რატომ გვიბუჟდება ხელები - ეს შესაძლოა, სერიოზული დაავადების ნიშანი აღმოჩნდეს
მტევნების დაბუჟება და მგრძნობელობის შეცვლა ზოგჯერ დაავადების ნიშანია. ამ დაავადებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა პათოლოგიები, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევა სდევს თან. ამ დროს ექიმის დროული კონსულტაცია აუცილებელია - თვითმკურნალობამ შესაძლოა კლინიკური სურათი წაშალოს და დაავადების ამოცნობა გაართულოს.
კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია. ამ შემთხვევაში ეს სიმპტომი საშიში არ არის. საკმარისია, კიდურს მდგომარეობა შევუცვალოთ, რომ ნერვის ფუნქცია აღდგება და უსიამოვნო შეგრძნებები გაივლის. კიდევ რის ნიშანი შეიძლება იყოს ხელის უეცარი დაბუჟება? - ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ია რუხაძე.
- ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს. ეს შეგრძნება, გარდა იმისა, რომ დისკომფორტს გვაყენებს და ხელს უშლის საქმიანობას, შესაძლოა სერიოზული დაავადების ნიშანიც აღმოჩნდეს, ამიტომ უმჯობესია, პირველი გამოვლინებისთანავე მივაქციოთ ყურადღება.
დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია განსაზღვრული ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს. იმისათვის, რომ მკურნალობა დაიწყოს, ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რამ გამოიწვია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზმა თუ ნერვზე ზეწოლამ. კარპული გვირაბული სინდრომი, როგორც დაავადება, XIX საუკუნის 80-იან წლებამდე თითქმის უცნობი იყო. კომპიუტერული ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად ეს სინდრომიც გახშირდა. კომპიუტერზე ყოველდღიური ხანგრძლივი ბეჭდვა მისი ერთ-ერთი მიზეზია. პათოლოგია ასევე ხშირად გვხვდება მკერავებს, მუსიკოსებს, მემანქანეებს, მღებავებსა და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს შორის, რომლებსაც მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ხელის მტევნით ერთი და იმავე მოძრაობის შესრულება უხდებათ... გააგრძელეთ კითხვა