„მირჩევნია თვეში 1 კილო დავიკლო, მაგრამ კომფორტულად“ - გაიცანით ნათია დემეტრაშვილი, რომელმაც 53 კგ ყოველგვარი დიეტის გარეშე დაიკლო - Gemrielia.ge

„მირჩევნია თვეში 1 კილო დავიკლო, მაგრამ კომფორტულად“ - გაიცანით ნათია დემეტრაშვილი, რომელმაც 53 კგ ყოველგვარი დიეტის გარეშე დაიკლო

 


ნათია დემეტრაშვილი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ სოციალური მედიის მენეჯერია. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ჭარბი წონის პრობლემა ბავშვობიდან ჰქონდა, მაგრამ ამას თავად პრობლემად არასოდეს აღიქვამდა, არც სხვების შეგონებები „აძლევდა მოტივაციას“, რომ, თუ დაიკლებდა, უფრო ლამაზი იქნებოდა.


 


საბოლოოდ, როდესაც წონის დაკლების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და საკუთარი „დიეტა“ შეიმუშავა, სწორედ მას შემდეგ მიაღწია სასურველ შედეგს (თუმცა, ამბობს, რომ მიზნამდე კიდევ რამდენიმე კილოგრამია). ნათია თავის გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება, როგორ შეძლო 2 წელიწადში 53 კილოგრამის დაკლება.


 


- რამ და როდის განაპირობა წონის პრობლემა ან საერთოდ თუ თვლიდით პრობლემად, თუნდაც ცოტათი?


 


- რაც თავი მახსოვს მსუქანი ვარ. ჩემი მშობლებისგან ვიცი, რომ როდესაც 3 წლის ვიყავი სოფელში დასასვენებლად წასული კარგად მოპუტკუნებული ჩამოვედი და მის შემდეგ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტს ვიმატებდი. პრობლემა, როგორც ასეთი, არ ყოფილა. მშობლები ყოველთვის აქცევდნენ ყურადღებას და უამრავი ანალიზისა და კვლევის პარალელურად ყოველთვის ჯანმრთელი ვიყავი, ყოველთვის ნორმაში იყო ჩემი მონაცემები. ზრდასრულობისას, როდესაც ჩემმა წონამ ზღვარი გადალახა, მაშინ შემექნა პირველი პრობლემა, ინსულინი მქონდა ორჯერ მაღალი და უკვე წონის კლებასთან ერთად, მკურნალობაც მჭირდებოდა. სხვა მხრივ, ჭარბი წონა, როგორც პრობლემა ან კომპლექსების სათავე ჩემთვის არასდროს არ ყოფილა. ყოველთვის შემეძლო სანაპიროზე გახდა, აუზზე სიარული. არ მიქმნიდა პრობლემას ვყოფილიყავი თავდაჯერებული ურთიერთობებში და ა. შ. არც შოპინგისას ყოფილა პრობლემა, იმიტომ რომ უბრალოდ არ მიყვარს შოპინგი და ახალი ტანსაცმელი.


 


- ჯანმრთელობის პრობლემის შემდეგ მიხვდით, რომ წონაში უნდა დაგეკლოთ? რით დაიწყეთ თავიდან?

 

- სხვათა შორის არა. არც ჯანმრთელობის პრობლემა გამხდარა „მოტივატორი“. რამდენიმე თვე ვსვამდი შესაბამისს წამალს და მერე უბრალოდ შევეშვი, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ პერიოდში, ჭამა მერჩივნა. უფრო სწორად, იმის და იმდენის ჭამა, რამდენიც და რაც მინდოდა. ვერ გეტყვით, რა გახდა „მოტივატორი“. 30 წლის ვარ და ამდენი წლის განმავლობაში არაერთხელ ვყოფილვარ დიეტაზე, თუმცა ბოლომდე არც-ერთი მათგანი არ მიმიყვანია. ვიკლებდი, ვიმატებდი და ასე გრძელდებოდა წლები. ბევრიც დამიკლია და ცოტაც და შედეგიც კი ვერ მაიძულებდა ხოლმე „საქმე ბოლომდე მიმეყვანა“, იმიტომ რომ სურვილი არ მქონია არასდროს, რომ დამეკლო.


