მე რომ კულინარიაში რამე გამეგებოდეს, ჩემი ბავშვობის „თოჯინების თეატრის ნამცხვარს“ გამოვაცხობდი... - თეა გვასალიას ნოსტალგიური მოგონება - Gemrielia.ge

მე რომ კულინარიაში რამე გამეგებოდეს, ჩემი ბავშვობის „თოჯინების თეატრის ნამცხვარს“ გამოვაცხობდი... - თეა გვასალიას ნოსტალგიური მოგონება

ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში ნოსტალგიურ პოსტს აქვეყნებს და „თოჯინების თეატრის ნამცხვარს“ იხსენებს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„მე რომ კულინარიაში რამე გამეგებოდეს, აღმაშენებელზე, თოჯინების თეატრთან ახლოს ვიქირავებდი ფართს და ერთადერთი სახეობის ბისკვიტს, ჩემი ბავშვობის „თოჯინების თეატრის ნამცხვარს“ გამოვაცხობდი, ოღონდ ზუსტად იმ ტექნოლოგიით და გემოთი, სკოლიდან  „ბატის ჭუკის“ სანახავად წაყვანილები რომ ვყიდულობდით ანტრაქტის დროს.

 

თოჯინების თეატრის დღე ჯერ ხომ იმიტომ გვიხაროდა, რომ გაკვეთილები გვიცდებოდა, მერე რამხელა მოვლენა იყო ჩვენთვის, სკოლას ავტობუსები რომ მოადგებოდა, არასასკოლო ფორმაში გამოპრანჭულები დავიკავებდით ადგილებს და ჩვენ კი გვეგონა გრძელ გზას ვადექით, სინამდვილეში  15 წუთში რომ მივადგებოდით ჯადოსნურ შენობას, სადაც თოჯინები ლაპარაკობდნენ, მღეროდნენ და ხანდახან  ტიროდნენ კიდეც.

 

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, იქ ნანახი წარმოდგენებიდან მხოლოდ „ბატის ჭუკი“ მახსოვს. პირველ კლასში რომ წაგვიყვანეს მის სანახავად, კინაღამ გადავირიეთ ჭუკი მელიამ რომ მოიტაცა და ხმის ჩახლეჩამდე ვუხმობდით მანანა დეიდას, რომელსაც უნდა დავერაზმეთ და სიმღერით წავეყვანეთ ბატის ჭუკის გამოსასხსნელად. სიმღერაც კი მახსოვს:

 

„გავეშუროთ ყველა
ნაღარით და ბუკით,
დავიჭიროთ მელა, 
ვიხსნათ ბატის ჭუკი“


ვერ გეტყვით  ანტრაქტი მძევლის გამოხსნამდე იყო, თუ შემდეგ, მაგრამ თეატრის ბუფეტში რომ არც ბატის ჭუკი გვახსოვდა, არც სადილის გარეშე დარჩენილი მელია და მთელი  ყურადღება და ემოციები იმ ღვთაებრივი გემოს მქონე ბისკვიტზე გადაგვქონდა, უზარმაზარ ლანგარზე რომ ელაგა მართკუთხა ნაჭრებად დაჭრილი და მებუფეტე ქალი ძლივს ასწრებდა ათასი გამოწვდილი პატარა ხელიდან ხურდა ფულის აღებას და მის ნაცვლად ბისკვიტის ჩადებას, ფაქტია.  არადა უბრალო, მოყვითალო ფერის  ბისკვიტი იყო, არც კრემი ესვა არც ქიშმიშით ან ცუკატებით იყო სავსე, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, მის შემქმნელ კულინარს, მიშლენის ვარსკვლავს მივანიჭებდი,  იმ დაუვიწყარი გემოსთვის, 45 წლის შემდეგაც რომ მახსოვს,  იმ სიამოვნებისთვის, თეატრში შეკრებილ, აჟივჟივებულ ბავშვებს რომ გვანიჭებდა და იმის საკომპენსაციოდ, ქართულ საბჭოთა კულინარიაში რომ მოუწია მოღვაწეობა და არა პარიზის ლათინური კვარტლის რომელიმე კაფეში, სადაც დილაადრიან დადგებოდა  „თოჯინების თეატრის ბისკვიტის“ და არომატული ყავის მსურველთა რიგი და რომელიმე დამწყები, საკუთარი ქვეყნიდან გადახვეწილი, სამხრეთამერიკელი მარკესი, ლიოსა ან კორტასარი, აუცილებლად მოიხსენიებდა  რომანში თუ არა, მემუარებში მაინც“, - წერს თეა გვასალია.

 

თქვენ თუ გახსოვთ ეს ნამცხარი? ან რეცეპტი თუ იცით?