myquiz

ვაშლს მხოლოდ გორში, ციტრუსს - აფხაზეთში, ალუბალს კი კასპში ყიდულობდა - როგორ შექმნა მიტროფონე ლაღიძემ „ლაღიძის წყლები“ - Gemrielia.ge

ვაშლს მხოლოდ გორში, ციტრუსს - აფხაზეთში, ალუბალს კი კასპში ყიდულობდა - როგორ შექმნა მიტროფონე ლაღიძემ „ლაღიძის წყლები“

„თუ გინდა იყო ლამაზი ქალი, უნდა დალიო ლაღიძის წყალი“ - ასე ჟღერდა ლაღიძის წყლების პირველი სლოგანი, რომელსაც გამყიდველები ქუთაისის ქუჩებში ხმამაღლა ყვიროდნენ.

 

 

ლაღიძის წყალი პოპულარული ქართული უალკოჰოლო სასმელია, რომელიც გაზიანი წყლითა და სხვადასხვა ნატურალური არომატით მზადდება. მისი წარმოების იდეა მომდინარეობდა სურვილიდან, რომ იმპორტირებული, ქიმიური დანამატების ნაცვლად, ლიმონათების წარმოება ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ხილეულისგან ყოფილიყო შესაძლებელი.

 

მიტროფონე ლაღიძე, ადამიანი, რომლის სახელიც ლაღიძის წყლების შექმნას უკავშირდება, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, უალკოჰოლო სასმელების წარმოების დამფუძნებელი საქართველოში და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახლდათ. მან ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში იმოგზაურა საფრანგეთსა და გერმანიაში და შეისწავლა ხილის გამოყენებით წყლის წარმოების მეთოდები, რომლებიც მოგვიანებით საქართველოში, საკუთარ წარმოებაში დანერგა.

 

 

მიტროფონე საკუთარი ბრენდის განვითარებაზე პირადად ზრუნავდა და მასში უზარმაზარ ადამიანურ რესურსსაც დებდა, სასმლის წარმოებისთვის მას მხოლოდ საუკეთესო პროდუქტი სჭირდებოდა, ბაზრის ადგილებსაც კი საგულდაგულოდ, პირადად არჩევდა და ვაშლს მხოლოდ გორში, ციტრუსს - აფხაზეთში, ალუბალს კი კასპში ყიდულობდა.

 

ბრენდის პოპულარობა საქართველოს საზღვრებს მალევე გასცდა, მასზე სტატია ნიუ-იორკ თაიმსმაც კი დაწერა. თუმცა ზოგიერთი ამერიკელი სპეციალისტი მას კვერცხის კრემს ადარებს, ქართული სასმელი მისთვის დამახასიათებელ არც რძეს და არც შოკოლადს არ შეიცავს.

 

 

დღეისათვის სასმელი არაერთ ადგილასაა ხელმისაწვდომი, თუმცა ბევრი აღნიშნავს, რომ იმ ლაღიძეს, რომელიც ძველად იყო, სულ სხვა გემო ჰქონდა.

 

თქვენ თუ გიყვართ ლაღიძის წყლები და თუ ამჩნევთ განსხვავებასა ძველსა და ახალ გემოს შორის?

 

გამოყენებული წყაროები:

 

https://www.nytimes.com/1988/06/15/garden/de-gustibus-soviet-egg-creams-sparkle.html

https://kvirispalitra.ge/article/45711-qlaghidzis-tsylebisq-istoria/

http://lagidze.ge/ka

 

ელენე ასათიანი