 


ყოველი დიეტა იწყებოდა იმით რომ „ასე აღარ შეიძლება“ და რეალურად ჩემი სურვილი არ ყოფილა რომ „ასე აღარ შეიძლება“. უბრალოდ ყველა იმას მიმეორებდა, რომ „ლამაზი ნაკვთები მაქვს“ და ვმალავ, რომ „მშვენიერი გოგო ვარ და მომავალზე არ ვფიქრობ“ და სხვა ათასი რამ, რაც, დარწმუნებული ვარ, ყველა ჭარბწონიანს მოუსმენია. სხვების „ზეწოლის“ შედეგად დაწყებული დიეტა არასდროს მისულა ბოლომდე. საბოლოო ჯამში 2 წლის წინ 2020 წლის მარტში მე (!) მომინდა და ჩემი სურვილი იყო, რომ „აბა თუ გამომივა“ და ამ თამაშ-თამაშში 52 კილოგრამი დავიკელი.


 


სხვათა შორის, ინსულინის დონე წონაში კლების შემდეგ გადავამოწმე და ნორმაში იყო. წონის კლებამ უშველა მაგ კონკრეტულ პრობლემას.


 



 


- მოგვიყევით თქვენს „მოგზაურობაზე“. როგორ დაიწყეთ და გააგრძელეთ წონის კლება?


 


- „აბა თუ გამომივათი“ დავიწყე და ვაგრძელებ დღემდე. უარი ვთქვი კონკრეტულ ჩვევებზე, ვაიძულე თავი, რომ ვყოფილიყავი რეჟიმში და, რაც მთავარია, ვიპოვე ჩემთვის კომფორტული გზა. არ ამიკრძალავს არცერთი პროდუქტი, უარი არ მითქვამს ჩემს საყვარელ საკვებსა თუ სასუსნავებზე. უბრალოდ გავანახევრე ულუფა, მკაცრად ვიკვებებოდი 3-4 საათში ერთხელ და უარი ვთქვი ჭამასა და ჭამას შორის რამის მიღებაზე. ვიყავი რეჟიმში, „ვუსმენდი“ ჩემს ორგანიზმს და ვიცავდი იმ მარტივ „მოთხოვნებს“, რომლებიც წონაში კლებისთვისაა საჭირო. თუ მინდოდა შოკოლადი, აუცილებლად ვჭამდი, ოღონდ ცოტას, დღის პირველ ნახევარში და სადილის ან საუზმის შემდეგ დესერტად. უფრო ნელი გზაა, როდესაც პიცასაც ჭამ, ქათმის ფილესაც და სალათის ფოთლებსაც, სამაგიეროდ კომფორტული და, რაც მთავარია, ჩემთვის შედეგიანი არჩევანი გავაკეთე კომფორტულად, მაგრამ ნელა კლებას შორის და სწრაფად, თუმცა მოკლევადიანად კლებას შორის. დღემდე მირჩევნია, რომ თვეში 1 კილო დავიკლო, მაგრამ კომფორტულად, ვიდრე დავიკლო 5 კილო, ბოლოს მომბეზრდეს და უკანვე მოვიმატო რამდენიმე დღეში, როგორც იყო გასული წლების განმავლობაში.


 


წინა წლებთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ არ ავკრძალე არაფერი, უბრალოდ გავანახევრე და ფაქტია, შედეგიც იმაზე კარგი მქონდა, ვიდრე გასულ წლებში. ყველაზე მეტად იმის გააზრება დამეხმარა, რომ უცებ უცებ არ ხდება იმ კილოგრამების მოშორება, რომლებსაც ამდენი წელი ვაგროვებდი. გავიაზრე, რომ ეს არის გრძელვადიანი, რამდენიმეწლიანი პროექტი, მივიღე და მივყევი დინებას.


