,,გამოიყენეთ ან გაყიდეთ, ისე დასადებად ცოდოა ნამდვილად“ - რა ღირს როკოკოს ჭურჭელი ახლა?
როკოკოს სტილი ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის პერიოდიდან გამოიყენება როგორც არქიტექტურაში, ასევე ხელოვნებასა და დეკორაციებში. ჭურჭელი, რომელსაც დღესდღეობით ანტიკვარულს უწოდებენ, პოპულარობას არც 21-ე საუკუნეში კარგავს და მისი ფასი ზოგიერთ ფრანგულ მაღაზიაში 5000 $-მდეც კი მერყეობს.
მიმართულება საფრანგეთში 1730-იანი წლებიდან ჩნდება, ხალხი მას აღიქვამდა როგორც არაგეომეტრიულ სტილს, ლუი მე-14-ს წინააღმდეგ. ფორმები არ იყო ზუსტი, იდეალურად გამოყვანილი და სიმეტრიულად ზუსტად გათვლილი, თუმცა თეთრი და სხვა ნაზი ფერები, ერთად საოცარ დიზაინს ქმნიდა, რის გამოც მალევე მთელ ევროპაში გავრცელდა.
თავდაპირველად ჭურჭლის შესაქმნელად ოსტატები თიხას იყენებდნენ, ხოლო მოგვიანებით მათი შექმნა შუშის, სპილენძისა და სხვა მსგავსი მასალებითაც დაიწყეს. ანტიკვარიატის ყველაზე ფასეული ნივთები მინის, მეტალისა და ფაიფურის ლარნაკებია.
ძველი და ახალი პერიოდების როკოკოს ჭურჭელი ერთმანეთისგან მათი დიზაინებით განსხვავდება, მე-18 საუკუნეში ისინი შედარებით უფრო გადატვირთული და ორნამენტებით მორთული იყო, მე-19 საუკუნიდან კი უფრო მსუბუქი და რბილი ფორმების დამზადება დაიწყეს.
მისი ხარისხისა და შეხედულების გამო დიასახლისების უმეტესობა ამაყობდა როკოკოს ლარნაკებითა თუ სერვიზით, უმეტესობას კი ეს ნივთები დღემდე აქვს შემონახული და მის თანამედროვე, მარტივი დიზაინის მქონე ჭურჭლით ჩანაცვლებას არც აპირებს.
ჩეხური წარმოების პროდუქცია შედარებით ძვირი ღირს, რადგან ჩეხეთში წარმოებისა და რეალიზაციის ეტაპები სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება და უფრო ძვირია, თუმცა, ამის მიუხედავადაც კი, ჩეხური, როკოკოს სტილის ჭურჭელი აქტუალურობას სულაც არ კარგავს.
თუ თქვენს ოჯახში ასეთი ჭურჭელი მოგეპოვებათ და ფიქრობთ, რომ მას არ გამოიყენებთ, ნებისმიერ დროს საკმაოდ სოლიდურ ფასად შეგიძლიათ გაყიდოთ, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი სოციალური ქსელების გამოყენებითაც კი ეძებს მათი შეძენის სხვადასხვა საშუალებას.
„ან გამოიყენეთ, ან გაყიდეთ. ისე დასადებად ცოდოა ნამდვილად“ - ასე აფასებენ სოციალურ ქსელში მომხმარებლები ამ სტილით შექმნილ ჭურჭელს.
თქვენ თუ გაქვთ როკოკოს ჭურჭელი და რამდენად ხშირად იყენებთ?
ელენე ასათიანი