რკინის სანაყინე, ცირკის „სტაკანჩიკი“ და სხვა... „გემრიელიას“ რედაქტორი ნაყინისა და ბავშვობის შესახებ
გასულ საღამოს ნაყინის შესახებ შემომხვდა სტატუსი. რკინის სანაყინეში ჩადებულ ნაყინს სხვა გემო ჰქონდაო, წერდა მეგობარი. მოგონებები ამიშალა და ნაყინზე გადავწყვიტე დავწერო.
თელავის ნაყინის ხიბლი
ზოგისთვის ყველაფერი კვერცხიდან იწყება, ზოგისთვის - ანბანის პირველი ასოდან, ჩემთვის ყველაფერი თელავიდან იწყება. ასე მგონია, პირველი ნაყინსაც სწორედ მანდ გავუსინჯე გემო. ბებია ნაყინის დიდი მოყვარული იყო. მიუხედავად იმისა, რო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში კვებას ეჭვის თვალით უყურებდა და მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისით შემოიფარგლებოდა, ნაყინზე უარს არასდროს ამბობდა და ჩვენც, ბავშვებს დიდად გვანებივრებდა. თელავის თეატრს რომ ასცდები, ბაღია რომელსაც ქალაქის ბაღს ეძახიან. აქ, საბავშვო ბაღის მახლობლად ჩემს შორეულ ბავშვობაში კაფე იყო. აქ ნაყინი მხოლოდ ზაფხულობით იყიდებოდა. გარეთ ლამაზი, თეთრი მაგიდები იდგა თავისივე სკამებით, რომლებსაც მეტალის ზურგი ჰქონდა. ბაღზე ავლა-ჩავლისას აუცილებლად შევჩერდებოდით კაფესთან და ნაყინს გეახლებოდით.
ძალიან კარგად მახსოვს, ბებია სადღაც, 300-350 გრამს იღებდა თავისთვის, ჩვენთვის კი ნებადართული იყო 200 გრამი, რაც 8-9 წლის ბავშვისთვის ნორმაცაა და მეტიც. სწორედ ამ სანაყინეში სწორედ მეტალის სანაყინეებით მოჰქონდათ თეთრი ან ვარდისფერი ნაყინი. ბავშვებს ვარდისფერი გვერჩივნა, არადა, ერთი გემო ჰქონდა ორივეს. რომ ვადარებ გემოს, მართლაც მშვენიერი ნაყინი იყო იქ. ბებოს არ უყვარდა შოკოლადმოყრილი ნაყინი, ამას არასდროს ყიდულობდა, თვლიდა, რომ დაფხვნილი შოკოლადი შესაძლოა, დაბალი ხარისხის ყოფილიყო. ვარდისფერ ნაყინსაც არ სწყალობდა და ცდილობდა, რომ თეთრი შემოეთავაზებინა, ვინაიდან, ვარდისფერს საკვები საღებავი ჰქონდა დამატებული და ესეც უსარგებლოდ მიაჩნდა.მოგვიანებით, ასე, 1990-1992 წლებში ძველი თეატრის კუთხეში ახალი კაფე გაიხსნა. პაპას ნადიკვარიდან რომ მოვყავდით, აუცილებლად მანდ ვჩერდებოდით. ბავშვებს საოცრად გვახარებდა მურაბის წვენით და ნიგვზით მორთული ნაყინი, თუმცა ყველა ამბობდა, ბაღის ნაყინი უფრო ხარისხიანიაო.
ეს ის თელავის ნაყინი ვერ არის, მაგრამ...
ცირკის „სტაკანჩიკი“
თბილისში რომ გადმოგვიყვანა დედამ, ნაყინის ერთ-ერთი მთავარი წყარო უბნის კაფე იყო, სადაც კულიჩებს აცხობდნენ, წყალ-წყალა კაკაოსა და ყავას ამზადებდნენ. აქ წონით იყიდებოდა ნაყინი და სეზონი გაიხსნებოდა თუ არა ჩავრბოდით კაფეში და დიდი რაოდენობით ნაყინი ამოგვქონდა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გეახლებოდით მარწყვით. მთელი სამეზობლო ამ ნაყინის კლიენტურა იყო, თუმცა მაინც არ იყო ისეთი კარგი,როგორიც თელავისა.
