რაჭული ლობიანის გემოს ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ ეს არის - როგორ გავაცალოთ კანი ლობიოს - Gemrielia.ge

რაჭული ლობიანის გემოს ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ ეს არის - როგორ გავაცალოთ კანი ლობიოს

ლობიანს ქართულ გულსართიანებში ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს. ადრე ვწერდით, როგორ მოვამზადოთ ნამდვილი რაჭული ლობიანი, დღევანდელ სტატიაში კი ერთ ნიუანსს გაგიზიარებთ.

მოგეხსენებათ, ლობიანის მოსამზადებლად ლობიოს წინა დღით ალბობენ, მეორე დღეს ხარშავენ, კარტოფილის საჭყლეტით ჭყლეტენ ან ხორცის საკეპ მანქანაში ატარებენ. ურევენ ზეთს ან/და ღორის მუცლის ქონს, აზავებენ მხოლოდ მარილით და საფუვრიან ცომში ათავსებენ. ძველად ამ ყველაფერს კიდევ ერთი საფეხური ემატებოდა - ლობიოს კანს აცლიდნენ, რაჭული დიალექტით ასეთ ლობიოს გაქუშნული, სხვანაირად - გაქილული ლობიო ჰქვია.

lobio-1663653557.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შევინახოთ ლობიო, რომ დიდხანს გაძლოს

რატომ აცლიან ლობიოს კანს?

ალბათ, ეს შეკითხვა თქვენც გაგიჩნდებათ. კანგაცლილი ლობიო უფრო ადვილად იჭყლიტება, ფერიც უფრო ღია აქვს, ასევე კონსისტენცია და ბევრი ამბობს, რომ გემოვნური თვისებებიც უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა ეს მაინც გემოვნების საკითხია.

lobiani2.jpg

როგორ გავაცალოთ ლობიოს კანი?

კანის გაცლისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდი სოდის გამოყენებაა. ადუღებიდან 5-10 წუთის შემდეგ ქვაბში დაამატეთ 1 კოვზი სოდა. წყალი მალე აქაფდება. ცეცხლს დაუწიეთ და განუწყვეტლივ ურიეთ, რომ არ გადმოვიდეს. ცოტა ხანში ლობიო გადაწურეთ და საწურზევე გარეცხეთ. კანი ცალკე გავა და მარტივად მოაშორებთ. ამის შემდეგ გააგრძელეთ ხარშვა. ასეთი ლობიოს დაჭყლეტა გაცილებით მარტივია, მასა ნაზი და დამყოლია.

თქვენ თუ აცლით კანს ლობიოს?

ფოტოები მთავარ ფოტოზე: საკე ბრეგვაძე