როგორ მზადდება და რა ღირს ხვიჩა კვარაცხელიას სახელობის პიცა? - ცნობილმა პიცერიამ Kvaratskhelia 77 შექმნა
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად შეუჩერებელია და როგორც თავის ახალ გუნდ „ნაპოლიში“, ისე, საქართველოს ნაკრებში ყოველ ჯერზე დასამახსოვრებელ თამაშს გვიჩვენებს. სანამ ჩვენ მის ბრწყინვალე გოლებს ვუყურებთ, ედინბურგის ცნობილი პიცერია დროს არ კარგავს და ხვიჩას სახელობის პიცა შექმნა - Kvaratskhelia 77.
Pizzeria 1926 - ასე ჰქვია პიცერიას, რომელიც ედინბურგში მდებარეობს და ნეაპოლიტანური პიცის მრავალგვარი სახეობებით არის ცნობილი. რაც მთავარია, ყველა პიცა უნიკალურია და „ნაპოლის“ წამყვანი და ლეგენდარული ფეხბურთელების სახელს ატარებს, მაგალითად: ლოზანო, დი ლორენცო, ოსიმენი... და რაც მთავარია - ლეგენდარული მარადონა.
ხვიჩას პიცა ტრადიციული ნეაპოლიტანური პიცის ცომით მზადდება, თავზე კი გამოყენებულია: მოცარელა, სატაცური, ცნობილი იტალიური ლორი „Guanciale“ და შებოლილი ბურატა. Kvaratskhelia 77-ს ფასი ამ ცნობილ პიცერიაში 13.95 გირვანქა სტერლინგია და როგორც გამოხმაურებებიდან ჩანს, უკვე საკმაოდ პოპულარულია.
თქვენი აზრით, რომელი ინგრედიენტები შეეფერება ყველაზე მეტად „ხვიჩას პიცას“?