ქართული თაფლის ექსპორტი მიმდინარე წელს გაორმაგდა - ნახეთ, რამდენი ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა ექსპორტზე
ქართული თაფლის ექსპორტი მიმდინარე წელს გაორმაგდა. 2022 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან 277.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 67 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან, 116.8 ათასი აშშ დოლარის 31 ტონა პროდუქტი გავიდა.
მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო პაპავა "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი მუდმივად მზარდია. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა კი, ეს პოტენციალი მეტად გაზარდა და საქართველომ ეს ნიშაც უნდა აითვისოს.
მისივე ცნობით, ძირითადი საექსპორტო ქვეყნები მიმდინარე წელს ბულგარეთი და საფრანგეთია, თუმცა გამოჩნდა ახალი ქვეყნები: გერმანია, გაერთიანებული საამიროები, შეერთებული შტატები და ისრაელი, საიდანაც ინტერესი დიდია, თუმცა პროდუქციის შეტანა მარტივი ნამდვილად არ არის, მათი სტანდარტებიდან გამომდინარე. ასე რომ, ინტერესიც და ექსპორტის მოცულობაც მზარდია.
წყარო: BPN.ge