თუკი მარილს ერიდებით... 5 პროდუქტი, რომლითაც მისი ჩანაცვლება შეგიძლიათ
ამ სტატიაში გეტყვით, თუ რით შეიძლება რაციონში მარილის ჩანაცვლება კერძის გემოს შესანარჩუნებლად.
ზღვის კომბოსტო
ასე ეწოდება წყალმცენარე ლამინარიას. საკმარისია დავუმატოთ სალათას და იგი მიიღებს მარილის ზომიერ გემოს. ლამინარიის გამოყენება უმჯობესია მშრალი სახით: შევიძინოთ მზა ფხვნილი ან წყალმცენარის ფოთლები დავაქუცმაცოთ. დაკონსერვებული ზღვის კომბოსტო ხშირად შეიცავს დანამატებსა და დამატებით მარილს, ამიტომ აუცილებელია, წინასწარ გავეცნოთ მის შემადგენლობას.
იაპონიაში ლამინარიას „ზღვის ჟენშენს“ უწოდებენ, ვინაიდან გააჩნია უნარი, დროულად აღადგინოს ადამიანის ძალები. ზღვის კომბოსტო შეიცავს E, A, ჩ, D და მთლიანად В ჯგუფის ვიტამინებს, აგრეთვე სასარგებლო მიკროელემენტებს (იოდი, ფოსფორი, ნატრიუმი, რკინა, მაგნიუმი). აძლიერებს იმუნიტეტს, სისხლძარღვებს, ახდენს გულის მუშაობის ნორმალიზებას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ძმარი და ლიმონის წვენი
ისინი ფლობენ უნარს, „მოატყუონ“ გემოს რეცეპტორები და ამიტომ ნაკლებმარილიან კერძებში გამოიყენებენ.
საკმარისია, ცოტაოდენი ლიმონის წვენი დავუმატოთ სალათას, წვნიანს ან ცხელ კერძს, რომ უმარილობას ვერავინ შეამჩნევს. ციტრუსის გემო განსაკუთრებით უხდება თევზს. სალათაში ლიმონთან ერთად შესაძლებელია ფორთოხლის გამოყენებაც, ამისათვის ფორთოხლის წვენს უმატებენ ზეითუნის ზეთს და ცოტაოდენ სოიის სოუსს. უფრო ორიგინალური გემოს მისაღებად კარგია ვიტამინი С-ს დამატებაც.
სიმჟავის დასამატებლად გამოიყენება აგრეთვე ძმარი - სუფრის, ვაშლის, ღვინის, ბრინჯის, და ბალზამური სახეობები, რომლებიც გამოიყენება როგორც ხორციანი და თევზის კერძების გასაწყობად, ასევე სალათებისათვის.
მწვანილი და სანელებლები
ესენი ემატება კერძებს და ამდიდრებს მის გემოს. საუკეთესოა კამა, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, მწვანე ხახვი. მწვანილი გამოიყენება როგორც ნედლი სახით, ასევე გამშრალი, მაგრამ ვინაიდან სამრეწველო წარმოებაში დანამატები და მარილი ემატება, უმჯობესია, ჩვენ თვითონ დავამზადოთ.
კარგია ისეთი სურნელოვანი მწვანილების გამოყენება, როგორიცაა ტარხუნა, ნიორი, როზმარინი, ძირა, ქონდარი, ქინძის თესლი, პაპრიკა, კვლიავი, თავშავა, სალბი, ბაჰარი _ კერძს უფრო მკვეთრ გემოს სძენენ და ამდიდრებენ, ამასთანავე, აქვეითებენ მარილის მოთხოვნილებას. ბევრ სანელებელს აქვს უნარი, იმოქმედოს როგორც ანტიდეპრესანტმა და გააუმჯობესოს განწყობილება.
გამშრალი ბოსტნეული
გამშრალი ბოსტნეული წინასწარაა დამზადებული და შემდეგ ემატება კერძს. გამოიყენება არა მარტო მწვანილეული, არამედ, საჭიროების მიხედვით, ბოსტნეულიც.
ისინი შეიცავს სხვადასხვა დოზით ნატრიუმის ქლორიდს, ხოლო შრობის პროცესში მისი კონცენტრაცია რამდენჯერმე იზრდება, ამ დროს კი ვიტამინები და მიკროელემენტები ინახება.
თუ ნედლ ბოსტნეულს - სტაფილოს, პამიდორს, ბულგარულ წიწაკას შეცვლით გამშრალით, წვნიანები და ცხელი კერძები გაცილებით სასარგებლო იქნება.
ნიახური
ნიახური ცალკე უნდა გამოიყოს. იგი ზრდის პროცესში ნიადაგიდან შეიწოვს ორგანულ ნივთიერებებს და მის ფოთლებს, ყლორტებსა და ძირხვენაში მარილის გემო იგრძნობა.
გარდა ამისა, ნიახური, განსაკუთრებით კი მისი ძირხვენა, შეიცავს А, С, Е, ასევე В ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, სელენს, კალციუმს, მანგანუმს, თუთიასა და ფოსფორს. იგი აუმჯობესებს სახსრების მუშაობას, არეგულირებს არტერიულ წნევას, შედეგიანია ანემიის დროს და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
ნიახურისაგან შესაძლებელია დავამზადოთ „ნიახურის მარილი“. ამისათვის გასუფთავებული ძირხვენა, ფესვი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, გავაშროთ ღუმელში და დავფქვათ. სურვილის მიხედვით დავუმატოთ სხვა სანელებლები, გამშრალი ბოსტნეული და გამოვიყენოთ ნებისმიერ კერძში.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის გემოს რეცეპტორები ადაპტაციას თანდათანობით განიცდის და მარილის შემცირება კერძებში გამოიწვევს, უფრო ფართო დიაპაზონით შევიგრძნოთ გემოები და საკვებისგან სიამოვნება მივიღოთ.
ჟურნალი „გემრიელია“, თებერვლის ნომერი