CNN-მა ხარჩო მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის დაასახელა - Gemrielia.ge

CNN-მა ხარჩო მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის დაასახელა

 
დღესდღეობით წვნიანი ჩვენთვის ძველმოდურ საჭმელთან ასოცირდება. ამის საწინააღმდეგო მოსაზრებას გვთავაზობს „soup: A Global History”- ის ავტორი - ჯანეტ კლარკსონი, რომლის  აზრითაც, წვნიანი ერთ-ერთი უძველესი და საყოველთაოდ ცნობილი კერძია. 

 

ყოველ კულტურას საკუთარი, ყველასგან განსხვავებული წვნიანის სახეობა აქვს. სუპს ამზადებენ როგორც კერძს და ასევე, რაიმე დაავადების  სამკურნალო მიზნითაც.

 

„საკვებისა და წამლების გამიჯნვა“- ეს არ არის ის, რასაც ჩვენი წინაპრები ფიქრობდნენ,  მე მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ისტორიულად, ზოგიერთ წვნიანს მიირთმევდნენ ორგანიზმის გასაძლიერებლად და ცნოებიერების აღსადგენად,“ - ამბობს ჯანეტ კლარკსონი.

 

CNN-ის მიერ ნომინირებულ, მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის, ქათული სუპ-ხარჩოც მოხვდა. 

 

მასთან ერთად ადგილს სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური კერძები იკავებს: 

 

•    ნიგერიის წვნიანი - ბანგა;

•    უკრაინული-ბორშჩი;

•    პორტუგალიური - კალდო ვერდე;

•    ესპანური-გასპაჩო;

•    ამერიკული-გამბო და სხვები.

 

გთავაზობთ უგემრიელესი სუპ-ხარჩოს რეცეპტს, რომელმაც უცხოელთა გულები დაიპყრო.
 

 

ინგრედიენტები: 

 

•    საქონლის ხორცი - 400 გ.

•    ხახვი - 3 თავი.

•    ბრინჯი - 4 ს/კ.

•    პომიდორი - 500 გ.

•    ნიორი - 1 კბილი.

•    ოხრახუში, კამა, ქინძი - გემოვნებით.

•    მარილი და პილპილი - გემოვნებით.

•    დაფნის ფოთოლი - 1 ცალი.

•    ზეთი - 2 ს/კ.
 

მომზადების წესი:

 

თუ ძვლიანი ხორცი გაქვთ, გაარჩიეთ ძვლებისგან და დაჭერით პატარა კუბებად. მოათავსეთ ქვაბში ხორცი და ძვლები და დაასხით 2-2,5 ლ. წყალი. 

 

მიიყვანეთ ბულიონი ადუღებამდე, მოხადეთ ქაფი, დაუწიეთ ცეცხლს, დაუმატეთ მარილი და ხარშეთ 1-1,5 საათი. როცა ბულიონის მზად იქნება, ამოიღეთ ხორცი და ძვლები და გადაწურეთ წვენი.

 

დაჭერით ხახვი წვრილად და მოხრაკეთ ზეთში. როგორც კი ხახვი შევარდისფრდება, დაუმატეთ ხორცი და ხრაკეთ 5 წუთი. შემდეგ დაასხით 4-5 ს/კ. ბულიონი და მოთუშეთ 15 წუთი თავდახურულ ტაფაში.

 

გაფცქვენით პომიდორი (მარტივად გაფცქვნით, თუკი ჯერ მდუღარე წყალს გადაავლებთ), დაჭერით კუბებად და დაუმატეთ ხორცს. გააგრძელეთ მოთუშვა 10 წუთი.

 

ტაფაში მოთუშული ინგრედიენტები ქვაბში გადაიტანეთ, ცხელ ბულიონს დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუმატეთ ბრინჯი.

 

ადუღეთ, სანამ ბრინჯი არ მოიხარშება. ბოლოს დაუმატეთ დაჭყლეტილი, ან წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანილი. სულ ბოლოს, დაუმატეთ მარილი და პილპილი. გამორთეთ გაზი, დააფარეთ ქვაბს თავსახური და სუპ-ხარჩო დატოვეთ 10-15 წუთი, რომ გემოები კარგად გაუჯდეს.

 

გემრიელად მიირთვით!

 

ავტორი: ია რომანაძე