როგორ შევადგინოთ საახალწლო მენიუ
დიასახლისები ყოველთვის ცდილობენ, მთელი თავიანთი კულინარიული ნიჭი გამოიყენონ, რათა მაგიდაზე და სტუმრების კუჭში თავისუფალი ადგილები არ დარჩეს. შედეგად ადამიანი იღებს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ალკოჰოლის გადამეტებულ დოზას, რაც ორგანიზმისთვის ნამდვილი შოკია და მის გადაღლას იწვევს.
თუ საახალწლო ვახშამს წინასწარ გონივრულად დაგეგმავთ, შეძლებთ დაზოგოთ ფული, დრო, ენერგია და ამავე დროს არ მიაყენოთ ზიანი ჯანმრთელობას.
ნაბიჯი პირველი:
მოიფიქრეთ ცხელი კერძი - ეს ძირითადი კერძია, რომლის გარშემოც მთელ მენიუს ააწყობთ. მას უნდა შეუხამოთ საუზმეული. იდეალური კერძია ღუმელში მომზადებული ფრინველი, თევზი, ღორის ან საქონლის ხორცი - ნოყიერია, კარგად გამოიყურება და მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს მომზადებისას.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ საუზმეული ე.წ. სტარტერი. 2 სახეობის სალათა და 1-2 სახის ბუტერბროდი ან კანაპე სრულიად საკმარისია.
ეცადეთ, არ გაიმეოროთ სალათში იგივე პროდუქტები, რაც ძირითად კერძში შედის. თუ ცხელ კერძად ქათამს, ინდაურს, იხვს ამზადებთ, მაშინ სალათში საქონლის ხორცი დაამატეთ და პირიქით. კერძების გემო ასე უფრო მრავალფეროვანი იქნება.
მეორე სალათა ცოცხალი ბოსტნეულით მოამზადეთ. ხორციან კერძებს ძალიან უხდება კომბოსტოს, კიტრის, პამიდვრის მსუბუქი სალათა. სალათები უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ შეაზავეთ სოუსით.
ბუტერბროდებისთვის შეგიძლიათ თევზეული გამოიყენოთ: დამარილებული ორაგული, თინუსის კონსერვი, ასევე პაშტეტი, ძეხვეული.
ნაბიჯი მესამე:
შეარჩიეთ დესერტი, ხილი და სასმელი.
ალკოჰოლური სასმელი, მინერალური წყალი, წვენი და ხილი წინასწარაც შეგიძლიათ იყიდოთ. ეს დროს დაგიზოგავთ. დესერტის სახით შეგიძლიათ ნაყინი ან ტორტი შესთავაზოთ სტუმრებს, აქ ყველაფერი თქვენს გემოვნებასა და სურვილზეა დამოკიდებული. ნაყინის სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ მას წინასწარ იყიდით და არანაირი მომზადება არ სჭირდება. უბრალოდ ამოიღეთ ლამაზ ჭიქებში ბურთულები და მორთეთ ხილით, სხვადასხვა სიროპით, შოკოლადით, თხილით და ა.შ. შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი კონიაკიც დააპკუროთ და შემდეგ ცეცხლის ალმოკიდებული მიართვათ გაოცებულ სტუმრებს.