 



 


- ასე რომ იცვლებოდი გარეგნულად, გონებაში რამე იცვლებოდა, თუნდაც თვითშეფასების მხრივ?


 


- ჩემი პრობლემა ისაა, რომ ვერასდროს ვხვდები როდის ვიმატებ ან როდის ვიკლებ. სანამ ტანსაცმელს არ შეეტყობა საგრძნობლად, სანამ ძველ ფოტოს არ გადავაწყდები, იქამდე ვერ აღვიქვამ, რომ მოვიმატე ან გავხდი. იმიტომ გავხდი 116 კილოგრამი, რომ ვერ აღვიქვამდი ამდენ წონას. 63 კილო ვარ და სხვაობას ისევ ტანსაცმელსა და ფოტოებზე ვხედავ. ჯერ ვერ აღვიქვამ საკუთარ სხეულს. როგორც სხვას და ახალს, ისე ვუყურებ, ჯერ ისევ შეჩვევის ეტაპზე ვარ და სარკიდან დღემდე სხვა ადამიანი მიყურებს. წლების განმავლობაში მიჩვეული სულ სხვა სახეს, სულ სხვა სხეულს ვიყავი და ერთ დილას აღმოვაჩინე, რომ სარკიდან სულ სხვა ადამიანი მიყურებდა და აი, მაგ სხვა ადამიანის ვიზუალს ვეჩვევი ახლა.


 


არასდროს მქონია „მსუბუქად ვგრძნობ თავს“, „დავმძიმდი“ და ა. შ. მომენტები. როგორც 116 კილოგრამი წონით ვიქცეოდი, იმავენაირად ვიქცევი, იგივე თვითშეფასება, იგივე ფიქრები და იგივე დამოკიდებულება მაქვს. არასდროს შემძულებია ჩემი სხეული. მიყვარდა-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ არც ახლა მიყვარს ასე. უბრალოდ, საკუთარ თავით ვამაყობ, რომ რაც მინდოდა გამომივიდა. პრინციპში, ჯერ არ გამომსვლია ბოლომდე, საბოლოო მიზნამდე ცოტაღა დამრჩა და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად მივალ.


 



 


- ერთი დღის რაციონი შეგიძლია გაგვიზიაროთ? ექიმის რეკომენდაციით შეადგინეთ თუ თავად?


 


- დღეს უკვე ჩემი რაციონი არაფრით განსხვავდება სხვა, არაჭარბწონიანი ადამიანის, რაციონისგან. ვჭამ იმას, რაც სახლში მაქვს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, იმის ნახევარს, ვიდრე ორი წლის წინ შევჭამდი. კუჭიც უკვე მიჩვეულია და, შესაბამისად, დიდი ულუფები აღარ მჭირდება საიმისოდ, რომ დავნაყრდე. თუმცა, სანამ აქამდე მივიდოდი, მანამდე ვცდილობდი რომ ჩემი დღის რაციონი მრავალფეროვანი ყოფილიყო. დილით შვრია და შვრიის ფაფის სხვადასხვა ვარიაცია (ხილით, თხილეულით, ყველით) ან სენდვიჩი (პურის 1 ნაჭერი, ყველი, ძეხვი, არაჟანი), ან სულაც კვერცხი და ომლეტის სხვადასხვა ვარიანტი მქონდა ხოლმე. მეორე და მესამე კვებაზე ვცდილობდი, რომ ცხოველური ცილა, ხორცი მქონოდა და, შესაბამისად, ჩემი სადილი ცხოველური ცილა + ნახშირწყლები (წიწიბურა, ბრინჯი, პასტა, კარტოფილი) ან ცხოველური ცილა და ბოსტენული მქონოდა ხოლმე. ბოლო, მეოთხე კვება კი შედარებით მსუბუქი იყო: ხაჭო, მაწონი, ბოსტნეული და ა. შ. თუ სახლში ვიყავი, წვნიანიც. თუმცა სამსახურში სატარებლად წვნიანი არ არის მარტივი და ამიტომ ეგ არც ისე ხშირად ხვდებოდა ხოლმე ჩემს რაციონში.


