„ხახვის ფურცლების ნახარში თმას აჯანსაღებს და ბრწყინვალებას მატებს, თანაც ძალიან კარგად ღებავს“ - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
ხახვი ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილია. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი მცენარეული კულტურა არაფრით გამოირჩევა, მაგრამ ასე არ არის. "ადამიანებს წარმოდგენაც არა აქვთ, რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ამ უპრეტენზიო მცენარეს", - ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნატო კაკაბაძე.
- საქართველოში ხახვი დაახლოებით 4 ათასი წლის წინ დამკვიდრდა. მის გარეშე ქართული კულინარია წარმოუდგენელია - თითქმის არ არსებობს კერძი, რომლის შემადგენლობაში ხახვი არ შედის. ის შეიცავს ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, კაროტინებსა და უამრავ სასარგებლო ნივთიერებას. ხახვის გამოყენება შესაძლებელია როგორც ნედლი, ისე გადამუშავებული სახით. ფერის მიხედვით ხახვის რამდენიმე სახეობა არსებობს: წითელი, თეთრი, მუქი ჩალისფერი, ღია ჩალისფერი, გემოს მიხედვით კი ცხარე, ნახევრად ცხარე და ტკბილი. სხვათა შორის, მწარე ხახვი გარემო პირობებს უფრო უძლებს და უკეთესადაც ინახება.
- ცნობილია, რომ ხახვი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა. რა განაპირობებს ამას?
- რა თქმა უნდა, მისი შემადგენლობა. ხახვი გარედან თხელი, სიფრიფანა ფურცლებით არის დაფარული, რომელთაც სამკურნალო თვისებები აქვთ. ხახვის ფურცლებს უხსოვარი დროიდან იყენებენ არაერთი დაავადების სამკურნალოდ. ამ საკითხის ამოწურვა ინტერვიუში შეუძლებელია, თუმცა რამდენიმეს მაინც ჩამოვთვლი: ბრონქიტი, დერმატიტი, კანის, თირკმლის, საშარდე ბუშტის დაავადებები. ხახვის ფურცლის ნაყენს იყენებენ სურდოსა და ვარიკოზის სამკურნალოდ, ის იმუნიტეტს აძლიერებს და ამ მხრივ თითქმის შეუცვლელი საშუალებაა. ისიც ვიცით, რომ ხახვის ფურცლების დახმარებით შეღებილ სააღდგომო კვერცხს საოცრად ნატიფი ფერი აქვს. მეტიც, ხახვის ფურცლების ნაყენი სასარგებლოა ნიადაგისა და მცენარეებისთვის.
- როგორ იყენებენ მას ფერმერები?
- ხახვის ფურცლების ნახარში ნიადაგს ანოყიერებს, აჯანსაღებს და საუკეთესოდ კვებავს მცენარეებს. ამ დროს მაღლდება მცენარის იმუნიტეტი, უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა და ეს მოსავლიანობაზეც აისახება.
- როგორ უნდა მოვამზადოთ ხახვის ფურცლების ნახარში?
- 3-4 თავი ხახვი გავარჩიოთ და მის ფურცლებს, რომლებიც დაახლოებით 50 გრამს იწონის, 1-1,5 ლიტრი ადუღებული წყალი დავასხათ. გავაჩეროთ, სანამ არ გაცივდება, გადავწუროთ და ნაყენი მცენარეების ფესვებსა და ფოთლებს შევასხუროთ.
ნაყენი განსაკუთრებით კარგად ოთახის მცენარეებსა და ყვავილებზე მოქმედებს. თუ მათ რაიმე დაავადება ან მავნებელი ჰყავთ, ბუგრები იქნება, თრიფსები თუ სხვა რამ, ხახვის ნაყენი ყველას გაანადგურებს, მცენარეს კი გააძლიერებს და გააჯანსაღებს.
ძალიან კარგია ხახვის დაქუცმაცებული ფურცლების ნიადაგზე მოყრა: მორწყვის შედეგად ხახვის ფურცლები ნიადაგში ჩადის და ამით არა მარტო ნიადაგი ნაყოფიერდება, არამედ უმჯობესდება მცენარის ვეგეტაციური ორგანოების განვითარებაც. ხახვის ფოთოლს ხშირად იყენებენ ბოსტნეული კულტურების მოსაყვანადაც... გააგრძელეთ კითხვა