არ შეიძლება მისი გახეხვა მეტალის სახეხით... - და კიდევ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა გავწმინდოთ ქურა სწორად
ქურას სამზარეულოს დედოფალს უწოდებენ. უნდა ითქვას, რომ მისი მოვლა და გაფრთხილება მართლაც იმსახურებს ამ წოდებას. ქურები არის როგორც ელექტრო, ასევე გაზის.
უპირველესად, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ როგორც კი მოვრჩებით კერძის მომზადებას, მაშინვე უნდა გავწმინდოთ ქურა ღრუბლის მეშვეობით. თუ ლაქები არ სცილდება, მაშინ გამოვიყენოთ ჭურჭლის სარეცხი სითხე, ან სპეციალურად ქურების გასაწმენდი საშუალებები. ხალხური მეთოდით, საუკეთესოა ძმარგარეული თბილი წყალი. ქურის გახეხვა მეტალის სახეხით არ შეიძლება.
ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კარგად უვლით ქურას, ხანდახან მაინც აუცილებელია უფრო დეტალური გასუფთავება. მოსახსნელი ნაწილები შესაძლებელია მანქანაში გავრეცხოთ, თუ ამას ქურის ინსტრუქცია ითვალისწინებს. ქურის გადასართავი სახელურები ირეცხება საპნიან ცხელ წყალში. გამაცხელებელი დისკების მოხსნა არ შეიძლება, ადგილობრივად იწმინდება.
ზოგიერთ ქურას ეხსნება ზედა ნაწილი. ამ შემთხვევაში, ავხადოთ საფარებელი და აკურატულად გავწმინდოთ საპნიან სითხეში გაჟღენთილი ღრუბლით. შემდეგ გავასუფთაოთ ქაფისაგან და გავამშრალოთ.
გაზქურებს სჭირდება სანთურებისა და ცხაურების გასუფთავებაც. ამ შემთხვევაშიც გამოვიყენებთ საპნიან ხსნარში გაჟღენთილ ღრუბელს. თუ ცხიმები ძლიერადაა ჩამჯდარი, მაშინ უნდა დავიხმაროთ ცხიმის მოსაცილებელი სპეციალური სითხეები, რომლებიც უხვადაა გაყიდვაში. თუ ქურას სანთურები არ ეხსნება, მაშინ ფრთხილად გავასუფთაოთ დიდი ზომის საკერავი ნემსით. ელექტროქურის დისკები გავასუფთაოთ საპნიანი ხსნარით და თუ ვერ მოერია, დავამატოთ ძმარი.
არ დაგვავიწყდეს ღუმელზე ზრუნვაც! ღუმელი თანამედროვე ქურებს შეიძლება ჰქონდეს კატალიტური, ორთქლის ან პიროლიზური. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება გაწმენდისას. მაგალითად: კატალიტური ღუმელი სველი ტილოთი იწმინდება; ორთქლის სისტემისაში ფსკერზე მოათავსებენ წყალს და აორთქლებისას ჭუჭყი ეხსნება კედლებს. პიროლიზური 500 გრადუსამდე ხურდება და იქმნება სირთულეები, ამიტომ აუცილებელია მივყვეთ კონკრეტული ქურის ინსტრუქციას.
მინა-კერამიკის გაწმენდა გაცილებით იოლია ემალირებულთან შედარებით. გასათვალისწინებელია, რომ უკეთესია, თუ ამ სახის ღუმლებს ხშირად გავწმენდთ. კვირაში ორსამჯერ გაწმინდეთ საპნიან წყალში დასველებული ტილოთი და გაამშრალეთ. არ იხმაროთ მეტალის სახეხები. ამასთანავე, სავაჭრო ქსელში მოიპოვება სპეციალური სითხეები მინა-კერამიკის საწმენდად.