხვარი
ვახშამი:
ბოსტნეულის რაგუ
მსუბუქი ჩაი
რძის პროდუქტი
ეს მენიუ მხოლოდ ორიენტირია და არა კონკრეტული მითითება, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულოთ.