„მერე გვიკვირს, რატომ გვეძახიან მეგრელებს აფერისტებს... - ერთი კომიკური ამბავი მეგრულ გასტრონიმიაზე გადაღებული ფილმიდან - Gemrielia.ge

„მერე გვიკვირს, რატომ გვეძახიან მეგრელებს აფერისტებს... - ერთი კომიკური ამბავი მეგრულ გასტრონიმიაზე გადაღებული ფილმიდან

ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ყოველი კუთხე ერთმანეთისგან განსხვავდება უამრავი რამით, მათ შორის გასტრონომიითაც. თითოეულ მხარეს აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიუანსი, რომლითაც ამაყობს და მსოფლიოშიც სახელს ითქვამს. ჩვენი ქვეყნის გასტრონომიული კულტურის შესახებ არაერთი ფილმია გადაღებული და კიდევ ბევრს გადაიღებენ, თუმცა მათშიც იპარება ხოლმე შეცდომები. ზოგი მათგანი უნებლიეა, ზოგის მიზანი კი შეიძლება უბრალოდ თავის მოწონება იყო.

ნათია ჯინჯოლავამ მეგრულ სამზარეულოზე გადაღებულ ფილმში ერთ დეტალს მიაქცია ყურადღება, რომელსაც თქვენც გიზიარებთ:

„მერე გვიკვირს რატომ გვეძახიან მეგრელებს აფერისტებს.

USAID-ის მხარდაჭერით გადაღებულ მართლა არაჩვეულებრივ ფილმებში ქართულ გასტრონომიაზე, სადაც ტრადიციული ქართული სამზარეულო უნდა ვაჩვენოთ, მეგრელი ქალი ხაჭაპურს კეცში ბანანის ფოთოლს უფენს. იმის მაგივრად, რომ რას აკეთებო, ხელებში ეტაკოს, სამეგრელოში გაზრდილი და დაბადებული ქართული გასტრონომიის მკვლევარი და ექსპერტი მთელი სერიოზულობით ეკითხება - ტრადიციულად ბანანის ფოთოლზე ცხვებოდა ხომ მეგრული ხაჭაპურიო? და ის ქალიც, თვალის დაუხამხამებლად უდასტურებს, კი, ტრადიციულად ასე ცხვებოდაო.

ისემც თქვენ რა გითხარით! ღომს ხომ სულ ბაობაბის ხის ჩოგნით ვზელდით!

პირველად ბანანის ხე ბათუმის და სოხუმის ბოტანიკური ბაღების გაშენების მერე ვნახეთ მე-20 საუკუნის დასაწყისში. და ახლა არ მითხრათ, რომ ტრადიციული მეგრული ხაჭაპურის ვითომ ბანანის ფოთოლზე ცხობა რამენაირად ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ნეშო ნაკლებ ეფექტს მოახდენდა.

ზუსტად ასეთი ფილმების და სტატიების გამო დადიან მერე დაბნეული ტურისტები და დაეძებენ კახეთში ბატკანძერის ჩაქაფულს და იმერეთში ფასკუნჯის ჩახოხბილს. ამას წინათ ერთ-ერთი უცნობილესი ქართველი შეფის უცხოურ ინტერვიუში გავიგე, რომ ყველაზე პოპულარული ქართული ფხალი ჭარხლის ფოთლის ყოფილა და ფხალს თურმე უკვე დაძველებულ და დამჭკნარ მწვანილს ვუმატებთ, რომელიც გადასაგდებად გვენანება.

გუშინ დამირეკეს, საუკეთესო ბატის ხარჩო ზუგდიდის რომელ რესტორანში ექნებათო. თურმე ყველა მეგრულ ოჯახში კეთდება კვირაში ერთხელ მაინც გეგონება მართლა საკუთარი და მართლა კარგი ცოტა გვაქვს გასაპიარებლად. ან ტყუილს თუ ვიგონებთ, ცოტა ლოგიკური მაინც მოვიგონოთ, რაშიც ვერ გამოგვიჭერენ,“ - წერს ნათია ჯინჯოლავა.

აქვე გიტოვებთ ვიდეოს. იქნებ, თქვენ სხვა რამეც აღმოაჩინოთ.