საჭიროა თუ არა წვნიანი ბავშვის ორგანიზმისთვის და როგორ ჯობს ხილ-ბოსტნეულის მიწოდება - თემურ მიქელაძის განმარტება აქტუალურ თემაზე - Gemrielia.ge

საჭიროა თუ არა წვნიანი ბავშვის ორგანიზმისთვის და როგორ ჯობს ხილ-ბოსტნეულის მიწოდება - თემურ მიქელაძის განმარტება აქტუალურ თემაზე

„იმედის დღის“ ეთერში პედიატრმა თემურ მიქელაძემ ისაუბრა ბავშვთა კვებაში წვნიანის მნიშვნელობაზე. გაინტერესებთ, მითია თუ რეალობა, რომ წვნიანი კუჭ-ნაწლავის პრობლემებს აგვარებს? თემურ მიქელაძე:

- რა არის წვნიანი? თერმულად სწორად დამუშავებული, ან არათერმულად დამუშავებული ბოსტნეული და ადუღებული წყალი, ამას დამატებული ხორცი. ზოგიერთ შემთხვევაში ხორცი შეიძლება არასწორად დამუშავდეს, რამაც მეტეორიზმი წარმოქმნას ბავშვებში.თუ ჩვენ ამ კონკრეტულ ინგრედიენტებს ცალკე მოვამზადებთ, მაგალითად, ბოსტნეულის პიურეს სახით და ამავდროულად, ყურადღებას მივაქცევთ, რომ ბავშვმა დღის განმავლობაში 800 გრამიდან 2 ლიტრამდე წყალი მიიღოს, მაშინ აუცილებელი არაა, წვნიანი მიირთვას, რადგან ამ ყველაფრის მიღებით იგივე შედეგზე გავალთ. ჩვენი მთავარი მიზანია სწორი კვების პროპაგანდა, სწორი კვება კი მოიცავს 50% ბოსტნეულს, 30% ხილს, 20% ხორცს, ცილას, რძეს, რძის პროდუქტებს.

- ვინაიდან ბავშვებში ცოცხალი ბოსტნეულის მირთმევა შედარებით უფრო რთული პროცესია, ამიტომ მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია წვნიანის მიღება...

- გასაგებია, თუმცა, ბოსტნეული თერმულად სწორად უნდა დავამუშაოთ, ცალკე ბოსტნეული შეიძლება 5-7 წუთში მომზადდეს, წვნიანის მომზადებისას კი წყალი შეიძლება 15-20 წუთი ადუღოთ, ამ დროში იქ არსებული ინგრედიენტების ბიოლოგიური ღირებულება პრაქტიკულად იკარგება, არც ვიტამინები რჩება და არც არაფერი, დაგრჩებათ გამომშრალი უჯრედისი და წყალი.

- პარალელი რომ გავავლოთ, იმავე პროცესს გადის კომპოტიც, რომელიც ბევრ ოჯახში ბავშვისთვის სასარგებლო პროდუქტად ითვლებოდა, მაგრამ რეალურად, ხარშვისას ის ხილიც კარგავს სასარგებლო თვისებებს...

- დიახ, ასეა კომპოტის შემთხვევაშიც, ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ხილს და წყალს ცალ-ცალკე, ხილის წვენები ადრეულ ბავშვთა კვებაში საერთოდ ამოღებულიც კია, იმიტომ რომ დაახლოებით 100 მლ ხილის წვენის მომზადებას შესაძლოა ნახევარი კილო ვაშლი დასჭირდეს, ნახევარ კილო ვაშლს კი ვერ მიიღებს ბავშვი და მას შეიძლება მავნე თვისებებიც კი ჰქონდეს.

პანდემიის შემდგომმა პერიოდმა და ეკრანდამოკიდებულებამ გამოიწვია ჭარბი წონა, რისი შემდეგი ეტაპიც არის სიმსუქნე და მეტაბოლური დაავადებები, ანუ XXI საუკუნის ცივილიზაციის დაავადებები, რომლებიც თავის მხრივ მოზრდილებში უკვე იწვევს შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებას, თირკმლის, ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიას და ა.შ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, პანდემიის შემდეგ ჩაატარა კვლევა 5-11 წლამდე ბავშვებში, რამაც აჩვენა, რომ 15-25%-მდე გაიზარდა ჭარბი წონის მაჩვენებელი. ეს არის ყველაზე „ცუდი“ ასაკი ამ მხრივ. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი და სლოგანი უნდა იყოს სწორი კვება წვნიანით ან მის გარეშე... გააგრძელეთ კითხვა