"თავიდან აქაურობა გაუვალ ტყეს ჰგავდა... ვერ იჯერებდნენ, რომ გაველურებულ გარემოს მოვერეოდით" - ტყუპი დების გაშენებული სამოთხე რაჭაში, მამის ნაჩუქარ მიწაზე
ტყუპ დებს კარგი იდეა გაუჩნდათ, ირწმუნეს საკუთარი თავის, ძალების და იდეის განხორციელებას ენერგიულად შეუდგნენ. თამარ და მირანდუხტ დავითულიანები რაჭაში დაიბადნენ. დედაქალაქში განათლების მისაღებად ჩამოვიდნენ. სწავლის დასრულების შემდეგ კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში დიდი გეგმებით დაბრუნდნენ. თამარი არქიტექტორ-დიზაინერია, მისი ტყუპისცალი - სოციოლოგი. მამამ შვილებს წლების წინ სოფელში მიწის გარკვეული ფართობი აჩუქა. სოფელში დაბრუნებული დების მთავარი მიზანი კი ამ ადგილის გაცოცხლება, ათვისება და იქ შესაბამისი გარემოს შექმნა გახდა...
თამარ დავითულიანი:
- სტანდარტულად ასე ხდება, როცა რაჭიდან მიდიხარ, უკან დაბრუნებაზე არ ფიქრობ, რადგანაც გგონია, რომ აქაურობას რაიმე პერსპექტივა არ აქვს. ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა. სურვილი თავიდანვე გვქონდა, დავბრუნებულიყავით - ეს იყო პრიორიტეტი. მიწა (5 ჰექტარი) მამამ გვაჩუქა და სულ ვფიქრობდით, მას რა პერსპექტივა შეიძლებოდა ჰქონოდა. ამ ფართობზე ვენახი და მამის აშენებული ძველი სახლი კარკასულ მდგომარეობაში იყო. ტყეში რომ გაუვალი ადგილებია, ეს ტერიტორია ზუსტად იმას ჰგავდა. როცა ჯერ არანაირი ფინანსური სიმყარე არ გაქვს და არც არავის მხრიდან არანაირი იმედი, რომ საქმეში გვერდით დაგიდგება, რთულია საქმის დაწყება, მაგრამ დავიწყეთ. რაჭა ახალგაზრდებისგან თითქმის დაცლილია და თანდათან იცლება, ამიტომ აქაურებს ჩვენი გადაწყვეტილება უკვირდათ.
თამარ და მირანდუხტ დავითულიანები
- აგროტურისტული ზონის შექმნა გინდოდათ?
- კი, ჩვენი კოტეჯი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აქ ტურისტული წიაღსვლები დაიწყო... მალე მოხდა ჩვენი რეალიზება სოციუმში, გარშემო ყველამ ძალიან აიტაცა. თურმე რაჭაში შესაძლებელი ყოფილა, რომ რაღაც დაიწყო და განავითარო. ისეთი გარემოს შექმნა გვინდოდა, რომელსაც აზრი ექნებოდა და ამ ტერიტორიაზე ამ ყველაფრის არსებობას გაამართლებდა. საქმეში ჩემი მეუღლეც, ვაკო სუხაშვილი დამიდგა, რომელიც ასევე არქიტექტორ-დიზაინერია. ის თბილისელია და აბსოლუტურად ჯანსაღად შეხედა ჩვენს სურვილს, შემოქმედებითი ადამიანია და მანაც დაიჯერა, რომ იდეის განხორციელებას ერთად შევძლებდით.
- გამოდის, პროფესიაც დაგეხმარათ და საკუთარი თავიც გამოცადეთ პროფესიაში...
- დიახ. თავიდან ტერიტორიის გასუფთავება გადავწყვიტეთ, რომ სახლამდე, შენობამდე, რაც აქ იდგა, თავისუფლად მივსულიყავით. ამ დროს ძალიან დიდი ნებისყოფა და სურვილი უნდა გქონდეს, რომ რაღაც გამოგივიდეს. დიდი შრომა დაგვჭირდა, მაგრამ ვირწმუნეთ საკუთარი ძალების. ამის ყურება შორიდან სხვებისთვის სასაცილო იყო, გარშემო მოსახლეობა პერსპექტივას ვერ ხედავდა. ვერ იჯერებდნენ, რომ გაველურებულ გარემოს ჩვენი ძალებით მოვერეოდით. გვეუბნებოდნენ, რაღაცას აზვიადებთ, აქედან რამე როგორ უნდა გამოვიდეს?! მაგრამ სურვილი და მოტივაცია გვქონდა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ გამოგვივიდოდა.
- ძნელია, საქმეს ისე ზუსტად მიჰყვე, როგორც დაგეგმე... წინააღმდეგობები ალბათ იყო...
- დაბრკოლებების გადალახვა და ჩანაფიქრის განხორციელება რეალურად მართლა რთულია. იმის სურვილიც გვქონდა, გვინდოდა, დაგვემტკიცებინა, რომ რაჭაში წამოსვლა, ცხოვრება ყველასთვის ხელმისაწვდომია. თან, ერთმანეთს გვერდში დავუდექით და საქმეც ისე განვითარდა, როგორც გვინდოდა და დავრწმუნდით, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება... გააგრძელეთ კითხვა