„ეკლიანი წკეპლით მივერეკებოდით თაგვებს...“ - ლეილა გაგნიძის ბავშვობის მოგონება
„გემრიელიას“ ფეისბუკჯგუფის წევრი ლეილა გაგნიძე ბავშვობის მოგონებას გვიზიარებს, რომელმაც ჩვენი ბევრი მკითხველი დააყენა ნოსტალგიურ განწყობაზე. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„თაგვო, თაგვო, გამოდი,
ანგელოზო, შემოდი“
აი, ასე - ერთ ხელში ქადებით და მეორე ხელში ეკლიანი ჯოხით მთელი სახლის კუთხე-კუნჭულს დავივლიდით და თუ სადმე გამოესვებოდა ეს ეკლიანი წკეპლა, საწოლების და კარადების ქვეშ საგულდაგულოდ ვუსვამდით, ხან მუხლებზეც კი ვიდექით პატარები მხიარული შეძახილებით.
„თაგვო, თაგვო, გამოდი,
ანგელოზო, შემოდი“
და ასე ეკლიანი წკეპლით მივერეკებოდით თაგვებს ღია კარებისკენ და სასწრაფოდ ვუხურავდით კარებს.
სახლში კი იფფფ, რა სუნი ტრიალებდა! ღორის ქონში მოშუშული და დედის ხელით გამომცხვარი ქადების.
ასე დავიმშვიდებდით თავს თაგვების გარეთ გაყრისა და ანგელოზების მოპატიჟების რიტუალით კმაყოფილნი და გემრიელად შევექცეოდით საოცარ ქადებს.
აბა ვის გახსოვთ ეს ტრადიცია და თუ გიმხიარულიათ თქვენც?
ეს ტრადიციული დღე მოძრავია და არ აქვს განსაზღვრული და დაწესებული ერთი განსაკუთრებული დღე.
„თაგოთაგობა“ უწევს კორკოტობის მერე კვირა დღეს, შუადღეს ცხვება ქადები და საღამოს უნდა გაირეკოს. ესე იგი ყველიერის კვირის დასასრულს, ანუ მარხვის დაწყების წინა დღეს.
ქადები უნდა იყოს მარილიანი გულსართით და არა ტკბილი.
ლეილა გაგნიძე