„ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა, საუკეთესო სეზონია და საუკეთესო სამეული ვართ“ – 19 ივნისს „მასტერშეფის“ მე-7 სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულინარიული პროექტის, „მასტერშეფის“, მე-7 სეზონი დასასრულს უახლოვდება. სულ მალე მაყურებელი პროექტის ფინალს იხილავს, სადაც მარიამ ბართია, სანდრა კორენევიჩი და თამარ ბექაური პირველობისთვის იბრძოლებენ. სამივე მათგანი ბრძოლისთვის მზად არის, მაყურებელს კი დაუვიწყარ შოუსა და საუცხოო კერძებს ჰპირდებიან.
სანდრა კორენევიჩი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მონაწილეა. მას ფინალში მოხვედრას თავიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა კი გამარჯვებისთვის იბრძოლებს და, როგორც ამბობს, ფინალში განსაკუთრებული კერძითაც გაგვაოცებს.
„პროექტში გატარებული დრო იყო განსაკუთრებულად კარგი, ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში, ძალიან ვიხალისე, ბევრი მეგობარი შევიძინე და განვვითარდი, შესაბამისად ჩემს კერძებშიც ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ, გემოების შეხამებაც უკეთ ვისწავლე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „მასტერშეფში“ მონაწილეობა გადავწყვიტე, რადგან საბოლოო ჯამში უამრავი რამ ვისწავლე. ფინალისთვის მაქვს მოფიქრებული განსაკუთრებული იდეა და ვფიქრობ, რომ ამ კერძით ბოლომდე ავასრულებ იმ ჩანაფიქრს, რაც მქონდა,“ - ამბობს სანდრა.
მარიამ ბართია მეშვიდე სეზონის კიდევ ერთი აღმოჩენაა. მარიამი ამბობს, რომ ეს სეზონი ყველაზე განსაკუთრებულია და ფინალშიც ძალიან დაძაბულ ბრძოლას უნდა ველოდოთ, რადგან სამივე ფინალისტი ძალიან ძლიერია.
„ფინალი იქნება საოცარი, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, სამი გოგო ვართ და დარწმუნებული ვა, რომ ძალიან მაგარი კერძები გვექნება სამივეს. შეფ ლუკას თქმის არ იყოს, საუკეთესო სეზონია და საუკეთესო სამეული ვართ. თუმცა, თორმეტივე მონაწილე იყო საუკეთესო, კონკურენცია იყო ძალიან დიდი და საბოლოოდ ძალიან მადლიერი ვარ, რომ ფინალში მოვხვდი,“ - აღნიშნავს მარიამი.
თამარ ბექაური ჟიურიმ დასაწყისიდანვე გამოარჩია. თამარი უკვე რამდენიმე ტურია, რაც ერთ-ერთი ლიდერია და არც არის გასაკვირი, რომ საუკეთესო სამეულში ვიხილეთ. როგორც თამარი ამბობს, პროექტმა მას დიდი გამოცდილება მისცა.
„მასტერშეფმა მომცა რწმენა იმისა, რომ შრომა და საკუთარ თავში თავდაჯერებულობა აუცილებლად დაგიფასდება და გამოიტანს შედეგს. მაყურებელს ფინალში ძალიან საინტერესო ბრძოლა ელის, შოუ იქნება მოულოდნელობებით აღსავსე და ძალიან დაძაბული,“ - ამბობს თამარი.
შეგახსენებთ, რომ „მასტერშეფის“ მე-7 სეზონის ფინალი 19 ივნისს, 22:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება.