„რა იქნება, რომ ტყემლის ყვავილობა დღესასწაულად ვაქციოთ?!“ - ხონელი პროფესორი საინტერესო ინიციატივით: ულამაზესი კარ-მიდამო და საოჯახო მეურნეობა გორდში
იკითხავთ, ალბათ, სად საკურა და სად ტყემალიო? - მაგრამ ამისათვის ამ სტატიის გაცნობა ღირს...
საკურა დეკორატიული ალუბალია. ყვავილობს გაზაფხულზე - მარტიდან აპრილამდე. ყვავილების შეფერილობა მუქი წითელი, მკვეთრი ვარდისფერი ან თეთრია. ინტენსიურად იზრდება უმეტესად იაპონიაში, ჩინეთსა და აშშ-ში. საკმაოდ ძლიერი ტოტები აქვს. მისი სილამაზით მოხიბლულ ადამიანს, რომელიც ხეს ტოტს მოატეხს, „ყვავილების ქურდს“ უწოდებენ, რაც იაპონიაში ცოდვად ითვლება. საკურა თუ "ჭრილობისგან“ არ განიკურნა, შეიძლება, ერთბაშად გახმეს კიდეც.
ეს მცენარე იაპონელების მიერ ძველთაგანვე პატივცემული იყო. იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება. 1992 წლის 27 მარტიდან კი „იაპონური საკურას საზოგადოება“ საკურას ყვავილობის დღესასწაულს აღნიშნავს. იაპონელებისთვის საკურას ყვავილობა დიდი დღესასწაულია, რომელსაც მოსახლეობა აქტიურად ეგებება, ხარობს, ზეიმობს. ულამაზესი სანახაობაა.
საქართველოში კი ტყემლის ყვავილობას არაფერი შეედრება, საოცრად ლამაზი რამ არის. თან, ასეთი დღესასწაულები გვაკლია და რა იქნება, რომ ტყემლის ყვავილობა დღესასწაულად ვაქციოთ?!
გადასარევი რამ იქნება. როცა ტყემალი ყვავის, მაშინ სხვა არაფერი ყვავილობს და ბუნების ამ მოვლენას ადამიანიც განსხვავებულად აღიქვამს, ხვდება. ამიტომაცაა, ტყემლის ყვავილობისთვის ბევრი ლექსი და სიმღერაა მიძღვნილი...
ჩემი ასეთი განწყობის გამო, რამდენიმე ათასი ძირი ტყემალი უკვე ჩავყარე, გავაშენე და წელს მომცა კიდეც პირველი მოსავალი. გარდა იმისა, რომ ლამაზი სანახაობაა, ეს კომერციულად მომგებიანიცაა. ტყემლის ფასი ყურძნის ფასზე მეტია... მასზე დიდი მოთხოვნილებაა და თან, განსაკუთრებული მოვლაც არ უნდა, თუნდაც ისე, როგორც ვენახს. შეწამვლა არ სჭირდება, გამძლე მცენარეა. სოფელში თავისით ამოსული ტყემლებიც ბევრია,“ - გვეუბნება პროფესორი უჩა ჩიქოვანი, რომელსაც ასეთი საინტერესო ინიციატივა აქვს.
ბატონი უჩა თავისთავად ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, - ამ ეტაპზე სამეცნიერო მუშაობას მართალია აღარ ეწევა, თუმცა თავის მამულს, სოფელ გორდში (ხონის მუნიციპალიტეტი) აქტიურად უვლის. ქალაქის აქტიური ცხოვრებიდან სოფელში დაბრუნდა.
გორდი და გორდელები
გორდი ცნობილი სოფელია. ის სამი მხარის - იმერეთის, სამეგრელოსა და ლეჩხუმის საზღვარზე მდებარეობს. სოფელი დადიანების საზაფხულო რეზიდენციით და ტყე-პარკითაც არის ცნობილი. თუმცა, იმერულ სოფელში, დადიანების რეზიდენციის არსებობა კითხვას ნამდვილად აჩენს, რასაც თავის ისტორიული ახსნა ჰქონია. 1704 წლიდან სამეგრელოს მთავრის - დადიანის ტიტულს გორდელი აზნაურის, კაცია ჩიქოვანის შთამომავალი ფლობდა... გააგრძელეთ კითხვა