3 საინტერესო უკრაინული კერძი, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯო
ეროვნულ სამზარეულოზე, პირველ რიგში, გავლენას ახდენს ადგილი, სადაც ამზადებდნენ საჭმელს, ანუ კერა. უკრაინელებისთვის ასეთ ადგილს წარმოადგენდა ე. წ. «вариста піч», დახურული ტიპის კოცონი. ამიტომ, უკრაინული სამზარეულო ძირითადად იყენებს ხარშვის, ჩაშუშვისა და ცხობის ტექნიკას. ზაპორიჟელი კაზაკებიც კი ნანადირევისგან „იუშკას“ (ბულიონს) ხარშავდნენ და არ წვავდნენ ხორცს შამფურზე, რაც, მაგალითად, გერმანელებისთვის უფრო დამახასიათებელია.
უკრაინულ ეროვნულ სამზარეულოს, ბორშისა და პელმენების გარდა, ბევრი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი კერძი აქვს. კომპანია „ნიკორა“ წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო კერძის რეცეპტს, რომელთა მომზადებას სახლის პირობებში, თავადაც შეძლებთ.
1. ბანოში
ბანოში ტრანსკარპათიელი მთის მწყემსების საყვარელი კერძია. ეს რეცეპტი 300 წელზე მეტი ხნისაა. ძველად მისი მომზადების ერთი წესი იყო: ბანოშის ფაფა უნდა მომზადებულიყო ცეცხლზე და აუცილებლად მამაკაცის ხელით.
ინგრედიენტები:
• არაჟანი 1 ჭიქა
• წყალი 1 ჭიქა
• სიმინდის მარცვალი (ძალიან წვრილად დაფქული) 1 ჭიქა (200 გ)
• მარილი გემოვნებით
• შაშხი ჩალაღაჯი 100 გ
• ყველი (ბრინზა) 200 გ
• კარაქი 30 გ
მომზადების წესი:
1. შემოდგით ცეცხლზე ქვაბი, ჩაასხით 1 ჭიქა წყალი (200 მლ) და დაელოდეთ ადუღებას. დაუმატეთ მარილი და ჩაყარეთ სიმინდის მარცვალი. ხარშეთ და თან ურიეთ გამუდმებით.
2. დაუმატეთ არაჟანი, ამოურიეთ და განაგრძეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე. საჭიროებისამებრ, თუ ფაფა გასქელდა, დროდადრო დაუმატეთ ადუღებული წყალი.
3. როდესაც ფაფა მზად იქნება, დაუმატეთ კარაქი და გადმოდგით ცეცხლიდან.
4. შებოლილი ჩალაღაჯი დაჭერით პატარა კუბებად და შეწვით ტაფაზე.
5. „ბრინზა“ ჩანგლით დაფხვენით, რომ ხაჭოს სტრუქტურა მიიღოთ.
6. მზა ბანოში (ფაფა) ამოიღეთ ღრმა თეფშზე. მოაყარეთ ზემოდან დაფხვნილი ყველი „ბრინზა“ და შემწვარი შაშხი. მიირთვით ცხელი.
2. კარტოფილის სალათა „ბუკოვინა“ შებოლილი ძეხვით
ინგრედიენტები:
• კარტოფილი 500 გ
• წითელი ხახვი 2 ცალი
• შებოლილი ძეხვი „უკრაინული“ 200 გ
• შაშხი ბეკონი 120 გ
• კიტრის მარინადი 5 ცალი
• ძმარი 4 სკ
• ოხრახუში 5 ღერი
• მარილი და პილპილი გემოვნებით
• ყავისფერი შაქარი 1 სკ
მომზადების წესი:
1. კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ, დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად და მოხარშეთ. შემდეგ, გადაიტანეთ საწურზე.
2. ბეკონი დაჭერით და შეწვით ღრმა ტაფაში. ამოიღეთ შემწვარი ბეკონი და იმავე ტაფაში შეწვით დაჭრილი ძეხვი და ხახვი.
3. დაჭრილი ოხრახუში, შაქარი, მარილი, ძმარი დაუმატეთ, ჩათუშეთ, თან ურიეთ, სანამ ძმარი არ აორთქლდება. გამოიყენეთ თეთრი ღვინის ან ვაშლის ძმარი.
4. დაუმატეთ კარტოფილი, აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. როცა კარტოფილი შეგრილდება, დააყარეთ კიტრის მარინადი და დაუმატეთ პილპილი. სალათა გადაიტანეთ ღრმა ჯამში, მოაყარეთ ოხრახუში და შემწვარი ბეკონი.
3. უკრაინული „გალუშკები“ ბეკონით და ყველით
ინგრედიენტები:
• რძე 510 მლ
• ხორბლის ფქვილი 490 გ
• დაჭრილი ხახვი 1 კგ
• ბეკონი 350 გ
• ზეთი 1 სკ
• ნაღები 35% 800 მლ (ან 1 არაჟანი)
• ქათმის ბულიონი 1 ლ (შეგიძლიათ გამოიყენოთ ბულიონის კუბიკი)
• ნიორი 10 კბილი
• კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი - თითო კონა
• ყველი „მოცარელა“ 200 გ
• მარილი/პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. რძე, ფქვილი და მარილი შეურიეთ და მოზილეთ ცომი. მიეცით სოსისის ფორმები (დაახლ. 100 გრამიანი), დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოხარშეთ მდუღარე მარილიან წყალში (ადუღებიდან დაახლოებით 4 წთ). შემდეგ ამოიღეთ ქაფქირით თეფშზე.
2. ბეკონი დაჭერით ზოლებად. ხახვი - პატარა კუბებად. შეწვით ღრმა ტაფაში, მზესუმზირას ზეთში, დააყარეთ დაჭრილი ბეკონი და წვრილ სახეხზე გახეხილი ნიორი. როდესაც შეიწვება, დაასხით ბულიონი და დაუმატეთ ნაღები. მასას გამუდმებით უნდა ურიოთ.
3. მიღებულ სოუსს დაუმატეთ მარილი და მოხარშული ცომის „გალუშკები“, დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხახვი. შუშეთ 5-7 წუთამდე, შემდეგ დაუმატეთ პილპილი.
4. თიხის ქოთანში ამოიღეთ „გალუშკები“, ზემოდან დაადეთ გახეხილი „მოცარელა“ და აცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით 5 წუთი. სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
გემრიელად მიირთვით!