„მთაში იმ დროს ყველა ჯანსაღი იყო „აფთიაქის წამლები" არავის სჭირდებოდა...“ - მწერალი გიგი ხორნაული ფშავ-ხევსურული ხუთჯერადი კვების შესახებ (ნაწილი 2) - Gemrielia.ge

„მთაში იმ დროს ყველა ჯანსაღი იყო „აფთიაქის წამლები" არავის სჭირდებოდა...“ - მწერალი გიგი ხორნაული ფშავ-ხევსურული ხუთჯერადი კვების შესახებ (ნაწილი 2)

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ქართული გასტრონომია დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სხვადასხვა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი გემოები, რეცეპტები და კულინარიული ხრიკები აქვს. განსაკუთრებით განსხვავდება ერთმანეთისგან მთისა და ბარის სამზარეულო. პირველზე გაცილებით ნაკლები ვიცით, ამიტომ საქართველოს მთიანეთის გასტროკულტურულ ექსკურსიაზე გეპატიჟებით.

 

ჩვენი გიდი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერი და მწერალი, გიგი ხორნაული იქნება, რომელმაც თავისი ბავშვობისა და ყმაწვილკაცობის მოგონებებს წიგნში მოუყარა თავი. 

 

ნაწილი 2

 

ფშავ-ხევსურეთში, რაც მე ზუსტად ვიცი, არსებობს ხუთჯერადი კვება. ეს კი საოცრად ემთხვევა თანამედროვე სამედიცინო მიღწევებს. ასეთი ხუთჯერადი კვება მე პირადად ვიხილე უკრაინის კარპატებში არსებულ მსოფლიო მნიშვნელობის მქონე კურორტ ტრუსკავეცში. ოდნავი განსხვავება იყო მხოლოდ ვახშმის კუდი, იქ ჩვეულებრივ ჩაი იყო. 

 

დაგაინტერესებთ: „მთიელებისთვის ქათმის დაკვლა შეურაცხყოფა იყო...“ - რატომ არ ჭამდნენ მთაში ღორისა და ქათმის ხორცს - მწერალ გიგი ხორნაულის მოგონებები (ნაწილი 1)

 

ფშავ-ხევსურული ხუთჯერადი კვება ასეთია:

 

1.    შენაყრება, წახემსება – სისხამ დილით სამუშაოდ გასვლის წინ ერთი-ორი ლუკმის შეჭმა „შელუკმება". „უიმისოდ მგლის კვალს თუ შევარდი ხმა ჩაგეხლიჩებაო". 

 

2.    სადილი, სადილობა – დაახლოებით ცხრა საათზე, მზის ამოსვლის ხანს. ყველაზე მეტად მიღებული იყო წვნიანი საჭმელი: ხორც-წვენი, ან თუნდაც ხინკლის ნახარში შეიძლებოდა, რძის ადუღება თუ გაიმეტებდნენ, შრატიან ჯამში ჩაყრილი პური და მისთანები.

 

3.    სამხარი – შუადღის დაახლოებით 3 საათზე, მზის გადახრის ჟამს კარგი საჭმელი. ჭამის შემდეგ გრილოში წამოწოლა და „თვალის მოტყუება", „ნაჭამის დასვენება".

 

4.    ვახშამი – საღამოზე მზის ჩასვლის და მუშაობის დამთავრების შემდეგ, მსუბუქად ჭამა და თითო-ოროლი ჭიქა სასმლის დაყოლება.

 

5.    ვახშმის კუდი – ძილის წინ ხილით, უმთავრესად თხილ-კაკლით და ჩირით „მუცლის მოტყუება". 

 

 

იმ დროს ბალღი და ახალგაზრდა რას დავაკვირდებოდი. ეს იყო ბუნებრივი ყოფა ჩვენი. ახლა კი მაოცებს, როცა დღევანდელ ჩვენ ყოფას ვაკვირდები. აი, აქ ჩვენ ცივილიზებულ, 21-ე საუკუნის თბილისში ვუცქერ საშინლად არეულ უთავბოლო სმა-ჭამას, რომლისგანაც ზოგი ფუვდება, ზოგი იბღუნძება. მთაში კი იმ დროს ყველა ჯანსაღი იყო „აფთიაქის წამლები" არავის სჭირდებოდა. ერთადერთი თუ ვინმე ცოტას გაცივდებოდა, მოადუღებდნენ თავშავას, „დუდგულის ყოილს", ან დათვის ნაღველას, დალევდნენ, ოფლს იდენდნენ და მეორე დღეს ისევ ისეთები იყვნენ. მძიმე საკვებისგან თუ კუჭი ვინმეს ასტკივდებოდა, მჟავე წყალს სვამდნენ და შველოდა. 

 

სულ ვფიქრობ ჩემთვის და ვერ ამიხსნია, რა არის, მთიელთა შორის არსებული კვების ეს „მეცნიერული" წესი. უხსოვარი დროიდან მომდინარე დაკვირვებაა, ბუნებისაგან ნაკარნახევია, თუ მართლაც რაღაც საკრალური ცოდნაა, გონი, ხალხისაგან შემონახული და ჩვენ დრომდე მოტანილი, რომლის ამოცნობასაც ცდილობენ მკვლევარნი.

 

ფოტოს წყარო

 

თბილისში უკვე დაოჯახებული და ადრეც როცა ვინმეს ვეპატიჟებოდი მთაში დასასვენებლად, ყველას კითხვა ეს იყო, რა უნდა ვჭამოთ იქ? რასა სჭამთ? ბაზარი არის ახლოს სადმე? სასურსათო მაღაზია? პური ცხვება? ჩვენ ეს კითხვები არ გვიჩნდებოდა, ამაზე არცა ვფიქრობდით, მთაში არ არი ბაზრები და მაღაზიები, მაგრამ შიმშილით არავინ იხოცება, ყოველდღიურად რაღაცა საჭმელი ჩნდება. 

 

ტყე-ველიდან მოტანილი მხალა-მხულა სოკო, მერე ბოსტნებშიც შემოვა შიგადაშიგ, ნადირის „წყალობით" ხორციც ჩნდება, რძე და რძის ნაწარმი ხომ მუდმივად არის. სანამ დავფიქრდებოდი, მეც ისე მეგონა, თითქოს მთიელებს ბევრი არაფერი გვქონდა საჭმელი, ჩავუფიქრდი იმას, თუ რას გვაჭმევდნენ ბავშვობიდან მოყოლებული, გავიხსენე, აღვიდგინე და უამრავი რამ გამოჩნდა, ზოგი რამ შეიძლება კიდეც დამავიწყდა. ზოგი, სხვებსაც აღარ ახსოვთ, მაგრამ რაც გამახსენდა, ისიც საკმაოდ ბევრია.“ გაგრძელება იქნება

 

გიგი ხორნაული

„ჩემი საწუთროს სამზეოს"  მეორე, გამოუქვეყნებელი ტომის ქვეთავი – მთიელთა ჭამადი