myquiz

სამარხვო ვახშმის 4 საინტერესო იდეა თქვენი ოჯახისთვის - Gemrielia.ge

სამარხვო ვახშმის 4 საინტერესო იდეა თქვენი ოჯახისთვის

 
2022 წელს აღდგომის მარხვა 7 მარტიდან 24 აპრილამდე გრძელდება. მარხვის პერიოდში არის თევზით ხსნილი დღეები, ზოგისთვის კი თევზის მირთმევა მთლიანი მარხვის პერიოდშია ნებადართული. „ნიკორას“ შვილობილი  კომპანია „ოკეანე“, რომელსაც ქართველი მომხმარებელი თევზეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით იცნობს, გთავაზობთ გემრიელი და საინტერესო კერძების რეცეპტებს, რომლებიც მარხვის პერიოდში შეგიძლიათ მიირთვათ.

 

1. „სევიჩე“ ნორვეგიული ორაგულით, ავოკადოთი და გრეიპფრუტით

 

 

ლათინოამერიკული სამზარეულოს საქართველოში ნაკლებად ვაფასებთ, არადა ის გემოები ჩვენთან ძალიან ახლობლურიც კია. სალათის ვერსია, რომელსაც ახლა გთავაზობთ, აუცილებლად მოგეწონებათ. ორიგინალური გემოს გარდა, ის ძალიან სასარგებლოცაა. „სევიჩე“ ძალიან სწრაფად და მარტივად მოსამზადებელია. ის შეგიძლიათ მოამზადოთ აღდგომის დღესასწაულზეც. ამ ორიგინალური კერძის მთავარი ინგრედიენტი ნორვეგიული ორაგულია, რომელიც მზა სახით შეგიძლიათ შეიძინოთ. 

 

 

ინგრედიენტები:

 

•    ნორვეგიული ორაგული - 1 შეფუთვა (120 გ)

•    ლაიმი 1 ცალი

•    გრეიპფრუტი 1 ცალი

•    ავოკადო 1 ცალი

•    ზეითუნის ზეთი ½ სკ

•    წიწაკა პეპერონი 1 ცალი

•    მწვანე ხახვი 3 ღერი

•    რუკოლა გემოვნებით

•    ოხრახუში 1 ძირი

•    მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესი:

 

1.    თევზი დაჭერით თხელ ფირფიტებად და გამოაცალეთ ფხები. 

 

2.    გრეიპფრუტი გაფცქვენით და დაჭერით ბრტყელ, თხელ ნაჭრებად. გამოაცალეთ კურკები. არ გადაღვაროთ წვენი, რომელიც დაჭრის დროს გამოუვა. 

 

3.    გამოწურეთ წვენი ლაიმისგან და შეურიეთ გრეიპფრუტის წვენს. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. აურიეთ და ჩადეთ შიგნით დაჭრილი გრეიპფრუტის ნაჭრები. 

 

4.    ავოკადო გაფცქვენით და დაჭერით თხლად, მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაუმატეთ გრეიპფრუტს. 

 

5.    დაჭრილ ორაგულს მოაყარეთ წვრილად დაჭერილი წიწაკა და დაჭრილი მწვანე ხახვის თეთრი ნაწილი. მოასხით ლაიმის წვენი და 10 წთ. დატოვეთ. 

 

6.    10 წუთის შემდეგ, თევზი გადაურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს, ლამაზად ამოიღეთ თეფშზე და მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და რუკოლას ფოთლები. 

 

2. კარტოფილის როლები ბოსტნეულითა და ქაშაყით

 

 

ქაშაყი და მოხარშული კარტოფილი იდეალური კომბინაციაა, თუმცა, როგორც წესი, მას სალათის სახით ან უბრალოდ ერთად მივირთმევთ. კარტოფილის და ქაშაყის როლები ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია და სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს. 
 

 

ინგრედიენტები:

 

•    ქაშაყის ფილე - ერთი შეფუთვა (250 გ) 

•    კარტოფილი 4 ცალი

•    სტაფილო 1 ცალი

•    ჭარხალი 1 ცალი

•    მაიონეზი 1 სკ

•    წითელი ხახვი 1 ცალი

•    მწვანილი გემოვნებით

•    მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესი:

 

1.    მოხარშეთ ჭარხალი და სტაფილო კანიანად. გააცივეთ და გაფცქვენით. 

