ვიდეო: რატომ უწოდებენ ზეთისხილს ღმერთების საჩუქარს? - ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ - Gemrielia.ge

ვიდეო: რატომ უწოდებენ ზეთისხილს ღმერთების საჩუქარს? - ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ

ბერძნული ლანდშაფტი განუყოფელია ზეთისხილის ხესთან, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ზეთისხილის ხე მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიბრძნის სიმბოლოა,რომელიც ბერძნების სოციალურ და რელიგიურ ღირებულებებთან არის დაკავშირებული.

ზეთისხილის ხისა და მისი ნაყოფის შესახებ უამრავი მითი და ისტორია არსებობს. ყოფილი მინოსის კრეტასა და კნოსოსის სასახლის სხვადასხვა არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყობს იმაზე, რომ იმ დროს ეკონომიკა ძირითადად ზეითუნის ზეთზე იდგა. ძველი ბერძნული მითების მიხედვით, პოსეიდონი და ათენა კამათობდნენ -თუ ვინ გახდებოდა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქის მფარველი. ოლიმპოს ღმერთებმა გადაწყვიტეს განეხილათ დავა: გადაწყვეტილებით მფარველი გახდებოდა ის, ვინც ქალაქს საუკეთესო საჩუქარს გადასცემდა.პოსეიდონმა კლდეში ჩააკრა თავისი სამკაპი და კლდიდან მარილიანი ზღვის წყალი გადმოიღვარა. ათენამ შუბი მიწაში ჩაარჭო და მისგან ზეთისხილის ხე აღმოცენდა. მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, აირჩია მეორე საჩუქარი - და მას შემდეგ მათი ქალაქი ათენის სახელით გახდა ცნობილი.

ათენას საჩუქარს, ზეთისხილს, ბერძნები განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ.ოლიმპიურ შეჯიბრებებში გამარჯვებულსაც სწორედ მისი რტოების გვირგვინით ამკობდნენ. ანტიკურ საბერძნეთში კარგად იცნობდნენ ამ მარადმწვანე ხის ნაყოფს, სასწაულმოქმედ წვენსა და ძვირფას მერქანს. “მწვანე ოქროს” სამკურნალო და კულინარიული თვისებები არა მარტო ბერძნებისთვის, არამედ ებრაელებისთვის, ეგვიპტელებისა და რომაელებისთვისაც იყო ცნობილი. რომში მას “წმინდა ხეს” უწოდებდნენ. ზეთისხილის მნიშვნელობას ბიბლიასა და ყურანში შემონახული ცნობებიც მოწმობს. ძველი აღთქმის თანახმად, ნოეს სწორედ ამ ხის რტო მოუტანა მტრედმა წარღვნის დასრულების ნიშნად.

ათენას საჩუქარი დღესაც მშვიდობის, გამარჯვების, სიმდიდრისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება.

იმის მიხედვით, რა ასაკისაა, რა ჯიშისა და როგორ კლიმატურ პირობებში იზრდება, ერთი ხიდან წელიწადში საშუალოდ 30-70 კგ ზეთისხილს კრეფენ. მოსავალს შემოდგომაზე იღებენ. სექტემბერ-ოქტომბერში ნაყოფი უკვე კარგი ზომისაა, თუმცა ჯერ კიდევ მწვანეა, ხოლო ნოემბრის ბოლოს`დეკემბრის შუა რიცხვებში – უკვე კარგად დამწიფებული და შავი. ოჯახები, რომლებსაც ზეთისხილის ბაღები აქვთ, მის დასაკრეფად ოქტომბრის ბოლოდან ემზადებიან. ამ მეტად შრომატევად საქმეში მათ ნათესავებიც ეხმარებიან. ის, ვინც ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევს, ზეთისხილს ხელით კრეფს, რადგან ამ დროს ნაყოფი არ ზიანდება. დაზიანებული ნაყოფი ჰაერთან ადვილად შედის კონტაქტში და იჟანგება, ეს კი მის ხარისხზე ცუდად მოქმედებს. მწვანე ზეთისხილი ოქტომბრის ბოლოს`ნოემბრის დასაწყისში იკრიფება, შავი კი – დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტამდე.კარგად დამწიფებული ზეთისხილი დაბლა ცვივა, ამიტომ მიწაზე ბადეებს აფენენ და ასე აგროვებენ. თუ ნაყოფი ხეებზე შერჩა, შესაძლოა, დაბერტყვაც მოუწიოთ. დღეს უკვე არსებობს სპეციალური საკრეფი მანქანებიც, რომლებსაც აქტიურად იყენებენ დიდ პლანტაციებში.

ზეთისხილი ერთ-ერთი უძველესი მცენარეა დედამიწაზე. ვარაუდობენ, რომ მის ნაყოფს ადამიანმა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6000 წლით ადრე გაუგო გემო.დღესაც კამათობენ იმაზე, პირველად სად იხარა ზეთისხილმა – ჩრდილოეთ აფრიკაში, სირიაში, პალესტინაში თუ აზიაში. უმრავლესობას მის სამშობლოდ ხმელთაშუაზღვისპირეთი მიაჩნია, სადაც დღეს ყველაზე მეტი ზეთისხილი მოჰყავთ.

