„ვისაც ჩემი გოზინაყი არ გაუსინჯავს, ჩემ შესახებ საერთოდ არაფერი იცის“ - ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ემა ტუხიაშვილი თავისი ცნობილი გოზინაყის რეცეპტს გვიმხელს - Gemrielia.ge

„ვისაც ჩემი გოზინაყი არ გაუსინჯავს, ჩემ შესახებ საერთოდ არაფერი იცის“ - ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ემა ტუხიაშვილი თავისი ცნობილი გოზინაყის რეცეპტს გვიმხელს

„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ თანამშრომლის, არაერთი გამოცემის ჟურნალისტისა და „პალიტრანიუსის“ წამყვანის ემა ტუხიაშვილის გოზინაყზე ლეგენდები დადის. ვინც კი ერთხელ გასინჯა, აღიარებს, რომ საუკეთესოა. ემა სწორედ gemrielia.ge-ის მკითხველს უზიარებს თავისი ცნობილი გოზინაყის რეცეპტს.

 

ინგრედიენტები: 

 

1 კილოგრამი თეთრი ნიგოზი,

300 გრამი თაფლი (სასურველია ცაცხვი ან გაზაფხულის)

5 სუფრის კოვზი შაქარი.

 

მოსამზადებლად დაგვჭირდება ღრმა ტაფა, ორი ხის ფიცარი (დაახლოებითი ზომა: 40 X 45) და საბრტყელებელი ჯოხი. ასევე მოვიმარჯვოთ თასი ცივი წლით.


ნიგოზს თხელ ნაჭრებად ვჭრი და ყველაზე მეტი დრო ამას მიაქვს. როცა ნიგოზი დაჭრილია თაფლი მოვათავსოთ ქვაბში ან ტაფაში, უმჯობესია თუჯის იყოს და დავუმატოთ 5 სუფრის კოვზი შაქარი, შემოვდგათ ნელ ცეცხლზე და დროდადრო მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. სასურველი გამოვიყენოთ ხის კოვზი. ვადუღოთ დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

 

15-20 წუთი ვაცადოთ შეგრილება თაფლს და გავიმეოროთ იგივე კიდევ ერთხელ: დროდადრო მორევით წამოვადუღოთ თაფლი, სამი წუთი დაახლოებით ვადუღოთ და გადმოვდგათ გასაგრილებლად. ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაგიდაზე მოვათავსოთ ხის ფიცრები, მოვასხათ ზემოდან წყალი, რადგან წყლით უნდა გაიჟღინთოს ფიცრები კარგად, რომ გოზინაყი არ მიიკრას.

 

ორჯერ წამოდუღებული და შეგრილებული თაფლი კიდევ ერთხელ შემოვდგათ ნელ ცეცხლზე. როცა წამოდუღდება, ჩავყაროთ შიგ გოზინაყისთვის დაჭრილი ნიგოზი და კარგად ამოვურიოთ, რომ თაფლი და ნიგოზი თანაბრად გადანაწილდეს. დროდადრო მორევით მიღებული მასა ნელ ცეცხლზე გავაჩეროთ ასე 10-12 წუთის განმავლობაში. ვისაც უფრო მოხალული ნიგვზის სტრუქტურა მოსწონს შეუძლია ცოტა მობრაწვის საშუალებაც მისცეს. ამის შემდგ გადავიტაანოთ მიღებბული მასა ფიცრებზე და თანაბრად გადავანაწილოთ. სველი ხელით და კარგად დანამული საბრტყელებლით გოზინაყს მარტივად მივცემთ სასურველ ფორმას.

 

ნუგბარი რომ უფრო შეკრული გამოვიდეს, ხელით ფორმის მიცემის შემდეგ ზემოდან საბრტყელებლით დავპრესოთ. შევეცადოთ, რომ თანაბარი გვერდების მქონე ლამაზი მართკუთხედი გამოგვივიდეს. ასე 5-7 წუთის შემდეგ გოზინაყი შეგვიძლია უკვე სასურველ ფორმებად დავჭრათ და თეფშებზე გადავიტანოთ.

 

უნდა გავითვალისწინოთ, რომ თეფშზე ღიად მოთავსებული გოზინაყი დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოშრეს, ამიტომ მე შესანახად დახურულ კონტეინერს  ვიყენებ, სადაც ნუგბარი კარგად ინახება და სირბილესა და სიხრაშუნეს არ დაკარგავს.

 

ეს რეცეპტი დედაჩემმა მასწავლა, რომელიც ახალი წლის ამ ტკბილეულს ყოველთვის დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით ქმნიდა, ეს კი ამ ნუგბარის მთავარი ინგრედიენტებია.

 

გოზინაყით პირს რომ ჩაიკოკლოზინებთ, ერთმანეთს უსურვეთ: ასე ტკბილად დაგვაბეროს ღმერთმა!