რუსეთმა შარშანდელთან შედარებით 18%-ით გაზარდა ხორბლის ექსპორტი
რუსეთმა აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაზარდა ხორბლის ექსპორტი, რითაც განიმტკიცა დომინანტური პოზიციები მსოფლიო ხორბლის ბაზარზე. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Times ანალიტიკურ კომპანია AgFlow-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი გასული წლის აპრილთან შედარებით შემცირდა 32%-ით. გამოცემა უთითებს, რომ რესპუბლიკა მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში ხორბლის ექსპორტიორებს შორის, თუმცა ამჟამად გართულებული ვითარების გამო ქვეყანა ვერ ახერხებს 20 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტზე გატანას. შედეგად კი ცალკეულმა ქვეყნებმა, მათ შორის ეგვიპტემ, ირანმა და თურქეთმა გაზარდეს რუსეთიდან ხორბლის შესყიდვები.
The Times-ი ასევე ყურადღებას ამახვილებს რუსეთის დიდ აგრარულ პროგრესზე ბოლო 20 წელიწადში. გამოცემა გვახსენებს, რომ 1999 წელს რუსეთში 354 მლნ ტონა ხორბლის სავაჭრო დეფიციტი იყო, ახლა კი ქვეყანა წამყვან პოზიციებზეა მსოფლიო ბაზარზე და წლიურად 8 მლრდ დოლარის ხორბალს ყიდის.
წყარო: bpn.ge