„რა ვუთხრა ჩემს შვილს, როცა მკითხავს: შენ სად იყავი, როცა რუსი გვჟლიტავდაო?“ - ქართველი შეფი ირაკლი ბერიძე, რომელიც ოჯახთან ერთად უკრაინაში დარჩა
შეფმზარეული, „გემრიელიას“ ჯგუფის აქტიური წევრი ირაკლი ბერიძე ახლა უკრაინაში, სოფელ მიკულიჩინში იმყოფება. ის შეფია, მისი მეუღლე - ბრენდშეფი, ჰყავთ პატარა გოგონა, რომელიც უკრაინაში დაიბადა.
ირაკლის შეეძლო უკრაინიდან წასვლა, უსაფრთხო ადგილას გადასვლა, მაგრამ იგი კვლავ უკრაინაშია და სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ვიცი, რომ განიცდით ჩვენს მდგომარეობას.თქვენი აჩქარებული გულისცემა ჩვენამდე აღწევს, როგორც მაღლა აღმართული შეკრული მუშტი.
უამრავი თავბრუდამხვევი ამბები ხდება ჩვენს ირგვლივ, მაგრამ ის, რაც უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ხდება, ვერც კი შეედრება მას.
მიკულიჩინი ყველაზე დიდი სოფელია უკრაინასა და აღმოსავლთ ევროპაში, აქ სამუშაო ვიზიტით ჩამოვედით, მაგრამ განგებამ ისე მოაწყო, რომ ასეთ რთულ პერიოდშიც კი არ გვიფიქრია მისი დატოვება.
ჩემი ესკიზი „გუცული ნადიას ვნებანი“ თუ გახსოვთ, იქ ვწერ, რომ გუცულები ქართველებს ჰგვანან რაღაცით-თქო ...არ მიწყინოთ, ზოგიერთ ასპექტში გვაჯობეს კიდეც.
რესტორნის მეპატრონის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში დაწესებულება იმუშავებს, როგორც ჰოსპიტალი ან სასადილო ჯარისკაცებისთვის, ჩვენ მათ აქ დავჭირდებით...
მანამდე...მანამდე კი სრული მობილიზაცია გამოცხადდა, დაურიგდა საბრძოლო იარაღი როგოrც კაცებს, ასევე ქალებს. ტარდება სწავლებები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციებში.
ალბათ ყველა ხედავთ, როგორი ერთობა და სიმამაცე გამოიჩინა ერმა, ერთი გოჯი მიწის დამთმობი არ არიან, იმიტომ რომ სიმართლე მათ მხარესაა, ამიტომ მეც მათთან ერთად ვარ.
იყო შემოთავაზება: გაგიყვანთ პოლონეთის საზღვარზე...
ოცდახუთი კაცი მიყურებს, თუ რას ვიტყვი, აქ ყოველი სიტყვა სხვა ჭრილში ჟღერს...
- და რა ვუთხრა ჩემს შვილს, როცა მკითხავს: შენ სად იყავი, როცა რუსი გვჟლიტავდაო? გავიქეცი-თქო ვუთხრა?
- არა, ვრჩები!!!
უნდა გენახათ ორმოცდაათი იმედით და სიყვარულით გაბრწყინწბული თვალი.
ჩემი პატარა ნიკოლი საღამოობით სულ სხვანაირად მეხუტება, თითქოს ბოლოჯერ, აი ისე...მომეხუტება და მიმღერეო მთხოვს, ხან მეგრული დიდოუ ნანა გამახსენდება, ხან აჭარული სიმღერები...
ჯერ მიყურებს თვალებში, ასე მგონია მიმახსოვრებს...მერე გულის მხარეს დადებული აქვს თავი და მისმენს მთელი გულისყურით, ამომხედავს ცალი თვალით, მე კიდე თავს ვიკავებ, ცრემლი არ დაინახოს ჩემი...
ამის საშუალება რომ მაქვს, იმ ბიჭების დამსახურებაა, კიევს და სხვა ადგილებს გმირულად რომ იცავენ.
ჩვენ დღეს აქ ვართ, შედარებით უსაფრთხო ადგილას. ხვალე შეიძლება იქ აღმოვჩნდე...
ყველა მიყვარხართ, მაგრამ ნუ მეძახით ჩამოდიო. ეს ჩემი შვილის სამშობლოა, აქ დაიბადა და იზრდება. ეს გმირების სამშობლოა და მათთან ერთად ცხოვრებაც და ბრძოლაც დიდი პატივია.
Слава Україні !!!
Героям слава !!!