წამალი თუ საწამლავი? სიმართლე თაფლის შესახებ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის განმარტება - Gemrielia.ge

წამალი თუ საწამლავი? სიმართლე თაფლის შესახებ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის განმარტება

ამ თემის ირგვლივ დიდი ხანია არ წყდება მითქმა-მოთქმა. საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა იცის, რომ თაფლი ერთ-ერთი ბუნებრივი სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებდა როგორც საკვები, ასევე სამკურნალო დანიშნულებით.

მომხმარებლებმა უნდა ვიცოდეთ ყველა პროდუქტის როგორც სასარგებლო, ისე უარყოფითი თვისებები. მოგეხსნებათ, რომ სრულიად უვნებელი პროდუქტი არ არსებობს. მთავარია ის საფრთხეები, რაც თითოეულ პროდუქტშია, შევამციროთ, ვაკონტროლოთ ან მისაღებ დონემდე დავიყვანოთ, რათა ჩვენი ჯამრთელობისთვის უვნებელი იყოს. ასეთი მიდგომა გვჭირდება თაფლის შემთხვევაშიც, რადგან არსებობს ასეთი გამოთქმა: „წამალს და საწამლავს შორის განსხვავება მხოლო დოზაა“, ამიტომ მნიშვნელოვანია დავიცვათ მოხმარების დოზები. ეს ეხება დღიურ ნორმას. მოგეხსენებათ, თაფლი ალერგიული პროდუქტია და იმ ადამიანებს, ვისაც ამ პროდუქტის მიმართ ალერგიული ფონი უვითარდებათ, მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.

დაგაინტერესებთ: რომელი თაფლი რისთვისაა სასარგებლო?

ასევე აღსანიშნავია, რომ თაფლის მიღება 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის, რადგან არსებობს ბოტულიზმის სპორების საფრთხე, რომლებიც თაფლს მოყვება ნიადაგიდან, საიდანაც ფუტკარი იღებს ნექტარს, ბავშვის ორგანიზმი კი ამ ასაკისთვის ჩამოუყალიბებელია და ვერ გაუმკლავდება ბოტულიზმის გამომწვევ ბაქტერიას. აღსანიშნავია ისიც, რომ თაფლი შედგება სხვადასხვა შაქრისგან, მათ შორის:

ფრუქტოზისგან, რომელიც ნახშირწყლების ერთ-ერთი წყაროა;

გლუკოზისგან, რომელიც ასევე ადამიანის ორგანიზმის ენერგიის ერთ-ერთი წყაროა;

საქაროზისგან, რომელიც გლუკოზისა და ფრუქტოზის ნაერთია და ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია. თუმცა თაფლი ამ უკანასკნელს ყველაზე მცირე რაოდენობით შეიცავს.

თაფლში გლუკოზა და ფრუქტოზა ცალ-ცალკე გხვდება, ხოლო შაქარში - ერთად, საქაროზას სახით.

ასევე წაიკითხეთ: როგორ შევინახოთ თაფლი სწორად

აღსანიშნავი და ყურადსაღებია ისიც, რომ ხშირია თაფლის ფალსიფიცირების ფაქტები. ფალსიფიცირებულ პროდუქტს თაფლთან არაფერი საერთო არ აქვს. მომხმარებელმა უნდა შეაჩეროს არჩევანი მხოლოდ საუკეთესო, ხარისხიან თაფლზე, რომ არ დარჩეს მოტყუებული და არ შერჩეს ხელთ შაქრის სიროფით გაჯერებული „თაფლი“,რომელიც მხოლოდ უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს ჯამრთელობაზე.

ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს ქართული თაფლის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში. 2021 წლის მონაცემებით, 173 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, აქედან 143 ტონა - ევროპის ბაზარზე.

დაგაინტერესებთ: როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?

ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიტანოთ ორი დასკვნა:

1. უნდა შევარჩიოთ არაფალსიფიცირებული და ხარისხიანი პროდუქტი;

2. ნებისმიერი პროდუქტის მირთმევისას უნდა დავიცვათ ნორმა და გვახსოვდეს, რომ „წამალსა და საწამლავს შორის განსხვავება მხოლოდ დოზაა“.

ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი