როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი მესხური დელიკატესი - ტენილი ყველი? - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი მესხური დელიკატესი - ტენილი ყველი?

ტენილი ყველი მესხეთის საგანძურია, რომელსაც გაფრთხილება, მემკვიდრეობით გადაცემა და შენარჩუნება სჭირდება. სამწუხაროდ, არც ისე ბევრი ადამიანია შემორჩენილი ვისაც მისი ტრადიციული წესით დამზადება ახსოვს, იცის და მისდევს.

ტენილი ყველი ნაღებისგან მზადდება ანუ იმ ცხიმოვანი ფენისგან რომელსაც დილით მოწველილი რძე საღამომდე მოიკიდებს თავზე, ხოლო საღამოს მოწველილი-დილისთვის. ნაღებმოხდილ რძეს ერთი დღით დაასვენებენ. შემდეგ რძეს ცეცხლზე შემოდგამენ და ნელ-ნელა დვრიტას სითხეს ჩაამატებენ. მესხეთში რძის შესადიდებლად დვრიტას სითხეს გამოიყენებენ რომელიც თავად მაჭიკისგანაა დამზადებული. მაჭიკი ზოგიერთი ცხოველის კუჭის ნაწილია რომელსაც ჯერ დაამარილებენ, შემდგომ ახმობენ და ყველის შესადედებლად გამოიყენებენ. დამარილება კი შემდეგნაირად ხდება; ქილაში ანდა რაიმე ჭურჭელში მოთავსებულ მაჭიკს შრატს დაასხამენ და ცოტაოდენ ქვამარილს ჩაამატებენ. იგი რამოდენიმე დღეში იქნება მზად.

შედედებულ ყველს ხის კოვზით ზედ გობზედვე ჩააჭერენ რომ ყველიდან შრატი გამოდევნონ და ცხელ-ცხელივეს რძიდან ამოიღებენ ჯერ მომრგვალებული ფორმით რომ ყველის სრული მასა ხელზედ მოიგროვონ, მერე ამ ყველს წრისებურ ფორმას მისცემენ და ცხელსავეს ხელზედ ატრიალებენ რომ გაიწელოს და გრძელი, შეკრული ძაფის გორგალისებური ფორმა მიიღოს. ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია, ამასთანავე სისხარტეს და მოქნილობას მოითხოვს. პარალულურად, ამ ძაფისმაგვარ ყველს იმ ცხელ შრატში ჩააბრუნებენ და ატრიალებენ რომ ყველი გამოიყვანონ. ყველის დაწვრილების ამ წუთებში შრატი მუდმივად ცხელი უნდა იყოს, ამიტომ ქვაბში ცხელი შრატის ჩამატებაა-ხოლმე საჭირო. პროცესი 20-25 წუთს მაინც გრძელდება შეუსვენებლივ.

მომზადების ამსახველი ვიდეო და ფოტოები იხილეთ აქ