უნიკალური ბოსტნეული, რომელსაც „დიაბეტის წამალს“ უწოდებენ - რა არის და როგორ მოვამზადოთ ბამია?
ეს მცენარე შეიძლება ქსელურ სუპერმარკეტებში შეგიმჩნევიათ, სოციალურ ქსელში პერიოდულად ხდება პოპულარული და ყველა მისი სასარგებლო თვისებების შესახებ საუბრობს. ეს არის ბამია - იგივე ბამი, ოკრა - რომელსაც რამდენიმე წლის წინ „დიაბეტის წამალიც“ კი უწოდებს, თუმცა კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით.
ბამიას სამშობლოდ აფრიკა და ინდოეთი ივარაუდება, განსაკუთრებით პოპულარულია სამხრეთ აზიაში, მოჰყავთ საქართველოშიც. ფორმით წიწაკას მოგაგონებთ, თუმცა არც ცხარეა და არც გული აქვს მშრალი, პირიქით - შიგნით ლორწოვანია და თეთრი თესლები აქვს.
რას შეიცავს?
ბამია სასარგებლო მინერალების, ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების ნამდვილ საბადოს წარმოადგენს. შეიცავს K, Ka, Na, C, Mg, Ca, B3, B6, A ვიტამინებს, ასევე რკინას, ფოსფორს და ა. შ.შემცველი ანტიოქსიდანტების გამო მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბამია ამცირებს კიბოს განვითარების რისკს, ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
რისთვის არის სასარგებლო?
დაბალანსებულ კვებას შეუძლია შეამციროს მთელი რიგი დაავადებების განვითარების რისკი, აგვარიდოს სიმსუქნე, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვ. ბამიის ლორწოვანი შიგთავსი გვეხმარება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში.
სასარგებლო შემადგენლობის გამო ბამიას შეუძლია თავიდან აგვარიდოს რამდენიმე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა, როგორიცაა: კიბო, ოსტეოპოროზი, შაქრიანი დიაბეტი... შევჩერდებით ამ უკანასკნელზე.
ბამია, როგორც „დიაბეტის წამალი“?
2011 წელს მეცნიერებმა შაქრიანი დიაბეტის მქონე ვირთხების სამკურნალოდ ბამიის გარსისა და თესლისგან ფხვნილი დაამზადეს. დაახლოებით 1 თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვირთხებში, რომლებსაც ამ ფხვნილს აძლევდნენ, შაქრისა და ქოლესტერინის დონემ დაიწია. მსგავსი კვლევა 2019 წელსაც ჩატარდა, თუმცა, ცხადია, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და კვლევები დღემდე გრძელდება. სანამ მეცნიერები ბამიისგან წამალს დაამზადებენ, მანამდე საკვების სახით შეგვიძლია მივიღოთ.
როგორ მოვამზადოთ?
ეს ბოსტნეული შეგიძლიათ მწვანე ლობიოს რეცეპტებში გამოიყენოთ. მისგან შესანიშნავი მარინადიც მზადდება, უმად კი ნაკლებად ღირს მისი ჭამა.
ბამიას გარედან ბუსუსები აქვს. ჭამისას დისკომფორტი რომ არ შეგექმნათ, სასურველია გამდინარე წყალში კარგად გავრეცხოთ. ყუნწის მხოლოდ მცირე ნაწილი მოაჭერით (ღრმად ნუ ჩახვალთ, თორემ ლორწო გარეთ გადმოვა), ქაღალდის ხელსახოცით შეამშრალეთ, ჯამში გადაიტანეთ, მარილი მოაყარეთ და ცოტა ძმარი დაასხით. ასე გააჩერეთ 1 საათით, შემდეგ ისევ გამდინარე წყალში გარეცხეთ. შეგიძლიათ ბოსტნეულთან ერთად მოთუშოთ. გაგიზიარებთ ერთ-ერთ რეცეპტს.
დაგჭირდებათ:
- ბამია
- ბულგარული წიწაკა
- ხახვი
- ნიორი
- პომიდორი
- ნიახურის ღერო (სურვილისამებრ)
- ოხრახუში
- მარილი და პილპილი
ხახვი, ნიორი, ნიახურის ბოლქვები და რამდენიმე ფერის ბულგარული წიწაკა დაჭერით და ქვაბში ზეთში მოთუშეთ. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი (ან კონსერვი) და ბამია. მსუბუქად ამოურიეთ. ბამია რომ დარბილდება, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი.
თქვენ თუ გაგისინჯავთ ან როგორ ამზადებთ ბამიას?