ნუ მოტყუვდებით არასწორი დიეტებით - ენდოკრინოლოგი გასწავლით განსხვავებას სწორ კვებასა და შიმშილს შორის
დიეტა ჯანსაღი კვება და ცხოვრების ჯანსაღი სტილია, თუმცა იგი ხშირად მოდადაც იქცევა ხოლმე. სჭირდებათ თუ არა, დიეტას მაინც იცავენ. მაგალითად, მთელი კვირა ჭამენ მოხარშულ კვერცხს, რომელიც თურმე კარგად ახდუნებს, ან მთელი დღის მანძილზე მხოლოდ კეფირიან ყავას მიირთმევენ. "მოდურია" ასევე ვაშლის ძმრის მიღებაც... მოკლედ, არსებობს დიეტის სხვადასხვა ვარიაცია.
მართლაც, რა არის ეს "მითიური" დიეტა და როდის იკლებს ან ინარჩუნებს ადამიანი წონას - ამ თემაზე სასაუბროდ ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას მივმართეთ.
- ორდღიან შიმშილობას, რაც რატომღაც ასე მოდურია ახლა, დიეტას ვერ დავარქმევ. სამი დღე მხოლოდ კვერცხის ჭამა, ან რამე მსგავსი, ვიმეორებ, ჩვეულებრივი შიმშილობაა, თორემ დიეტა სწორი, დაბალანსებული, რაციონალური, ჯანსაღი კვებაა. აქედან გამომდინარე, გარკვეული პროდუქტების მთლიანად შეზღუდვა ან მხოლოდ ერთის ამოჩემება და დღის განმავლობაში ამის მირთმევა, ეს განტვირთვის დღეა, რომელიც შეიძლება 2 დღემდე გაგრძელდეს. ხოლო დანარჩენი, იგივე კეფირი ყავით, მხოლოდ მოხარშული კვერცხი არ ნიშნავს იმას, რომ წონას ვიკლებთ. ამით ორგანიზმის გამოფიტვა ხდება. ორგანიზმიდან გამოგვაქვს ის სასარგებლო ნივთიერებები, რაც აუცილებელია ჩვენი ნივთიერებათა ცვლისთვის, მეტაბოლიზმისა და ცხოველმყოფელობისთვის.
შიმშილობის დროს ვკარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს, რაც დეჰიდრატაციას იწვევს. ამას დროთა განმავლობაში გარკვეული გართულებები მოჰყვება, რაც თანდათან შეიძლება შეუქცევადი პროცესი გახდეს. შექნას პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რადგანაც შიმშილობით ფერმენტაციაც ნადგურდება. იმავე კვერცხის დიეტამ, შეიძლება ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ, ჩემთვის ამგვარი შიმშილი მიუღებელია და როგორც გითხარით, დიეტა ჩემთვის სწორი, დაბალანსებული, რაციონალური კვებაა და არა შიმშილი...
- კალორიების დიეტაზე რას გვეტყვით?
- კალორაჟები აუცილებელია, ეს ნორმალურ კვებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ აქ უნდა შევარჩიოთ ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც ჯანსაღია და ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი. თუ ვიცით, რომ დღის განმავლობაში 1200 კილოკალორია უნდა მივიღოთ და მას მხოლოდ ერთი ფილა შოკოლადით ვინაზღაურებთ, - არ შეიძლება. 1200 კილოკალორიას უნდა შეადგენდეს - მინერალები, ვიტამინები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, რომ ორგანიზმმა დაბალანსებულად მიიღოს საკვები. ეს სარჩო ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელია. სასურველია, ყოველთვის დავთვალოთ მიღებული კალორაჟი. ის დახარჯულ კალორაჟზე მეტი არ უნდა იყოს.
თუ გვინდა, წონის კლება, ამ შემთხვევაში, ჩვენი გახარჯული კალორიები უნდა აღემატებოდეს დაახლოებით, 800 კილოკალორიით მიღებულ კალორაჟს. თუ გვინდა, წონის შენარჩუნება, გახარჯული კალორაჟი უნდა აღემატებოდეს მიღებულ კალორიებს დაახლოებით, 500 კილოკალორიით... წაიკითხეთ სრულად