როგორ მოვიგერიოთ საახალწლო სუფრის შემოტევები - რამდენიმე მარტივი რჩევა
ახალი წელი დატვირთული სუფრის გარეშე არ ჩაივლის. 31 დეკემბრის ღამეს, როგორც წესი, მაგიდა წელში იხრება ათასგვარი კულინარიული შედევრით, რომელიც, ძალიან ხშირად ერთმანეთს არ ეხამება. რა უნდა ქნათ, თუ ყველაფრის გასინჯვა გსურთ, მაგრამ ამავე დროს, საკუთარ ორგანიზმსაც უფრთხილდებით?
რამდენიმე მარტივი რჩევა გაითვალისწინეთ:
რჩევა პირველი:
საახალწლო სუფრა საშიში მხოლოდ ათვისებული საჭმელ-სასმელის რაოდენობით კი არა, მათი შეუთავსებლობის გამოცაა. მნიშვნელოვანია რომ კერძები არა მხოლოდ გემრიელად დაამზადოთ, არამედ თავის დროზე გაიტანოთ სუფრაზე. ამავე დროს, შეეცადეთ კერძები ერთმანეთს შეესაბამებოდეს. საახალწლო ვახშმამდე რამდენიმე საათით ადრე წაიხემსეთ, მიირთვით წვნიანი ან სხვა რაიმე მსუბუქი კერძი.
რჩევა მეორე:
ნუ დაიწყებთ საახალწლო ვახშამს უმი ხილ-ბოსტნეულის სალათით, მით უფრო თუ ის მაიონეზიანია. უმი მცენარეული უჯრედისი კუჭქვეშა ჯირკვალს გაგიღიზიანებთ, შესაძლოა პანკრეატიტის მიზეზიც გახდეს. გარდა ამისა, ასეთი საკვები ვერ აკავებს ალკოჰოლს და ის სწრაფად გადადის სისხლში, შესაბამისად სწრაფადვე დათვრებით.
რჩევა მესამე:
ეგზოტიკური კერძები და დელიკატესები მცირე ულუფებად მიირთვით: თქვენ ხომ არ იცით, როგორი რეაქცია ექნება თქვენს კუჭს ახალ პროდუქტზე.
რჩევა მეოთხე:
უარი თქვით გაზიან სასმელებზე. ისინი კუჭის მჟავიანობას აძლიერებენ და კუჭში სიმძიმის შეგრძნებას წვაც დაემატება.
რჩევა მეხუთე:
შეეცადეთ ზომიერად მიირთვათ სანელებლებიანი, ცხარე, შებოლილი ან შემწვარი საკვები.ისინი ნაღვლის ბუშტის მუშაობას ააქტიურებს და ზედმეტად ტვირთვს.
ახალი წლის ღამეს, თქვენს კუჭს მუშაობას გაუადვილებს ფერმენტული პრეპარატები, რომლებიც ჭამიდან ნახევარ საათში უნდა მიიღოთ. ზოგადად ასეთი პრეპარატების მიღება ექიმის თანხმობით უნდა მოხდეს, მაგრამ წელიწადში 1-2 -ჯერ მსგავსი პროფილაქტიკა შესაძლებელია.
სხვათაშორის: მამაკაცის კუჭის მოცულობა 3 ლიტრს შეადგენს, ხოლო ქალის 0,5 ლიტრით ნაკლებს. ამიტომ შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად და ნუ გადააჭარბებთ.
თუ მადისაღმძვრელმა კერძებმა ზომიერება და ჯანსაღი კვება დაგავიწყათ, სასოწარკვეთილებაში მაინც ნუ ჩავარდებით. მთავარია თავს ძალა დაატანოთ და დესერტიც მიირთვათ! როგორც ნორვეგიელმა ექიმებმა განაცხადეს ლოვისენბერგის საავადმყოფოდან, ტკბილეული საჭმლის მონელებაში გვეხმარება, ამიტომ შოკოლადი ყველა სუფრაზე უნდა იყოს. ეს აზრი ექიმ არნოლდ ბერსტადს არც ისე დიდი ხნის წინ გაუჩნდა. მისი აზრით, და ამაში კოლეგებიც ეთანხმებიან, შაქრის და მასში შემავალი გლუკოზის დახმარებით კუჭს ეგზავნება სიგნალი , რომლის შედეგადაც დუნდება და მისი კედლები ელასტიური ხდება. შესაბამისად, კუჭში ჩნდება თავისუფალი ადგილი და ქრება სიმძიმის შეგრძნება. ასეთი პატარა ეშმაკობის წყალობით, შეგიძლიათ თამამად შემოუსხდეთ საახალწლო სუფრას.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!