ბევრისთვის წარმოუდგენელია, თუმცა რეალურია - როგორ მოვამზადოთ კარაქი მაწვნისგან?
კარაქი არის ცხიმი, რომელიც რძით ან მაწვნის შედღვებით მზადდება. რძეს ნაღებს ხდიან, აგროვებენ და დღვებენ. ეს მეთოდი თითქმის ყველამ იცის, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კარაქის მაწვნით მომზადება ბევრისთვის წარმოუდგენელია. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ რეცეპტი, რომლის დახმარებითაც კარაქის მომზადებას მაწვნისგან შეძლებთ.
სასურველია მაწონი იყოს სოფლის რძით გაკეთებული. აკეთებენ როგორც მხოლოდ თავისგან, ასევე მთელი მაწვნისგან. ცხადია, საუკეთესოა კარაქის სადღვებელა, მაგრამ თუ არ გაქვთ, ჩვეულებრივი ქილაც გამოგადგებათ. ოთახის ტემპერატურის მაწონი ჩაასხით მოზრდილ ქილაში. მაგალითად, 1/2 ლ მაწონი ჩაასხით 2 ლიტრიან ქილაში. თავზე კარგად დააფარეთ თავსახური და ქილა ანჯღრიეთ. შრომატევადი პროცესია, თუმცა შედეგი ამად ღირს. რაც უფრო თბილია მაწონი, მით მალე გამოვა კარაქი. შეგიძლიათ ერთი ჭიქა ცხელი წყალიც დაუმატოთ და ისე შედღვიბოთ. როცა კარაქი ზემოდან მოექცევა, გადმოასხით და ცივ წყალში გადაიტანეთ. შეგიძლიათ გამდინარე წყალში გარეცხოთ. შემდეგ მსუბუქად გაწურეთ და საკარაქეში გადაიტანეთ.
ძველებური კარაქის სადღვებელა
სითხე, რომელიც კარაქისგან მორჩება, არ გადაღვაროთ. ეს არის დო, რომლისგანაც შესანიშნავი ხაჭო მზადდება. დადგით დაბალ ცეცხლზე და ცოტა ხნით დაელოდეთ. ადუღებამდე უკვე მოიყენებს ხაჭოს.
თუკი ქილის ნჯღრევა გეზარებათ ან არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ კარაქის მომზადება ბლენდერით სცადოთ. ამისათვის ბლენდერში ჩაასხით მაწონი და თქვიფეთ 3-4 წუთი. თავზე მოიდებს კარაქს, რომელსაც ზემოთ მოცემული წესით გარეცხავთ და მიირთმევთ.
თქვენ თუ გიცდიათ მაწვნით კარაქის მომზადება?