თბილისსა და ნაყინთან კიდევ ერთი რამ მახსენდება - ზამთარში ნაყინის ჭამის უფლება მხოლოდ ერთ ადგილას გვქონდა ბავშვებს, ეს იყო არც მეტი, არც ნაკლები, ცირკი! მეტსაც გეტყვით - ცირკი მხოლოდ იქ ნაყიდი ჭიქის ნაყინის გამო მიყვარდა, თორემ დედაჩემის სამსახურის გადამკიდე, რომელიც საესტრადო-საცირკო სასწავლებელში ასწავლიდა, არც საცირკო ხელოვნება იყო ჩვენთვის უცხო და არც ცირკის კულისები, ამიტომ, არ ყოფილა ჩემთვის სასწაული. ცხოველები მიყვარდა და როდესაც გავაცნობიერე, რის ფასად იყვნენ ეს საბრალოები გაწვრთნილი, საბოლოოდ შემძულდა ეს დარგი.იყო კაფეებიც, მაგრამ იმ კაფეებში ეგრე გემრიელად არ მახსენდება ნაყინი, უფრო „ფრანციას“ ნამცხვრები და „ლაღიძის წყლები“ მიყვარდა, მაგრამ ეს სხვა თემაა.
ბნელეთის ჟამის სუროგატი
ბნელეთის ჟამს უამრავი საშინელი პროდუქტი გავრცელდა და არც ნაყინი ყოფილა გამონაკლისი. ნაყინის ფხვნილები იყიდებოდა, ფაქტობრივად, სუროგატები, რომელთაც თქვეფდნენ წყალში, ყინავდნენ და გამოდიოდა რაღაც საშინელება. მაგ პერიოდში ნაყინი შემძულდა, ისეთი საზიზღარი გემო ჰქონდა ამ ფხვნილის უბედურებას. შემდეგ ქვეყანამ თვალში გამოიხედა, მშვენიერი ნაყინის მწარმოებლები გამოჩნდნენ, მაგრამ მე ბავშვი აღარ ვიყავი და ეგრე ჯადოსნურად აღარ მახსენდება.
მე, სანდრო და ნაყინი
სანდროს - ჩემს ძმის შვილს ნაყინი ძალიან უყვარს, ამიტომ, სასეირნოდ რომ მივდიოდით, ბოლოს აუცილებლად ვასრულებდით სადმე, კარგი პიცითა და ნაყინით. თბილისის ყველა სანაყინე მოვლილი გვაქვს, რაც კი გახსნილა ან დახურულა. დღესაც, კინოს ან მუზეუმს თუ ვესტუმრეთ, „ლუკა პოლარეში“ აუცილებლად შევივლით, მაგრამ საუკეთესო მაინც „Morelli’s“-ის ნაყინი მგონია, რომელსაც არაჩვეულებრივ ნაყინთან ერთად მშვენიერი ყავაც ჰქონდა, სერვირებაც და მომსახურებაც. ძალიან მწყდება გული, რომ დაიხურა.
*** მოგონებებზე ხშირად მახსენდება შოპენჰაუერის სიტყვები, რომელიც ამბობდა:
ჩვენ გვიყვარს არა კონკრეტული ადგილები, არამედ ამ ადგილებთან დაკავშირებული მოგონებები.
ადგილების შემთხვევაში, შეიძლება დავფიქრდე, მაგრამ როდესაც საქმე გემოს ეხება, ნამდვილად ასეა - სულ სხვაა ის შთაბეჭდილება, რომელიც გიჩნდება ამა თუ იმ გემოს პირველად შეგრძნობით. რაც არ უნდა დრო გავიდეს, ბავშვობაში, რკინის სანაყინეში ამოღებული ვარდისფერი ნაყინი მაინც ყველაზე სასიამოვნო მოგონებად დამრჩება.
P.S. შარშან გადავაწყდი ამ რკინის სანაყინეებს და ბავშვობის მოგონების ხათრით ვიყიდე, თუმცა ის გემო მაინც ვერ გამიცოცხლა, აღარ ვარ ბავშვი და იმიტომ! :))))
ქეთი ადეიშვილი