ხაჭოს მაჭკატები მაწვნისა და ბანანის სოუსით 11-12 თვის ასაკიდან პატარებისათვის პედიატრ თამარ ობგაიძისაგან
იცით თუ არა რა ასაკიდან უნდა მიიღოს ბავშვმა მაწონი? ბავშვთა კვებაში რძისა და მისი პროდუქტებზე რეკომენდაცია ერთი წლიდან გაიცემა, თუმცა პედიატრთა ნაწილი რძისგან განსხვავებით მაწონს რეკომენდაციას 8 თვიდან უწევს.
მაწონი ტრადიციული, კავკასიური რძემჟავა პროდუქტია. სხვანაირად მას ენდემურ პროდუქტსაც ეძახიან. „საიდუმლო“ მიზეზი, რომელიც ჩვენს, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას განაპირობებს ენდემურ დედოშია.
მაწვნის დედო მაწვნის მსუბუქ მომჟავო გემოს განაპირობებს. სწორედ ეს რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა მათში შემავალი ბაქტერიების პრობიოტიკების გამო. აღმოჩნდა, რომ ყველა ბაქტერია, სულაც არაა მავნებელი, პირიქით პრობიოტიკებს სხვანაირად მეგობარ ბაქტერიბსაც უწოდებენ. ისინი ცოცხალი მიკროორგანიზმებია და დადებით გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე, აძლიერებენ რა საჭმლის მომნელებელ სისტემას.
კეთილი პრობიოტიკები, ორგანიზმში მოხვედრილ სხვა ცუდ ბაქტერიებსაც ეფექტურად ებრძვიან. ისინი ერთგვარი ბარიერის ეფექტს ქმნიან და ასე იცავენ ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან. შესაბამისად ამცირებენ ანთების განვითარების რისკს და ხელს უშლიან ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებას. შეიძლება ითქვას, რომ პრობიოტიკების წყალობით ბავშვის იმუნური სისტემაც ვირუსების წინააღმდეგ გაცილებით მდგრადი ხდება.
რადგან პატარები ხშირად უარს ამბობენ რძემჟავა პროდუქტის მიღებაზე, დედიკოებს უამრავი ხრიკის მოფიქრება უწევთ.
პედიატრი თამარ ობგაიძე დედიკოებს გემრიელ და სასარგებლო რეცეპტს სთავაზობს.
საჭირო მასალა:
ცომისათვის:
- 5-6%-იანი ხაჭო 180 გრამი
- დაახლოებით 30 გრამი ფქვილი
- 1 კვერცხის გული
- 1 პაკეტი ვანილი
- შაქრის პუდრა დაახლოებით 5-10 გრ
- კარაქი საცხობი ფორმისათვის 10 გრამი
მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის შეგიძლიათ დაამატოთ მწიკვი მარილი და 20 გრამი შაქრის პუდრა.
სოუსისათვის:
- მაწონი 50- 100 მლ
- ½ ბანანი
მომზადება: თასში ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, კვერცხის გული, ვანილი, დაუმატეთ გაცრილი პურის ფქვილი ისე, რომ ნაზი ცომი მოიზილოს.
ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით დაახლოებით 3-4 სანტიმეტრის რგოლებად. რგოლები ოდნავ გააბრტყელეთ და დაამრგვალეთ.
საცხობ ფორმას წაუსვით ცოტა კარაქი. დაალაგეთ მაჭკატები, ზემოდან გადაუსვით მდნარი კარაქის მცირე რაოდენობა ოქროსფერი ქერქის მისაღებად.
აცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წთ მანძილზე. შეგიძლიათ გამოაცხოთ ტაფაზეც. გაგრილებულ მაჭკატებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
სოუსისათვის ბლენდერით შეურიეთ ერთმანეთს მაწონი და ბანანი.
პრაქტიკულად სუპერპროდუქტების ნარევია, რომელშიც ვიტამინების გარდა არის ბევრი კალციუმი, ფოსფორი, ასევე შეიცავს მეგობარ ბაქტერიებს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ნაწლავის მიკრობიოტას ფორმისებისა და ნაწლავების მოტორიკის გაუმჯობესებისათვის.
R