შაქარი, წიწიბურა, ჭვავი... უკრაინამ 7 პროდუქტის ექსპორტი აკრძალა - რომელი და რა მოცულობით შემოდიოდა საქართველოში
უკრაინის მთავრობამ ჭვავის, ქერის, წიწიბურას, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკრძალა. ამის შესახებ დადგენილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღეს მიიღო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ 2021 წლის მდგომარეობით, ინფორმაციას ამ 7 პროდუქტიდან რომელის და რა მოცულობით იმპორტი ხორციელდებოდა საქართველოში უკრაინიდან.
გასულ წელს უკრაინიდან ცალკე ჭვავის იმპორტი არ განხორციელებულა, თუმცა ქვეყანაში შემოვიდა - 128.11 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 371.85 ტონა ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი;
წიწიბურას, ფეტვის და სხვა მარცვლეულის იმპორტმა 8.32 ტონა შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში - 46.08 ათასი აშშ დოლარია;
შაქრის იმპორტმა 41,79 ტონა და 76,49 ათასი დოლარი შეადგინა;
ამასთან, 2021 წელს ქვეყანაში შემოვიდა 1 278 740 აშშ დოლარის ღირებულების 10 069 ტონა მარილი;
რაც შეეხება ხორცს, გასულ წელს უკრაინიდან საქართველოში შემოვიდა 88,05 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 26 ტონა ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული, 7 476 570 დოლარის 2 274 ტონა გაყინული ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, და 476,23 ათასი დოლარის ღირებულების 189 ტონა ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული.