რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღეში და როგორ ავირიდოთ ორგანიზმის გაუწყლოება, რომელსაც მძიმე შედეგები მოაქვს - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან
როგორც ცნობილია, ადამიანის ორგანიზმი 75% წყლისგან შედგება. ამიტომ ექიმების და გარკვეული დარგის სპეციალისტების რეკომენდაციაა, ორგანიზმს წყალი მივაწოდოთ.
ოღონდ, აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვები, - როდის, როგორ, რატომ და რა რაოდენობით უნდა მივიღოთ წყალი. ცხადია, ეს ყველაფერი ცოდნას მოთხოვს. აქტუალურ შეკითხვებს ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ხაბეიშვილი პასუხობს:
- როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ორგანიზმის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი წყლისგან შედგება. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ორგანოს, ქსოვილს თუ უჯრედს არსებობისთვის და ფუნქციონირებისთვის წყალი სჭირდება. ამიტომ არ წყდება ინტერესი წყლის მიღებასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია წყლის მიღების შესახებ მინიმალური ცოდნა ყველას ჰქონდეს, რათა მარტივად ავიცილოთ თავიდან საკმაოდ გავრცელებული დაავადებები, რომლებიც მხოლოდ არასაკმარისი წყლის მიღებით შეიძლება იყოს პროვოცირებული.
- ექიმები ამბობენ, რომ დღე-ღამეში 2 ლიტრი წყალი ნორმაა. ვთქვათ, 1 ლიტრი რომ იყოს?
- არ არსებობს ერთი უნივერსალური ფორმულა, რადგან სადღეღამისო მოთხოვნილება წყალზე არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფიზიკურ აქტივობა, გარემოს ტემპერატურა და ტენიანობა. ამიტომ ერთი და იგივე ადამინისთვისაც კი დღიური მოთხოვნილება წყალზე სხვადასხვა დღისთვის განსხვავებულია. თუმცა არსებობს გარკვეული რეკომენდაციები: ამერიკის მეცნიერებათა, ინჟინერიის და მედიცინის ეროვნული აკადემიების რეკომენდაციით, ზომიერ კლიმატურ პირობებში მცხოვრები ჯანმრთელი მამაკაცი დღიურად საშუალოდ 3.7 ლიტრ წყალს საჭიროებს, ხოლო ქალი - 2.7 ლიტრ სითხის მიღებას.
ითვლება, რომ ადამიანი სითხის მხოლოდ 20%-ს იღებს საკვებიდან, დარჩენილი რაოდენობის მიღება სითხის სახით უნდა მოხდეს. ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) რეკომენდაციით, ჯანმრთელი მამაკაცი დღიურად საშუალოდ 2.5 ლიტრ წყალს საჭიროებს, ხოლო ქალი - 2 ლიტრ სითხის მიღებას. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ 33 მლ/კგ სითხის მიღება საშუალოდ დღიურად სითხეზე ორგანიზმის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.
რაც შეეხება იმას, საკმარისი იქნებოდა თუ არა 1 ლიტრი წყლის მიღება, თუ ადამიანის წონა დაბალია და სითხეზე დარჩენილ მოთხოვნილებას ავსებს საკვების სახით, არ აქვს გაუწყლოების ნიშნები, შესაძლოა ინდივიდუალურად, იშვიათ შემთხვევაში 1 ლიტრი წყალი საკმარისი აღმოჩნდეს გარკვეული პიროვნებისთვის, გარკვეულ დღეებში. დამატებითი ფიზიკური აქტივობის, გარემოს ტემპერატურის და ტენიანობის მატების დროს 1 ლიტრი სითხე ვერ დააკმაყოფილებს მოზრდილი ადამიანის სითხეზე დღიურ მოთხოვნილებას... გააგრძელეთ კითხვა