„გვირჩევნია, ნაკლები მოსავალი მივიღოთ, ვიდრე ბევრი და შეწამლული“ - ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორის მცირე ფართობზე გაშენებული ულამაზესი ბაღი
ამ ოჯახის ახლოს გაცნობის შემდეგ, ქართული ანდაზები მახსენდება - "სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია“ და "ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა." დიახ, ამ ამ გონიერმა ხალხმა თბილისში, სულ რაღაც 90 კვადრატ ფართობზე, საოცარი ბაღი გააშენა, სადაც იმდენი მოსავალი მოჰყავთ, რამდენის მოყვანაც 900 კვადრატზეა შესაძლებელი.
პირადად მე საქართველოში ვენახზე გაშვებული ნესვი და საზამთრო არ მინახავს. პირველად მათთან ვნახე. კორპუსის ბინიდან კერძო სახლში გადმოსულმა ახალგაზრდა ოჯახმა ამ მცირე ფართობზე მართლა საოცარ შედეგს მიაღწია. ოჯახის დიასახლისი, თეა სამადაშვილი-ედიშერაშვილი, "პალიტრამედია ჰოლდინგის" თანამშრომელია, ის ჟურნალ "გემრიელიას“ პასუხისმგებელი რედაქტორია.
კულინარიაში შემთხვევით მოხვდა და დღეს უკვე გამოცდილი კულინარი და კონდიტერია. ის ახლა ჩვენი სტუმარია:
- კორპუსში ვცხოვრობდით, პატარ ბინა იყო, ვეღარ ვეტეოდით და საკუთარ სახლში გადმოვედით. საკუთარი ეზოს ფასი არაფერია. თავიდან ყვავილებით დავინტერესდი, რადგან ყვავილები სულ მიყვარდა. ეს სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. თუმცა რომ ვთქვა, ბაღი და მიწის დამუშავება მიზიდავდა-მეთქი, ასე არ ყოფილა. ეს ბესოს, ჩემს მეუღლეს უყვარს და ამ საქმეს ზოგადად ძალიან აქტიურად მიჰყვება.
კახეთში თავისი მეურნეობა აქვს... მოკლედ, კარგა ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ მიწასთან ურთიერთობა შემეყვარებინა. აქ გადმოსვლისთანავე ახალი ხეხილი ჩავყარეთ. საერთოდ, დიდ ყურადღებას ვაქცევ ბავშვების კვებას. ვცდილობ, პროდუქტი ბაზარში გლეხებისგან შევიძინო. ბესომ მოიფიქრა, - მოდი, აქვე დავთესოთ ბოსტნეულიო, მაგრამ ნიადაგი არ ვარგოდა. ამიტომ მთლიანად შევცვალეთ, ამაღლებული კვლები გააკეთა მულჩირებით. მიწა საკმაოდ ამოითხარა, სადაც ტყის მიწა ჩაიყარა, მაგრამ ბაღი მაინც პატარა გამოვიდა.
მოდი, გახეივნებაც გავაკეთოთ და ფართობს მოვიგებთო. ბევრი რამ, რომელმა კულტურამაც ამის საშუალება მოგვცა, ხეივანზე გავუშვით, მათ შორის, ნესვი, საზამთრო... კიტრი კი, ღობეზე. რაც ბავშვებს სჭირდებათ და ბაღში შეიძლება გვქონდეს, ყველაფერი გვაქვს. ზამთარშიც გარკვეული მწვანილი გვაქვს და შესაძენად გასვლა არ გვიწევს.
ისე, ეზოში პანდემიის პერიოდში მეტად გავაქტიურდით. ამ ყველაფერს უფრო მივაქციეთ ყურადღება.
- კვლებში რა პრინციპით გაქვთ ბოსტნეული დათესილი?
- შერეული სახეობები გვაქვს, მაგალითად, სტაფილოსთან უნდა იყოს ოხრახუში. თურმე ისინი ერთმანეთს ეხმარებიან სარეველებთან, მავნებლებთან, მწერებთან ბრძოლაში. მოკლედ, ეს მცენარეები ერთმანეთისთვის სანიტრები არიან. არ ვწამლავთ ქიმიურად, მათ ზრდაში არანაირად არ ვერევით. გვირჩევნია, ნაკლები მოსავალი მივიღოთ, ვიდრე ბევრი და შეწამლული. კარტოფილიც კი მოვიყვანეთ.
- ასეთ მცირე ფართობზე?
- კარტოფილი ნამჯაზე მოვიყვანეთ, ნამჯა სინესტეს უნარჩუნებს. ხშირი მორწყვა არ სჭირდებოდა, არც გამარგვლა და გათოხნა უნდა. ეს ექსპერიმენტი ერთ კვალზე გავაკეთეთ და ძალიან მოგვეწონა, მშვენიერი კარტოფილი მოვიდა. მას მერე პატარა კვალს სულ ვთესავთ, რომ ახალი კარტოფილის სეზონზე ეს პროდუქტი გვქონდეს. წლის მარაგისთვის კი კარტოფილი ბესოს კახეთში მოჰყავს... გააგრძელეთ კითხვა