საქართველოში ზეთი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს
საქართველოში ზეთი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. ამის მიზეზი კი მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში - რუსეთში საექსპორტო გადასახადის ზრდა შეიძლება გახდეს.
კერძოდ, 1-ლი მაისიდან რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი 313 დოლარიდან ტონაზე 372,2 დოლარამდე გაიზრდება. ასევე, 1-ლი მაისიდან მზესუმზირის შროტზე საექსპორტო გადასახადი დაწესდება და ტონაზე 96,3 დოლარი იქნება. ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი გადასახადი რუსეთში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან მოქმედებს. მზესუმზირის დემპფერის მექანიზმი რუსეთში მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე იმუშავებს.
ცნობისათვის, საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ სულ 2,968 მლნ დოლარის ღირებულების 1 914 ტონა ზეთი შეიძინა. იმპორტირებული პროდუქციის 76,7% - 1 469 ტონა სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.