ჩვეულებრივ, რეცეპტს საიდუმლოდ ინახავენ, მაგრამ... როგორ მზადდება ნამდვილი მეგრული აჯიკა (მწვანე და წითელი) - Gemrielia.ge

ჩვეულებრივ, რეცეპტს საიდუმლოდ ინახავენ, მაგრამ... როგორ მზადდება ნამდვილი მეგრული აჯიკა (მწვანე და წითელი)

მეგრული აჯიკა არა მხოლოდ საქვეყნოდ არის განთქმული, არამედ საზღვრებს გარეთაც. აღსანიშნავია ისიც, რომ მეგრულ აჯიკას, აფხაზურ აჯიკასთან ერთად, არც ისე დიდი ხნის წინ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ნამდვილი მეგრული აჯიკის რეცეპტს ვერც ნებისმიერ კულინარიულ წიგნში შეხვდებით და ვერც ნებისმიერ საიტზე. ყველაზე სანდო რეცეპტი იმ დიასახლისებს ეკუთვნით ხოლმე, რომლებიც ტრადიციული რეცეპტით, წლების განმავლობაში ამზადებენ აჯიკას. სწორედ ასეთი აჯიკის რეცეპტს გიზიარებთ.

„წითელს სამეგრელოში ვეძახით "ხორცის აჯიკას", ხოლო მწვანეს - „მწვანილების აჯიკას“. გამოიყენება ლობიოსა და ფხალის შესაკმაზად. გთავაზობთ ჩემი დედამთილის რეცეპტს, რომელსაც შეძლებისდაგვარად დეტალურად გამოვკითხე ყველაფერი.

მეგრელს რომ კითხავ აჯიკის რეცეპტს, ზუსტ პროპორციებს ვერ გეტყვის, რადგან იმდენად გამჯდარი აქვთ მისი კეთება, რომ თვალდახუჭული, გემოვნებით, თვალის ზომით ამზადებენ. თუმცა მაინც არსებობს წესები, რომლებიც აუცილებლად დასაცავია.

მწვანე მწვანილების აჯიკა

მწვანილებში იგულისხმება ოხრახუში, ქინძი და ნიახური. ქინძი სამჯერ მეტი უნდა იყოს ოხრახუშზე, ხოლო ნიახური - ოხრახუშზე ნაკლები.

დაგჭირდებათ:

  • ქინძი - 3 დიდი კონა
  • ოხრახუში - 1 დიდი კონა
  • ნიახური - აუცილებლად ოხრახუშზე ცოტა ნაკლები, რომ თავის გემოზე არ წაიყვანოს აჯიკა.
  • მარილი - გემოვნებით
  • წიწაკა (შეიძლება როგორც ნედლი მწვანე წიწაკა, ასევე დაღერღილი წითელი, ესეც გემოვნებით)
  • ნიორი - 150-200გრ
  • შაშკვლავი - 2-3 სკ
  • ქონდარი - 1 სკ (არ არის აუცილებელი)
  • პრასი - დაახლოებით 150-200გრ (აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა ძალიან უხდება)

მომზადება: მარილის გარდა ყველაფერს ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში, მინიმუმ ორჯერ და დავუმატებთ მარილს.

megruli-ajika2-1652877040.jpg

წითელი აჯიკა

დაგჭირდებათ:

  • წითელი წიწაკა დაღერღილი 700-800 გ
  • უცხო სუნელი 3 ჭიქა
  • ქინძი 1 ჭიქა
  • ნიორი 500 გ
  • მარილი გემოვნებით
  • ყვითელი ყვავილი 50 გრამი
  • შაშკვლავი 2-3 სკ
  • ქონდარი 1-2 სკ (თუმცა არაა აუცილებელი)
  • გადადუღებელი თბილი წყალი გასათხელებლად.
  • მარილი (აუცილებლად იმდენი უნდა გაუკეთოთ, რომ ცოტა მლაშე მოგეჩვენოთ).

კონსისტენციაც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. არც ძალიან თხელი ვარგა და არც სქელი.

ტექსტი: ტილისკვერი