„გვაქვს უზარმაზარი ეზო, 2500 კვადრატი, ეზოში 6 დიდი ქვევრია...“ - როგორ აქცია მარკუს მეტრეველმა ძველი სახლი ულამაზეს რანჩოდ
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი მიტოვებული სახლია, რომელთა პატრონებიც უმეტესად უცხოეთში არიან. ზოგი ახერხებს ამ სახლების განახლებას, მიხედვას, თუმცა ძირითადად მაინც ყიდიან და კარ-მიდამოსაც ახალი პატრონი უჩნდება...
ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მომღერალმა მარკუს მეტრეველმა "ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან თავის აუდიტორიას აცნობა, რომ მისმა ოჯახმა სოფელ ბოდბისხევში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) ძველი სახლი შეიძინა და მათივე აქტიური ძალისხმევით, იქაურობას ახალი სიცოცხლე მიეცა.
სახლი ყურადღებას თანამედროვე და ძველი ელემენტების შერწყმითაც იქცევს. ambebi.ge-ს მარკუს მეტრეველი ახალ სახლსა და გაწეულ შრომაზე ესაუბრება:
- ეს სახლი ჩვენი ოჯახის შენაძენია. მე და დალი, ჩემი მეორე ნახევარი, საქართველოს მასშტაბით ვმოგზაურობდით და ვეძებდით სააგარაკედ ადგილს. გვინდოდა, პატარა სახლი, რათა ჩვენი მყუდრო თავშესაფარი მოგვეწყო. ყველა კუთხე მოვინახულეთ, მაგრამ მეტად კახეთმა გამათბო თავისი სიყვარულით. აქ ბევრი რამაა ისეთი, რაც გიზიდავს, ღვინის კულტურაზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს ყველაფერი ჩემთვის თბილი და სასიამოვნოა...
მოკლედ, სოფელ ბოდბისხევში აღმოჩნდა ძველი, მიტოვებული, ძალიან სარემონტო სახლი, რაზეც საბოლოოდ შევჩერდით... სახლში ცხოვრება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ამ საქმეში დიდი შრომა, ენერგია ჩაიდო. რაც მთავარია, ყველაფერი დიდი სიყვარულით გავაკეთეთ. რომ არა სიყვარული, არაფერი გამოვიდოდა. რაც მთავარია, თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ძველი სახლისთვის თავისი სახე არ დაგვეკარგა და მასთან ახალი ძალიან ფრთხილად შეგვერწყა.
ჩვენი ნამუშევარი ბევრს მოეწონა, დადებითი შეფასება და კომენტარები მივიღეთ, რამაც გამახარა.
- სიძველე შეინარჩუნეთ და სიახლე ძალიან ფრთხილად შეუხამეთ - ახალი ფერებით გააცოცხლეთ. არ არის ცუდი...
- ასეა. მომწონს, როცა ვინტაჟი თანამედროვესთანაა შერწყმული. მე და დალის ჩაფიქრებული გვქონდა, ფერებში გადაწყვეტილი სახლი გვქონოდა, ძველი თანამედროვე შტრიხებით გაგვეახლებინა. ეს იყო მთავარი სურვილი, რომელიც ავიხდინეთ... გააგრძელეთ კითხვა
- სახლი დიდი ხნის აშენებულია?
- სადღაც 40 წლის წინ ააშენეს, ცოტა ხანს იცხოვრეს და მერე უცხოეთში წავიდნენ... აქ 20 წლის განმავლობაში არავის უცხოვრია. შინ და გარეთ ამის გამო რაღაც იდუმალი გარემო იყო შექმნილი. ეზო ლამის ტყედ იყო გადაქცეული, მაგრამ აქაურობა რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი, ჩვენი გარემო იყო და აქ აუცილებლად შევქმნიდით ძალიან ლამაზ ატმოსფეროს იმისთვის, რომ სულიერი განტვირთვა მიგვეღო, თავი ბედნიერად გვეგრძნო.