„მოიპოვებოდა მწვანე ფერის მინერალი... ხელით გამოჰყავდათ სხვადასხვა ზომის კეცები“ - რაში აცხობდნენ ძველად პურს - Gemrielia.ge

„მოიპოვებოდა მწვანე ფერის მინერალი... ხელით გამოჰყავდათ სხვადასხვა ზომის კეცები“ - რაში აცხობდნენ ძველად პურს

ჟურნალისტი და მკვლევარი ზურა ბაუჟაძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში კეცის დამზადების წესების შესახებ.

„სად და რაში ცხვებოდა პური არსობისა ძველად დასავლეთ საქართველოს რეგიონებში?

ყველა რეგიონს თავისი სამზარეულო ჩვეულებები ჰქონდა. მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ახლა ყურადღებას გავამახვილებ კინტრიშის ხეობის ზემო ზონის სოფლებზე.

პურიც, ხაჭაპურიც, მთვარისა ღვეზელიც და სხვა პურეულიც შვაცეცხლაზე ან ბუხრის პირას კეცებზე ცხვებოდა.

კეცი იყო ქვის. ერთგვარი სახის რბილი ქვის და მთელი კინტრიშის ხეობის სოფლები მას ოზურგეთის კვირის ბაზრობიდან ეზიდებოდა. იქ ირაყოს მთებში მოჭრილი კეცები მოჰქონდათ, რომლებიც დღესაც საუკეთესოდ ითვლება.

თუმცა, იყო სხვა სახის კეციც, ნაზეპი.

რას წარმოადგენდა იგი?

კინტრიშის ხეობის რამდენიმე ადგილას მოიპოვება მწვანე ფერის მინერალი, მას წვანედიხას ეძახდნენ. იგი ინაყებოდა ჩამურში ან დიდ ბრტყელ ქვაზე და იცრებოდა. მიღებულ პუდრას თანაბარი რაოდენობით ურევდნენ ჭითაშას - ცეცხლგამძლე წითელ თიხას და მისგან ხელით გამოჰყავდათ სხვადასხვა ზომის კეცები. მზეზე გამოშრობის შემდეგ მას გამოწვავდნენ ცეცხლის პირს და იყენებდნენ პურის, ჭადის, ხაჭაპურის, მთვარისა ღვეზელის და სხვა ფქვულოვანი ნაწარმისა და თევზის შესაწვავად.

სად მოიპოვებოდა "წვანედიხა"?

დღეისათვის მხოლოდ ერთადერთი ადგილის შესახებ შემორჩა ინფორმაცია. ეს არის ზექარაულის ფერდი. აღნიშნული ადგილი მთა სახტრის ჩრდილოეთით მდებარეობს და იქ გაუვალი ტყეა. თუმცა, ადგილის დათვალიერებისას თუ კარგად დააკვირდებით დღესაც ეტყობა კარიერების კვალი. იქვე მოიპოვებოდა "ჭითაშა" თიხაც.

რა მინერალი შეიძლება იყოს ეს "წვანედიხა"?

სანამ სპეციალისტებს არ უნახავთ ძნელია რაიმეს თქმა. თუმცა, სავარაუდოდ ეს უნდა იყოს მინდვრის შპატი, რომელიც გარკვეული კონცენტრაციით რკინას და კვარცს შეიცავს. ორთავე ნივთიერება კეცს სავარაუდოდ მეტ გამძლეობასა და თბოგამტარობას ანიჭებდა. ეს ჯერჯერობით, მხოლოდ ჩემი ვარაუდია.

მისასვლელი გზა დღეისათვის წაშლილია და ურთულესი. ლაშქრობის შემთხვევაში სჯობს მარტო არ იყოთ. ალაგალაგ არის ფრიალო კლდეები და გზაბაწარები.“

ზურა ბაუჟაძე