 


ტკბილეულის დიდი მოყვარული ვარ და ყოველთვის მქონდა რაციონში 15-20 გრ შოკოლადიც, თუმცა, თავი არ შემიზღუდავს სხვა „ჯანქ ფუდის“ ან სხვა არასასარგებლო საკვების მიღებისგან. თუ ძალიან მინდოდა, ვჭამდი ბურგერსაც, პიცასაც, შემწვარ კარტოფილსაც და ბევრ ზეთში შემწვარ სხვა არაჯანსაღ პროდუქტებს. უბრალოდ, მთავარი პრინციპი - ჭამო იმის ნახევარი, რასაც შეჭამდი - ყოველთვის იყო და ორი ნაჭერი პიცის ნაცვლად ერთს ვჭამდი. ცხადია, ბურგერები, პიცები და სხვა მავნე პროდუქტები ჩემი რაციონის ყოველდღიურობას არ წარმოადგენდა. რაც მთავარია, არასდროს არ „დამისჯია“ თავი იმის გამო, რომ ბურგერი ვჭამე. ჭამა მიყვარს ძალიან და კიდევ უფრო მეტად „ჯაქნ ფუდი“ მიყვარს, თავს არ დავისჯი იმის გამო, რაც სიამოვნებას მანიჭებს. შესაბამისად, მეორე დღეს მკვლელ დიეტას, შიმშილს და მთელი დღე ერთ პროდუქტზე ყოფნას არასდროს მივმართავდი. უბრალოდ, ჩემს ჩვეულ კვებას ვაგრძელებდი.



სპეციალისტისთვის არ მიმიმართავს. წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. რაღაცებს ვკითხულობ, ვუსმენ, ვეცნობი სპეციალისტების რჩევებს და უბრალოდ ვუსმენ ჩემს ორგანიზმს. ამ დროის განმავლობაში ვისწავლე, როდის მშია, როდის უბრალოდ მადა მაქვს, როდის იმიტომ ვჭამ, რომ მოვიწყინე და ა. შ. როცა იცი, როდის გშია და როდის გაქვს უბრალოდ მადა, მაშინ მარტივია არჩევანი - ან ემორჩილები მადას და ჭამ, ან ირჩევ ჯანსაღ გზას და უარს ამბობ ჭამაზე. ხან მადას და საჭმელს ვირჩევდი, ხან - ჯანსაღ და სწორ გზას. ადამიანი ვარ, ჩემი სისუსტეებით და ყველაფრის აკრძალვით ამ შედეგამდე ვერასდროს მოვიდოდი, თუ მარტივ სიამოვნებებზე მუდმივად უარს ვეტყოდი ჩემს თავს.


 



 


- ძალიან მძიმე გრაფიკი გაქვთ, როგორ ახერხებთ, რომ დღეში რამდენიმე კვება მოასწროთ?


 


