იგი იყო მაგიური რიტუალებისა და საქორწინო ცერემონიების ნაწილი... უცნობი ფაქტები შოკოლადის შესახებ
1519 წლის ნოემბერში, როდესაც ესპანელი ჯარისკაცების კბილებამდე შეარაღებული ბრბო გენერალ კორტესის მეთაურობით დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე შეიჭრა და ააოხრა აცტეკების იმპერატორ მონტესუმას სასახლე, მუქი ფერის გამომშრალი მარცვლების დიდი მარაგი აღმოაჩინა… მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ მარცვლებისგან დამზადებული შოკოლადი მთელ სამყაროს დაიპყრობდა.
შოკოლადის, ისევე, როგორც კაკაოს ხის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა, დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვ. წ. აღ. მექსიკის ყურეში. მაშინ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება. მათ შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ მოახერხეს ველური კაკაოს ხის კულტივირება. ამავე პერიოდში დაიწყეს შოკოლადის საკვებად მიღების მეთოდების შემუშავებაც. კაკაოს მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ, შემდეგ კვლავ აცხელებდნენ და ასე მიიღებოდა კაკაოს ხსნარი. ხსნარს ხსნიდნენ წყალში და უმატებდნენ წითელ წიწაკას. შედეგად მიიღებოდა მომწარო გემოს სასიამოვნო სასმელი, რომელიც “ღმერთების სასმელის” სახელით შემორჩა ისტორიას.
მაიას ტომების შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია განაგრძეს აცტეკებმა. ისინი წყალში გახსნილ ხსნარს, რომელსაც სიმინდის ფქვილთან ერთად ფქვავდნენ, უმატებდნენ თაფლს, აგავას ნაყენს და ჩოკოლატლად წოდებულ ამ სასმელს ენერგიის წყაროდ მიიჩნევდნენ. აცტეკების ლეგენდის თანახმად, კაკაოს თესლი დედამიწაზე სამოთხიდან აღმოჩნდა, ამიტომ იგი ყველას, ვინც მის ნაყოფს მიირთმევს, ძალასა და სიბრძნეს ანიჭებს.
მრავალი საუკუნის განმავლობაში შოკოლადი არსებობდა მხოლოდ თხევადი სახით. ეს სასმელი იყო მაგიური რიტუალებისა და საქორწინო ცერემონიების ნაწილიც.
ევროპაში კაკაოს გავრცელება ერნან კორტესის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ მან ჩაუტანა ესპანეთის მეფეს კაკაოც და მისი დამზადების რეცეპტებიც. რძიანი შოკოლადის გამოგონება კი ეკუთვნის შვეიცარიელ მეცნიერს დანიელ პიტერს.