საბერძნეთში ზეითუნის ზეთის მოპოვებას 4000 წლიანი ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შიდა წარმოების 65% კრეტასა და პელოპონესზეა, ზეთისხილის ხე თითქმის ყველგან ხარობს. აღსანიშნავია,რომ საბერძნეთში ბერძნული ზეითუნის ზეთის წარმოების 80% ახასიათებს ექსტრას, რაც მსოფლიოში საუკეთესო კატეგორიის ზეთად ითვლება. საბერძნეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ზეითუნის ზეთის ექსპორტით ,შემდეგ მოდის იტალია და ესპანეთი .

ზეთისხილი ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს მარგალიტია. მას იყენებენ გარნირად თბილი სადილისთვის, სოუსის შესაზავებლად და ცივი კერძების შესაკაზმავად. ძალიან უხდება პასტას, პიცას, სალათას, შემწვარ თევზს. თავად ზეთისხილს კი უხდება ნიორი, როზმარინი, ქონდარი, ჩილი, პიტნა, ბაზილიკუმი.განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთს მოიხმარენ – როგორც ცივი კერძებისთვის, ისე შესაწვავადაც.

საბერძნეთი მსოფლიო ლიდერია ერთ სულ მოსახლეზე ზეითუნის ზეთის მოხმარებით, ყოველი ბერძენი მოიხმარს წელიწადში 15 ლიტრზე მეტს. როგორც ბერძნული ტრადიციული სამზარეულოს ყველა რეცეპტის საფუძველი, ზეითუნის ზეთი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. იგი მთელ მსოფლიოში გამოირჩევა გემოვნური თვისებებით და მაღალი კვებითი ღირებულებით. ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ზეთია, უფრო მეტიც, კვლევების მიხედვით, მისი მოხმარება აუცილებელია დაბალანსებული კვებისათვის.საბერძნეთის თითქმის ყველა სოფელს აქვს ზეთისხილის დამარილების საკუთარი რეცეპტი.

ზეთისხილი არა მხოლოდ ბერძნული ლანდშაფტის დამახასიათებელი ელემენტია, არამედ ის ყველა ბერძენის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ზეთისხილი ნელა იზრდება და შესაძლოა, რამდენიმე ასეული ან ათასეული წელიც კი მიითვალოს, რადგან მისი ფესვები მიწის სიღრმეში 6 მეტრამდე აღწევს და კარგად იწოვს წყალს ნიადაგიდან. სიმაღლით კი ათიდან ოც მეტრამდე იზრდება, ამიტომ, ნაყოფი ადვილად რომ მოკრიფონ, ხეს სხლავენ.ზეთისხილი თავს კარგად გრძნობს 15-20 გრადუსზე და უფრო მაღალ ტემპერატურასაც უძლებს, მაგრამ არ უყვარს სიცივე. თუ ყინვა -5 გრადუსს ასცდა, ხის შეფუთვა მოგიწევთ. სჭირდება მშრალი ჰავა, ხმელთაშუა ზღვის კლიმატი კი მისთვის საუკეთესოა.პირველ ნაყოფს სხვადასხვა ჯიში სხვადასხვა ასაკში ისხამს, საშუალოდ – ოთხიდან ათ წლამდე, განსაკუთრებით ნაყოფიერი კი ზეთისხილი ოცი წლიდანაა. იმის მიხედვით, რომელ რეგიონში და როგორ კლიმატურ პირობებში იზრდება, ყვავილობის პერიოდი აპრილიდან ივნისამდე აქვს.ზეთისხილის ბაღებს მთელ მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონი ჰექტარი უკავია და წელიწადში 16-17 მილიონ ტონა მოსავალს იძლევა. ყველაზე მეტი ზეთისხილი კი ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთსა და მაროკოში მოჰყავთ.

ზეთისხილის ათასამდე ჯიში არსებობს, რომლებიც ნაყოფის ზომით, ფორმით, ფერით, გემოთი განსხვავდება ერთმანეთისგან. გემო კლიმატურ პირობებსა და ნიადაგის ხარისხზეცაა დამოკიდებული.საუკეთესო ჯიშებს შორის გამოირჩევა:Queen – აქვს დიდი, წვნიანი მომწვანო-მოყვითალო ნაყოფი. მოჰყავთ ესპანეთში, ანდალუსიაში. მას მარტინის ზეთისხილსაც ეძახიან, რადგან ძალიან უხდება ამ სასმელს. იყენებენ სალათების შესაკაზმავად. ძალიან უხდება ობიან ყველს და გაუდას. იყიდება მარილწყლის მარინადში ჩაწყობილი. შესაძლოა, სხვადასხვა საკაზმითაც იყოს შეზავებული.