საქართველოს რუსული ფქვილის იმპორტი 54%-ით გაუძვირდა - რა ფასად ვყიდულობთ ახლა
საქართველოს რუსული ფქვილის იმპორტი გაუძვირდა. 2022 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფქვილის ღირებულება 54%-ით არის გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, თუ გასულ წლის მაისში საქართველო ერთ ტონა რუსულ ფქვილს საშუალოდ 280 დოლარად ყიდულობდა, წელს ფასი 431 დოლარამდეა გაზრდილი.
რაც შეეხება 2022 წლის თვეების მაჩვენებელს, ასე გამოიყურება: (იმპორტის ღირებულება/ მოცულობა)
- იანვარი - 2,956 მლნ დოლარი - 8 889 ტონა (საშუალო ფასი - 332,6 დოლარი ტონა);
- თებერვალი - 4,682 მლნ დოლარი - 14 001 ტონა (საშუალო ფასი - 334,4 დოლარი ტონა);
- მარტი - 2,507 მლნ დოლარი - 8 612 ტონა (საშუალო ფასი - 291,1 დოლარი ტონა);
- აპრილი - 5,989 მლნ დოლარი - 16 170 ტონა (საშუალო ფასი - 3370,3 დოლარი ტონა);
- მაისი - 6,310 მლნ დოლარი - 14 648 ტონა (საშუალო ფასი - 431 დოლარი ტონა).
რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის გაძვირებასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსთან“ განცხადება პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ „რუსეთში ფქვილით მოვაჭრეებმა რომ გაიგეს, საქართველოში წისქვილები არ მუშაობს და ალტერნატივა არ არსებობს, ფასები ძალიან გაზარდეს. საბაზრო ეკონომიკაა, როცა არჩევანის საშუალება აქვს მომხმარებელს, ახლა კი, ეს შესაძლებლობა ფაქტობრივად, აღარ არსებობს ყველა წისქვილკომბინატის გაჩერების შემდეგ“.