თაკო გუნთაიშვილის იდეალური მჭადის 5 „საიდუმლო“, რომლებიც უნდა იცოდე - Gemrielia.ge

თაკო გუნთაიშვილის იდეალური მჭადის 5 „საიდუმლო“, რომლებიც უნდა იცოდე

თაკო გუნთაიშვილი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ტელეწამყვანია. იგი ჯერ „დილის პალიტრიდან“ ესალმება მაყურებელს, შემდეგ კი კვირაში ერთხელ გადაცემაში „უნდა იცოდე“ პროფესიონალ სტუმრებთან ერთად ყველაზე საჭირო და აქტუალურ თემებზე საუბრობს.

 

გარდა იმისა, რომ თაკო არაერთ თემაზე საჭირო რჩევებს აძლევს მაყურებელს, ძალიან კარგი გურმანი და მზარეულია. დღეს Gemrielia.ge-ის მკითხველს თავისი ცნობილი მჭადის მომზადების 5 მთავარ წესს უზიარებს.

 

 

„სიმართლე გითხრათ, დაოჯახებამდე მჭადი არასდროს მომიმზადებია. ჩემს ოჯახში ყოველთვის უგემრიელესი მჭადი მზადდებოდა და არც ვკადნიერდებოდი, თავად ჩავრეულიყავი მისი მომზადების პროცესში. როდესაც მე და ჩემს მეუღლეს პირველად მჭადი მოგვინდა, ჰოი საოცრებავ, აღმოჩნდა, რომ ამ ერთი შეხედვით უმარტივეს კერძს ვერ ვამზადებ. ხან შიგთავსი არ ცხვებოდა, ხან მეწვებოდა... მოკლედ, ქალი ჩაშუშულს, ტოლმასა და მსგავს კერძებს ვამზადებდი და მჭადი არ გამომდიოდა. ბავშვობიდან ვერასდროს ვეგუები იმ ფაქტს, რომ, თუ რამის კეთება გულით მინდა და არ გამომდის, ასე შუა გზაზე მივატოვო, ამიტომ მჭადის შემთხვევაშიც დავიწყე მიზეზების ძებნა.

 

ფქვილის ვარგისიანობა

 

 

პირველი, რაც აღმოვაჩინე, იყო ფქვილის ვარგისიანობა. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რამდენად ხარისხიანია ფქვილი, ეცადეთ არასდროს შეიძინოთ მაღაზიის დახლებზე წარმოდგენილი, დაფასოებული სიმინდის ფქვილი. უმჯობესია აირჩიოთ ერთი კონკრეტული ადგილი ხილ-ბოსტნეულის დახლებს შორის, სადაც ზუსტად გეცოდინებათ, რომ ხარისხიანი ფქვილი იყიდება. მე პირადად ყოველთვის „დელისის“ მეტროსადგურის მიმდებარედ რომ თაღია, სადაც ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობენ, იქ ვყიდულობ, სახელგანთქმულ ზაზასთან. 

 

ფქვილის შემდეგ გადავდივართ ცომის მომზადებაზე, ამ დროს ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და მგონი 5-ზე მეტი რჩევა გამომივა.

 

წყალი ან გაზირებული მინერალური წყალი

 

 

მჭადის ცომის მომზადების 2 ვარიანტი მაქვს - წყლითა და გაზირებული მინერალური სასმელით. იმ შემთხვევაში, თუ ცომს წყლით მოამზადებთ, გირჩევთ ის ცხელი იყოს, რა თქმა უნდა, იმ ტემპერატურის, რომ ხელი არ დაიწვათ. როდესაც ცომის მომზადების ამ ხერხს გამოიყენებთ, დაუმატეთ მწიკვი სოდა. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დოზას არ გადააჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მჭადი უგემური გამოვა. მე პირადად ცოტაოდენ მარილსაც ვუმატებ, ეს უკვე გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ სცადოთ. რაც შეეხება მინერალური წყლით მომზადებას, აქ უკვე სოდა აღარ გჭირდებათ, მარილი კი ისევ გემოვნების მიხედვით. 

 

მჭადის კონსისტენცია

 

კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც შემიძლია გაგიზიაროთ წყლისა და ფქვილის დოზირებისას, ის არის, რომ მჭადის ცომი იდეალურ კონსისტენციას აღწევს მაშინ, როდესაც ჭურჭელს არ ეკვრება. უფრო მისახვედრი რომ იყოს, წრიული მიმართულებით დაატრიალეთ ჭურჭელი. თუ მჭადის ცომის გუნდა მოჰყვება ჭურჭელს, ეს იმას ნიშნავს, რომ ცომი მზად არის. მჭადის ცომს ძალიან უხდება დიდხანს ზელა და ცოტა ხნით დაყოვნება.

 

ცომის დაყოვნება

 

ჩემი იდეალური მჭადის კიდევ ერთი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მაცივარში ვაყოვნებ რამდენიმე წუთით. თუ დროში შეზღუდულები არ ხართ ან წინასწარ იცით, რომ სტუმრებს ელოდებით, გირჩევთ ცომი რამდენიმე საათით ადრე მოამზადოთ და მაცივარში დააყოვნოთ, გემოს სხვაობას აუცილებლად მიხვდებით.

 

ტემპერატურა

 

 

მჭადი ყოველთვის შეწვით დაბალ ცეცხლზე და გაითვალისწინეთ, რომ მეორე ულუფის მომზადებისას ტაფა მეტად გახურებულია და პირველთან შედარებით მალე მომზადდება, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, არ მიგეწვათ. მე პირადად მჭადის მომზადებისას არასდროს ვიყენებ ტაფის თავსახურს. 

 

ბოლოს, ერთი და მთავარი, რაც თითოეული კერძის მომზადებისას უნდა გირჩიოთ, არის ის, რომ მცირედიც კი, თუნდაც შემწვარი კვერცხი ან კარტოფილი, ყოველთვის გულით მოამზადოთ და გიყვარდეთ ამის კეთება. 

 

კიდევ რომელი კერძის რეცეპტს ან მომზადების წესებს ისურვებდით ჩემგან რჩევების სახით? როგორც ამბობენ არაჩვეულებრივად გამომდის კარბონარა, ქათმის ჩაშუშული, ლობიო და სხვა, დესერტებიდან - ბრაუნი და შოკმანჟე. ველოდები კომენტარებს და თქვენთვის სასურველ რეცეპტს აუცილებლად გაგიზიარებთ.