 

2.    მოამზადეთ კარტოფილის პიურე. როდესაც გაგრილდება, გადაიტანეთ როლების ბამბუკის ფირფიტაზე (დააფინეთ მასზე პოლიეთილენის პარკი) და კოვზით კარგად გააბრტყელეთ. 

 

3.    მოხარშული სტაფილო დაჭერით მოგრძო ზოლებად და დადეთ 3 მწკრივად, კარტოფილის ფენაზე. ოდნავ ადგილი დაუტოვეთ კიდეებში. 
 

 

4.    ჭარხალიც ანალოგიურად დაჭერით და დადეთ სტაფილოს გვერდით. ბამბუკის ფურცლით (მაკისუ) დაახვიეთ როლი და ოდნავ დააწექით, რომ ოთხკუთხედი ფორმა მიიღოს. როლს კიდეები ჩამოაჭერით და დაჭერით სუშის მსგავსად. გადაიტანეთ თეფშზე.

 

5.    ქაშაყის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად და თითოეულ როლს დაადეთ ზემოდან. 

 

6.    წითელი ხახვი რგოლებად დაჭერით და დაადეთ ქაშაყს. მწვანილით გააფორმეთ სურვილისამებრ. 

 

 

3.  ქაშაყის სალათა კარტოფილით და დიჟონის მდოგვით
 

 

ეს არის ტრადიციული სალათის საინტერესო ვერსია, დიჟონის მდოგვით. 

 

ინგრედიენტები:

 

•    ქაშაყის ფილე 4 ცალი (შეგიძლიათ შეიძინოთ „ოკეანეს“ ქაშაყის ფილე სასურველი წონითაც)

•    3 სკ ზეითუნის ზეთი

•    2 სკ ლიმონის წვენი (დაახლ. 1 ცალი ლიმონი)

•    ½ ჩკ მარილი

•    ½ ჩკ ახლად დაფქული შავი პილპილი 

•    1 სკ დიჟონის მდოგვი

•    5-6 ღერი ოხრახუში და ამდენივე კამა

•    ½ წითელი ხახვი

•    450 გ კარტოფილი

 

მომზადების წესი:

 

1.    პატარა ჯამში შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. ათქვიფეთ ჩანგლით კარგად. დაუმატეთ დიჟონის მდოგვი, დაჭრილი ოხრახუში, კამა და წითელი ხახვი (რგოლებად). აურიეთ. დააფარეთ ჯამს საკვები პოლიეთილენის პარკი და მაცივარში შედგით, მინიმუმ 30 წთ. 
 

 

2.    კარტოფილი კარგად გარეცხეთ ჩოთქით და მოხარშეთ ქვაბში, მარილიან წყალში. როდესაც გაგრილდება, დაჭერით კანიანად, 1 სმ. სისქის ნაჭრებად და მოათავსეთ ჯამში. 

 

3.    ზემოდან დაადეთ დაჭრილი ქაშაყის ნაჭრები და მოასხით სოუსი. 

 

4. კარტოფილის კრემ-სუპი შებოლილი თევზით

 

 

ნოყიერი და არომატული წვნიანი შეგიძლიათ მოამზადოთ ცხლად შებოლილი სკუმბრიით. 

 

ინგრედიენტები:

 

•    ხახვი 1 ცალი

•    ნიორი 1 კბილი

•    კარტოფილი 3 ცალი

•    ბოსტნეულის ბულიონი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ბულიონის კუბიკი) 1,25 ლ.

•    მარილი, პილპილი გემოვნებით 

•    მწვანე ხახვი 2 ღერი

•    შებოლილი სკუმბრია 120 გ 

•    მწვანილი - მოსართავად

 

მომზადების წესი:

 

1.    ხახვი და ნიორი დაჭერით და მოხრაკეთ ქვაბში, ცოტა ზეთთან ერთად. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და დაასხით ბოსტნეულის ბულიონი. დაახურეთ თავსახური და მოხარშეთ. როდესაც შეგრილდება, დაუმატეთ მარილი, ლიმონის წვენი, პილპილი და დააბლენდერეთ. 

 

2.    გარეცხეთ მწვანე ხახვი და დაჭერით წვრილად. შებოლილი სკუმბრია გაფცქვენით, გამოაცალეთ ფხები და დაჭერით პატარა ნაჭრებად. 

 

3.    თევზი და მწვანე ხახვი მოათავსეთ ღრმა ჯამებში და დაასხით ცხელი კრემ-სუპი. მორთეთ მწვანილით. 
გემრიელად მიირთვით!