კვირას სურბსარქისია - როგორ მოვამზადოთ და მივირთვათ მარილიანი კვერი, რომ საბედო დაგვესიზმროს
ალბათ ერთხელ მაინც გსმენიათ სურბსარქისის შესახებ, სურბ სარქისი (ანუ წმინდა სარქისი) რომის არმიის მხედართმთავარი იყო. იგი ადრექრისტიანული მეომარ-წამებული, სომხური სამოციქულო ეკლესიის წმინდანია. წმინდა სარქისი შეყვარებულთა მფარველად ითვლება. მისი სახელობის დღე სომხეთის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულია. საქართველოში მცხოვრები წარმოშობით სომხები დღემდე აღნიშნავენ წმინდა სარქისის დღეს.
სომხური თქმულებების თანახმად, წინა მარხვის ბოლო ღამეს (თებერვალში) წმინდა სარქისი თავის მიჯნურთან ერთად ყოველი სომეხის სახლს სტუმრობს. მისთვის, სახლის სახურავებზე ან კარებებში ალაგებენ მოხალული ხორბლის ფქვილის ფოხინდს ან ხორბლის ფაფას. დილით, ფქვილზე ან ფაფაში აღმოჩენილი წმინდა სარქისის ცხენის კვალი ბედნიერების ნიშნად ითვლება. სარქისი საჩუქრებსა და გამასპინძლებას აგროვებს, ამასთანავე გოგონებისა და ყმაწვილებისათვის წინასწარმეტყველური სიზმრები მოაქვს, მათ მომავალ მეუღლეებს ანახებს ძილში (წყარო).
ნახევრად წარმართული რწმენით, თუკი წმინდა სარქისის დღის წინა ღამეს ახალგაზრდა მარილიან კვერს შეჭამს და წყალს არ დააყოლებს, სიზმარში საბედოს იხილავს. გადმოცემის თანახმად, თუ ვაჟმა ქალს თიხის ჯამით მიაწოდა წყალი, ცუდია, რადგან ქალი სიღარიბეში ეყოლება, ხოლო თუ ვარცხლის ჭურჭლით – მაშინ ცოლს კარგად შეინახავს. გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, დღეისათვის ქალები უფრო აქტიურობენ და მარილიან კვერებს მიირთმევენ საბედოს დასიზმრების იმედით.
გიზიარებთ მარილიანი კვერის მომზადების რეცეპტს (ლუდა გრიგორიანისგან):
- 40 მლ წყალი
- 80 გრ ფქვილი
- 10 გრ მარილი
მოცემული ინგრედიენტებით ცომი მოზილეთ და ტაფაზე ან ღუმელში უცხიმოდ გამოაცხვეთ. დაძინებმადე 1 საათით ადრე მიირთვით და, რაც მთავარია, სასმელი არ დააყოლოთ. ვინც სიზმარში წყალს მოგაწვდით, თქვენი საბედო იქნება. ყოველ შემთხვევაში, ხალხური რწმენის მიხედვით ასეა.
თქვენ თუ გჯერათ ამ გადმოცემის? თუ გიცდიათ და თქვენს შემთხვევაში თუ გაამართლა.