სანელებლები საახალწლოდ - Gemrielia.ge

სანელებლები საახალწლოდ


ვანილი - აუცილებლად! ყველანაირ საკონდიტრო ნაწარმს უხდება გოზინაყის ჩათვლით. ბოლო წამებში, მოაფრქვიეთ ცოტა ვანილი, კარგად აურიეთ და დაასრულეთ გოზინაყის მომზადება. კარადაში, სადაც ამ გემრიელ სასუსნავს შეინახავთ, თავბრუდამხვევი არომატი დატრიალდება 

დარიჩინი - დაფქულიც და ჯოხებიც. ჯოხებს ცხელ ღვინოში ან საშობაო კომპოტში ჩაამატებთ, დაფქული ტკბილეულის გარდა, ხორცეულსაც შეგიძლიათ მოაყაროთ, ძალიან უხდება. ვაშლის ღვეზელები ხომ წარმოუდგენელია მის გარეშე!

GEMRIELIA

ჯანჯაფილი - განსაკუთრებული და გამორჩეული. როგორ უხდება შობა-ახალი წლის სუფრას ჯანჯაფილიანი არომატული ხრაშუნები ! სულ ცოტას თუ ქიშმიშიან და ჩირებიან კექსებში ჩაამატებთ, განსხვავებას ნამდვილად იგრძნობთ, თუმცა განსაკუთრებით კარგი ამისთვის ჯანჯაფილის ჩირია. ნედლი ჯანჯაფილით ძალიან სასარგებლო და გემრიელ ლიმონათებს, ჩაის მოამზადებთ, ხორცს დააბასტურმებთ.

ცედრა - ლიმონის, ფორთოხლის... თქვენ თავად გააკეთეთ, აახეხეთ ციტრუსს კანი და მზადაა  კექსებს, ფუნთუშებს, კრემებს საოცარ არომატს ჰმატებს, ტკბილ ბრინჯის ფლავსაც ძალიან უხდება. შეგიძლიათ თხლად ათლილი ყვითელი ქერქი შაქართან ერთად გაატაროთ მანქანაში ან კომბაინში დააქუცმაცოთ და ქილით მაცივარში შეინახოთ.

კარდამონი (ილი) - მსოფლიოში ყველაზე ძვირი სანელებელია ზაფრანასთან ერთად. საოცრად უხდება საკონდიტრო ნაწარმს, ცომეულს და ბევრ ქვეყანაში ხორციან კერძებთანაც იყენებენ. ახალდაფქული საოცარი სურნელით გამოირჩევა და საახალწლო კექსებსა და შტოლენებს განსაკუთრებულს ხდის

ანისის ვარსკვლავი, დარიჩინთან ერთად ციტრუსის კომპოტს უხდება, სცადეთ!

GEMRIELIA

პილპილის მარცვლები - შავი, წითელი, თეთრი, მწვანე... ყველას შესანიშნავი არომატი აქვს და გირჩევთ ახალდაფქული გამოიყენოთ. შეგიძლიათ მარცვლები მსხვილ მარილთან, ცოტაოდენ ზეითუნის ზეთთან და როზმარინის რამდენიმე ფოთოლთან ერტად ჩანაყოთ - შესანიშნავი სანელებელია შესაწვავი ხორცისთვის.

უცხო სუნელი, ქინძი, ყვითელი ყვავილი - თუ საცივის მომზადებას გეგმავთ, აუცილებლად შეიძინეთ

ძირა - ხორციანი კერძების მეგობარია. განსაკუთრებით უზბეკურ ან შილა ფლავს უხდება, მაგრამ ნურც სხვა კერძებში დამატებას შეუშინდებით - ექსპერიმენტები საინტერესოა!

წიწაკა - წითელი, ცხარე, სურნელოვანი! გგონიათ მხოლოდ კერძებს უხდება? სცადეთ მისი დამატება შოკოლადის ტრიუფელებში, ან ბრაუნიში, ჩვეულებრივ შოკოლადის კექსში - ნახავთ როგორი პიკანტური და საინტერესოა.

GEMRIELIA