„ხვალ ხინკალი მოვახვიოთ - იტყოდა ოლა... ერთი საიდუმლო რიტუალი უნდა შეგესრულებინა“ - ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის მოგონება ბებოს ხინკალზე - Gemrielia.ge

„ხვალ ხინკალი მოვახვიოთ - იტყოდა ოლა... ერთი საიდუმლო რიტუალი უნდა შეგესრულებინა“ - ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის მოგონება ბებოს ხინკალზე

ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში თავისი ბავშვობის ერთ მოგონებას გვიზიარებს:

 

„ხვალ ხინკალი მოვახვიოთ - იტყოდა ოლა, კაბის კალთას ჩამოიბერტყავდა, კეფაზე აკრულ ჭაღარა თმას რკინის “შპილკებისგან” გაითავისუფლებდა, მძიმე ნაბიჯებით შეჭრიალდებოდა საძინებელში და დაგვტოვებდა აცეტებულებს, ახუნტრუცებულებს - ხინკლის მოხვევა მხოლოდ ხინკლის მოხვევა ხომ არ იყო, არა?

 

მეორე დღეს, სადღაც თორმეტი-პირველი საათისთვის, დაამაგრებდა ხორცის საკეპს ოლა სამზარეულოს თეთრ მაგიდაზე, შეუყენებდა ქვეშ ლურჯ ორჯამიანს და ივსებოდა ჯამი ვარდისფერი ხორცით. 

 

- გაიქე ბოსტანში - ან მე შემომძახებდა, ან ქეთოს - მწვანილიც ხომ უნდა გაგვერია ხორცში.

 

- მიდი, ჩემო ქალო, ფქვილიც ამაიტანე…

 

და გავრბოდით გრილ “სარაიაში” ხის “ბოჩკიდან” ფაფუკი ფქვილის ამოსაღებად.

 

- სახურავი კარგად დააფარეთ, თავღია არ დამიტოვოთ “ბოჩკა”. კარიც კარგად მოჭუჭკეთ, ციცაი არ შაიპაროს, - გზაში დაგვაწევდა.
მერე მოასუფთავებდა ოლა სამზარეულოს თეთრ მაგიდას კარგად გაწურული ტილოთი, ხელის ერთი მოქნევით მოაფრქვევდა ზედ ფქვილს, როგორც ჯადოქარი ბრდღვიალა მტვერს და ოლას ძლიერ მტვევნებში წყალი, ფქვილი და ცოტა მარილი ნელ-ნელა ცომად იკვრებოდა. 

 

მაგიდა კი ჭრიალებდა და ჭრიალებდა - არ იყო ადვილი ოლას ძლიერი მტევნებისა და ცომის ჭიდილის ატანა.

 

ცოტა ხანში ხის სათხელებელი გამოდიოდა სცენაზე და ცომის ფაფუკი გუნდა სამზარეულოს მაგიდას სუფრასავით გადაეკვრებოდა, რომელსაც ორ-სამ წუთში, ხინკლის საჭრელი პატარ-პატარა ცომებად გადააქცევდა - თითქოს დედა ცომმა ათობით შვილი ერთად შობაო.

 

მერე შემოუსხდებოდნენ სამზარეულოს მაგიდას ბიცოლა, დედა, დეიდები და იწყებოდა ხინკლის ხვევა. 

 

სხვაგან რომ არსად გინახავს, ისეთი სიმეტრიული, მინიატურულ-კუჭებიანი ხინკლის ხვევა.

 

უზარმაზარ ალუმინის ქვაბში წყალი თუხთუხებდა, ქვაბში, რომლის წინაშეც კიდევ ერთი საიდუმლო რიტუალი უნდა შეგესრულებინა - ხინკალი ქვაბში ჩუმად, უმძრახად უნდა ჩაგეყარა, რომ არ ჩაშლილიყო.

 

და სანამ დიდები ხინკალს ახვევდნენ, ჩვენ, პატარები, დიდ ოთახში მაგიდას ვშლიდით. კარადიდან ვიღებდით მუცლიან ჭიქებს ლიმონათისთვის. ლურჯყვავილებიან თეფშებს ცხრაჯერ გადავითვლიდით - ხო ყველას ყოფნის.

 

შემოვამატებდით მაგიდას კუთხეში პიანინოს შავ მრგვალ ბზრიალა სკამსაც და მაგიდა მზად იყო ქაფქაფა ხინკლის ჩასახუტებლად.
მე უგემური ჭამა ვიცოდი ხინკლისა. წვენს ვღვრიდი, ხორცებს ვტოვებდი, სამაგიეროდ კანს ვჭამდი კუჭებიანად…

 

ფანჯრების მიღმა კი ფასანაურის მთები თავს აქნევდნენ უკმაყოფილოდ - აბა, რასა სჩადის, ე ბალღი. 

 

რამ გამახსენა, მე რა ვიცი.“