- თუ კონკრეტული შედეგი გინდა, კეთილი უნდა ინებო და საკუთარი თავი დააყენო პირველ ადგილზე. როდესაც საკუთარი თავი პირველ ადგილზე გიყენია, მერე მარტივია გამონახო ზედმეტი 1 საათი და წინა საღამოს გაიმზადო ის საკვები, რაც მეორე დღეს უნდა მიიღო. სამსახურში კონტეინერით გამზადებული საკვების ტარება სწორად კვების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, თან იაფიც. როცა საკუთარ თავს თავად უმზადებ საჭმელს, ზუსტად იცი რას ჭამ, რამდენ ნახშირწყალს, რამდენ ცხიმს, ცილას თუ ბოსტნეულს, შესაბამისად, უფრო მეტად აკონტროლებ ყველაფერს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ დღის განმავლობაში, 4 საათში ერთხელ ადამიანს არ აქვს 15 წუთი, რომ იკვებოს. ცხადია, ყველას გვაქვს მომენტები, როდესაც ფიზიკურად ვერ ვიცლით საჭმელად, მაგრამ მსგავსი შემთხვევები იშვიათია. ძალიან ბევრჯერ დამზარებია საჭმლის გამზადება და მაღაზიაში ნაყიდ მზა კვებაზე გადამივლია, ბევრჯერ უჭმელიც ვყოფილვარ მთელი დღის განმავლობაში, იმიტომ რომ შესაფერისი საჭმელი ვერ მიპოვია. მაგრამ უმეტესწილად ვცდილობ, რომ არ ვიშიმშილო. როდესაც წონაში დაკლება გინდა, უნდა ჭამო. უბრალოდ, უნდა იცოდე, რა ჭამო.


 



 


- შიმშილი ახსენეთ. ბევრს დღემდე სჯერა, რომ შიმშილი დაკლების საუკეთესო საშუალებაა. თუ გიცდიათ ოდესმე ან რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც უმკაცრეს დიეტებს იცავენ?


 


- კი, შიმშილი დაკლების ყველაზე სწრაფი გზაა და ვინც შიმშილობს, ის იკლებს კიდეც, არაა ეს გასაკვირი, მაგრამ რის ფასად? ნერვების და ჯანმრთელობის? მე არ მიღირს ჩემი ჯანმრთელობა და ნერვები იმად, რომ უცებ-უცებ დავიკლო. მირჩევნია დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდეს კლების პროცესი და სამაგიეროდ არ მოქმედებდეს ჩემს ხასიათსა თუ ჯანმრთელობაზე. სპეციალისტები, კარგი სპეციალისტები (!) ერთხმად თანხმდებიან, რომ შიმშილი არ შეიძლება. ორგანიზმისთვის არის სტრესი და ყველა ჯერზე, როდესაც შიმშილის შემდეგ საკვებს ვიღებთ, არ აქვს მნიშვნელობა რას, იმას ხარბივით ეწაფება ორგანიზმი. თან, როცა შიმშილობ და მერე ჭამ, ზღვარს ვერ ხვდები, როდის აღარ გშია.


 


და კიდევ ერთი, როცა ძალიან გშია, რთულია დანაყრდე ჯანსაღი და „დიეტური“ პროდუქტით და ყოველთვის ნახშირწყლებისკენ მიიწევს გონება, იმიტომ რომ დასუსტებულია და ენერგია სჭირდება. თუ ვინმეს წონაში დაკლება უნდა, კომფორტული გზა უნდა მოძებნოს. ჩემთვის კომფორტული გზა აკრძალვების გარეშე ყველაფრის ცოტ-ცოტა ჭამა იყო და, თუ ვინმესთვის უმკაცრესი დიეტაა, დაე იყოს. უბრალოდ, ჩემი რჩევა იქნება, რომ მაგ უმკაცრესი დიეტისას რაციონი იყოს მრავალფეროვანი. ერთფეროვანი და უგემური საკვებით პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება და, შესაბამისად, შედეგის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტად რთული იქნება. ვყოფილვარ ძალიან მკაცრ დიეტაზე, დამიკლია ბევრი კილოგრამი, მაგრამ როგორც კი ჩვეულებრივად ჭამა (არა - გადამეტებული) დამიწყია ძალიან მალევე დამიბრუნებია ყველა კილოგრამი უკან. წონის შენარჩუნება, კლებასთან შედარებით, ბევრად რთულია და შენარჩუნების პროცესი კიდევ უფრო გაუჭირდებათ, თუ ყველაფერს აიკრძალავენ და ისე დაიკლებენ წონაში. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ყველას თავისი კომფორტული გზა აქვს და ყველა თავად ირჩევს შესწიროს თუ არა ჯანმრთელობა და ნერვები ნაკლებ კილოგრამებს.